ახალი ამბები

ხადური: კორექტირებული ბიუჯეტი დოლარის მიმდინარე კურსით დავითვალეთ

24 ივნისი, 2015 • • 1286
ხადური: კორექტირებული ბიუჯეტი დოლარის მიმდინარე კურსით დავითვალეთ

“70 მილიონი ლარით შემცირდა ადმინიტრაციული და სხვა ხარჯები და აღნიშნული თანხები გადანაწილდა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. თავისთავად ცხადია, ერთი რეალობა ის არის, რომ ეკონომკური ზრდა ვერ იქნებოდა  და მეორე რეალობა არის გაცვლითი კურსი, რომელიც ჩამოყალიბებულია დღეისათვის”, – განუცხადა რუსთავი 2-ს ნოდარ ხადურმა.

 

მინისტრის თქმით, კორექტირებული ბიუჯეტის დათვლა დოლარის დღეს არსებული კურსით მოხდა.

 

ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, 2015 წლის ბიუჯეტში ცვლილებების განხორციელება გამოწვეულია მსოფლიო ეკონომიკაში არსებული ეკონომიკური და პოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით, რამაც გავლენა იქონია საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე (ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5-დან 2%-მდე დაეცა) და 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიური მოვლენების სალიკვიდაციოდ აუცილებელი დამატებითი თანხების მოძიების გამო.

 

სამინისტროს განმარტებით, ზემოაღნიშნული მიზეზების გათვალისწინებით, ბიუჯეტში დაგეგმილია შემდეგი სახის ცვლილებები:

 

2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილების პროექტით საგადასახადო შემოსავლების გეგმა მცირდება 200 მლნ ლარით, თუმცა იზრდება სხვა წყაროებიდან მიღებული სახსრები:

  • დონორებთან გაწეული მოლაპარაკებების შედეგად საბიუჯეტო დახმარების სახით მიღებული გრანტები იზრდება 40,0 მლნ ლარით, ხოლო კრედიტები იზრდება 184,0 მლნ ლარით, სულ დამატებით მივიღებთ 224,0 მლნ ლარს;
  • მობილური ოპერატორების მიერ მეოთხე თაობის ლიცენზიის შეძენისათვის გადახდილი სახსრებით დამატებით მობილიზებული იქნება 150,0 მლნ ლარი;
  • სხვა შემოსავლები იზრდება 20,0 მლნ ლარით;
  • სახაზინო ვალდებულებების (შიდა ვალი) აღება მცირდება 100,0 მლნ ლარით;
  • ასევე, საბიუჯეტო დეფიციტის დაბალ ნიშნულზე შენარჩუნების მიზნით, კონკრეტული პროექტების დასაფინანსებლად გამოყოფილი რესურსი მცირდება 67,0 მლნ ლარით;

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ბიუჯეტის შემოსულობებ, არსებულ გეგმასთან შედარებით გაიზრდება დაახლოებით 27,0 მლნ ლარით, განმარტავს სამინისტრო.

 

რაც შეეხება გადასახდელების ნაწილს, 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონში განსახორციელებელი ცვილებები გულისხმობს მხარჯავი დაწესებულების ასიგნებების შემცირებას 140 მლნ ლარამდე, მათ შორის საბიუჯეტო სახსრების ფარგლებში სამინისტროების ასიგნებები მცირდება დაახლოებით 70 მლნ ლარით, ხოლო დონორების დაფინანსებული პროექტების ნაწილში ასევე 70 მლნ ლარამდე.

 

სამინისტროს ცნობით, საბიუჯეტო სახსრების ნაწილში მცირდება:

  • საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ასიგნებები – 10,0 მლნ ლარი;
  • საქართველოს თავდაცვის სამინისტრო – 5,0 მლნ ლარი;
  • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტოს ასიგნებები – 12,0 მლნ ლარით (ეს არის მათი ბიუჯეტის მხოლოდ 1.5%, განათლების სამინისტროს მიერ დაგეგმილი არც ერთი პროექტი არ შეჩერდება, შემცირება ხდება მხოლოდ მოსალოდნელი ეკონომიების ხარჯზე);
  • საქართველოს პარლამენტი – 6,0 მლნ ლარით;
  • საქართველოს ფინანსთა სამინისტრო – 7,0 მლნ ლარით;
  • სოფლის მეურნეობის სამინისტრო – 8,0 მლნ ლარით;
  • სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს – 3.5 მლნ ლარით;
  • გარემოს დაცვის სამინისტრო – 2,0 მლნ ლარით;
  • სხვა დანარჩენი მხარჯავი დაწესებულებები ჯამში დაახლოებით 17,0 მლნ ლარით;


დონორების დაფინანსებული პროექტების ნაწილში მცირდება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინსიტროს და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ასიგნებები.

 

მხარჯავი დაწესებულებების ასიგნებებში გამოთავისუფლებული რესურსი მიიმართება ბიუჯეტით გათვალისწინებულ ფონდებში (85, 0 მლნ ლარი), რათა მოხდეს გამოთავისუფლებული რესურსით სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება, იუწყება ფინანასთა სამინისტრო.

 

ასევე იზრდება საგარეო ვალის მომსახურებისა და დაფარვისათვის გათვალისწინებული ასიგნებები (53,0 მლნ ლარი).


ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ შემოსულობები იქნება 27,0 მლნ ლარით მეტი, აღნიშნული თანხა დამატებით დაგროვდება ბიუჯეტის ანგარიშზე და 300,0 მლნ ლარის ნაცვლად დავაგროვებთ 327,0 მლნ ლარს, ამბობს სამინისტრო.

მასალების გადაბეჭდვის წესი