ახალი ამბები

განმარტებები მდინარე ვერეში ფეკალური წყლების ჩადინების შესახებ

23 ივნისი, 2015 • • 981
განმარტებები მდინარე ვერეში ფეკალური წყლების ჩადინების შესახებ

“ჩვენ ვიცოდით თუ არ ვიცოდით, ვამბობთ, რომ ვიცოდით, ეს რისკფაქტორს და ქცევის პროტოკოლს არ ცვლის ეპიდსაშიშროების შემთხვევაში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სასმელ წყლად არ გამოიყენება ვერეს წყალი და მაშველები შიგნით შესვლის დროს ისედაც მაღალი იყო კანის დაზიანების შემთხვევაში ინფექციების რისკი და სწორედ ამიტომ მიმართავდნენ სამედიცინო დახმარებას”, – განუცხადა “რუსთავი 2”-ს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.

 

13-14 ივნისის სტიქიის შემდეგ “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” კუთვნილი საკანალიზაიო მილი წყნეთის ქუჩის მიმდებარედ დაზიანდა და კომპანიამ ფეკალური წყლები მდინარე ვერეში ჩაუშვა.

 

“კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ვერეს ხეობაში წყნეთის ქუჩასთან არსებულ საკანალიზაციო ქსელთან დაკავშირებით ახალი საინჟინრო-ტექნიკური გადაწყვეტილება მიიღო, რადგან შესაბამისი სამსახურების ინფორმაციით, გზისა და განახლებული საკანალიზაციო ქსელის აღდგენას დაახლოებით 30 დღე დასჭირდება. ამ პერიოდის მანძილზე კომპანია დროებით ადგილობრივ მინი-გამწმენდ ნაგებობას მოაწყობს, რომლის მეშვეობითა, მდ. ვერეში დაბინძურებული წყლების ჩადინება აღიკვეთება. საკანალიზაციო კოლექტორი პირვანდელი სახით საგზაო და გაწმენდითი სამუშაოების დასრულების შემდეგ აღდგება”, – აცხადებს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი”.

 

gwp
gwp

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ ისინი ინფორმირებული იყვნენ იმის შესახებ, რომ  ფეკალური მასები მდინარე ვერეში ჩაედინებოდა. “ნეტგაზეთი” დაუკავშირდა მერიას, თუ რატომ არ გააფრთხილეს მოხალისეები, რომლებიც მდინარეში ჩავიდნენ გაწმენდითი სამუშაოების დროს. მერიამ ამ კითხვაზე პასუხისთვის “ჯორჯიან ვოთერ ენდ პაუერში” გადაგვამისამართა.

 

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ამბობს, რომ საკანალიზაციო წყლების ჩადინება არ ხდება იმ ტერიტორიის სიახლოვეს, სადაც მოხალისეები მუშაობენ.

 

“დღეის მდგომარეობით, ძირითადი მიმართულებები აღმოფხვრილია, თუმცა დარჩენილია რამდენიმე მიმართულება, სადაც ტექნიკურად მიდგომა სჭირდება კომპანიას. “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან” ჩვენ გვაქვს ყოველდღიური ურთიერთობა ამ საკითხზე, ეს არის მათი ვალდებულება და ვიმედოვნებთ, რომ თავის ვალდებულებას ძალიან სწრაფად შეასრულებენ”, – განუცხადა “რუსთავი 2”-ს მერის მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მერის მოადგილის თქმით, მათ არ აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, სტიქიამდე ჩაიდინებოდა თუ არა მდინარე ვერეში ფეკალური წყლები.

 

“ნეტგაზეთის” მიერ 2010 წლის მარტში მომზადებული სტატიის მიხედვით, მდინარე ვერეში ჩაეიდინებოდა ფეკალური წყლები. ასეთი 120 წერტილი დაითვალეს კომპანია “გამას” მიერ მომზადებული გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტის ავტორებმა.

 

ამ პერიოდში თამარაშვილის გამზირისა და გმირთა მოედნის დამაკავშირებელი მაგისტრალის მშენებლობა მიმდინაროებდა. მერიის განმარტებით, მაგსტრალის აშენების შემდეგ უნდა აშენებულიყო კოლექტორი, რომელსაც ეს საკანალიზაციო მილები მიუერთდებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი