ახალი ამბები

საჯარო რეესტრი მდინარე ვერეს აეროფოტოგადაღებას იწყებს

9 ივლისი, 2015 • • 1119
საჯარო რეესტრი მდინარე ვერეს აეროფოტოგადაღებას იწყებს

„პროექტი, რომელიც ქვეყნის ერთიან აეროფოტოგადაღებას ითვალისწინებს, იანვარში დავიწყეთ. მიმდინარეობდა მოსამზადებელი და სხვა სახის სამუშაოები, თუმცა სტიქიამ და მას შემდეგ შექმნილმა ვითარებამ ახალი პრიორიტეტები დაგვისახა და გვიკარნახა, რომ ამ ვითარებაზე, ჩვენი ფუნქციის ფარგლებში, მყისიერი რეაგირება მოგვეხდინა“,-აღნიშნავს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე.

 

პაპუნა უგრეხელიძის განმარტებით, მთელი საქართველოს აეროფოტოგადაღება ნორვეგიის მთავრობის თანადაფინანსებით მიმდინარეობს, თუმცა სტიქიის შემდეგ მდინარე ვერეს ხეობის აეროფოტოგადაღებისთვის დამატებითი გრანტი ნორვეგიის მთავრობამ გამოყო.

სააგენტოს განმარტებით, ვერეს ხეობაში უფრო მეტად სპეციფიკური სახის ინფრომაცია იქნება მოპოვებული, ვიდრე აეროფოტოგადაღება ითვალისწინებდა.

 

სააგენტოს ცნობით, სტიქიის ზონის დეტალური და ზუსტი ტოპოგრაფიული მონაცემებით სახელმწიფო უწყებებს საშუალება ექნებათ წინასწარ შეაფასონ გარემო პირობები და ეფექტურად დაგეგმონ ნებისმიერი სამუშაო, ამ სამუშაოსთვის საჭირო ტექნოლოგიები და ხარჯები.

 

ორთოფოტოების შედეგად მიღებული ინფორმაცია უამრავ სფეროს, მათ შორის, ქალაქგეგმარებას, გარემოს დაცვას, ჰიდროლოგიას, გეომორფოლოგიას და სხვა დარგებს გამოადგება.  ამ მონაცემებზე დაყრდნობით მუშაობა კი სამომავლოდ ხელს შეუწყობს ბევრი პრობლემის, მათ შორის, არასათანადო მშენებლობების თუ სხვა პროექტების განხორციელების თავიდან აცილებას.

 

საჯარო რეესტრი აცხადებს, რომ ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ინფორმაციას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ყველა სახელმწიფო უწყებას გადასცემს. აეროგადაღების საფუძველზე საკვლევი ტერიტორიის ციფრული მოდელი შეიქმნება.

 

მიღებული დამუშავებული კარტოგრაფიული მასალის გამოყენებით განახლდება გეოგრაფიული მონაცემები – რელიეფი, ტყის საფარი, გზა, ინფრასტრუქტურული ნაგებობები, კერძო საკუთრების საზღვრები, მდინარის კალაპოტი და სხვა. მოხდება სტიქიის შედეგად გამოწვეული ცვლილებების ვიზუალური და შინაარსობრივი ანალიზი, დედამიწის ზედაპირის მოდელირება და მაღალი სიზუსტის სამგანზომილებიანი მონაცემების შექმნა, აცხადებს სააგენტო.

 

აეროფოტოგადაღება
აეროფოტოგადაღება

კონკრეტული არეალების აეროფოტოგადაღებაც სახელმწიფოს დაკვეთით ამ დრომდე საქართველოში სულ სამჯერ განხორციელდა (2000, 2005 და 2010 წწ.). სამოქმედო გეგმის არარსებობის გამო გადაღება სპონტანურად ხდებოდა. ორთოფოტოგეგმების მნიშვნელოვანი ნაწილი ტექნოლოგიური დარღვევებითაა შექმნილი, რის გამოც ისინი თანამედროვე სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს, აცხადებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.

 

უგრეხელძის თქმით, აეროფოტოგადაღებებს უკრაინული კომპანია Aviation Accounting Centre ახორციელებს, რომლებთან ერთად  საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებიც არიან ჩართული.

 

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ნორვეგიის კარტოგრაფიის ორგანოსთან (STATENS KARTVERK) ერთად მიმდინარე წლის იანვარში პროექტი „რუკები მიწის მდგრადი მართვისთვის – საქართველოს ორთოფოტო“  წამოიწყო.  ის საქართველოს ტერიტორიის 20 სმ-იანი რეზოლუციით აეროგადაღებასა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ორთოფოტოების შექმნა-დამუშავებას ითვალისწინებს.

 

ორთოფოტოებს სააგენტო 1:2000 მასშტაბის რუკების დასამუშავებლად გამოიყენებს. პროექტი, რომლის არეალს საქართველოს მთელი ტერიტორია წარმოადგენს, 2017 წლის ზაფხულამდე გაგრძელდება.  პროექტი 40 ათასი კვადრატული მეტრის ტერიტორიის აეროფოტოგადაღებას მოიცავს.

 

“რუკები მიწის მდგრადი მართვისთვის: საქართველოს ორთოფოტო“  ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი საერთო ღირებულება 1725000 ევროა. აქედან ნორვეგიის მთავრობის გრანტი0 1420000 ევროს, სააგენტოს შენატანი კი 305 000 ევროს შეადგენს, აცხადებს საჯარო რეესტრი.

მასალების გადაბეჭდვის წესი