ახალი ამბები

IDFI: 2014 წელს საზღვარგარეთ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა შემცირდა

24 ივნისი, 2015 • 1199
IDFI: 2014 წელს საზღვარგარეთ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა შემცირდა

როგორც IDFI წერს, 2013 წლამდე, ამ ქვეყნების მონაცემთა საფუძველზე, ყოველწლიურად შეინიშნება დაკავებულთა რაოდენობის მზარდი ტენდენცია: 2013 წელს, 2010 წელთან შედარებით, დაკავებულთა რაოდენობა გასამმაგებულია და შეადგენს საქართველოს 1 178 მოქალაქეს. 2014 წელს ეს მაჩვენებელი 695 მოქალაქემდე შემცირდა.  

 

რაც შეეხება 2015 წელს, პირველი კვარტალის მონაცემებით, დაკავებულია საქართველოს 342 მოქალაქე.

 

რაც შეეხება საზღვარგარეთიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტირების შემთხვევებს, როგორც IDFI წერს, 2010-2014 წლებში ამ 23 ქვეყნიდან და 4 ქალაქიდან სულ დეპორტირებულია 8 610 საქართველოს მოქალაქე. დეპორტირების შემთხვევაშიც, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2013 წელს ფიქსირდება – 2 280 პირი. IFDI–ს ინფორმაციით, 2014 წელს აღნიშნული მაჩვენებელი განახევრებულია, ხოლო 2015 წლის პირველი კვარტალის განმავლობაში სულ დეპორტირებულია 201 საქართველოს მოქალაქე.

 

IDFI–ის განცხადებით, ის ეყრდნობა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას. მათი განცხადებით, სამინისტროს მიმართეს 2015 წლის 25 მარტს, 28 აპრილს კი მიიღეს პასუხი, რომელიც მხოლოდ 23 ქვეყნის და 4 ქალაქის დიპლომატიური წარმომადგენლობის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობოდა.

 

ეს ქვეყნებია არგენტინა, აშშ, ბელარუსი, ბულგარეთი, დანია, ეთიოპია, თურქეთი, თურქმენეთი, იაპონია, კანადა, კორეა, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუსეთის ფედერაცია, სამხრეთ აფრიკა, საფრანგეთი, საუდის არაბეთი, უკრაინა, უნგრეთი, ქუვეითი და ჩინეთი; ქალაქები კი: სალონიკი, ტრაპზონი, განჯა და მაინის ფრანკფურტი.

 

“აღნიშნული სტატისტიკური მონაცემები მოიცავს მხოლოდ იმ ფაქტებს, რომლის შესახებაც ინფორმირებულია ხსენებული დიპლომატიური უწყებები, შესაბამისად, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ როგორც დაკავების, ასევე დეპორტირების მაჩვენებელი მთლიანი მსოფლიოს მასშტაბით გაცილებით მაღალია,”– აცხადებს IDFI.

 

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროდან IDFI–ში გაგაზავნილ წერილშია აღნიშნული, დანარჩენი ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობებიდან და საკონსულო დაწესებულებებიდან მიღებული ინფორმაცია ინსტიტუტს მიეწოდებოდა აღნიშნული უწყებებიდან მიღებისთანავე. IDFI აცხადებს, რომ ინფორმაცია ინსტიტუტს დღემდე არ მიუღია. 

მასალების გადაბეჭდვის წესი