ეკონომიკა

თბილისის სტიქიის შემდეგ სასტუმროებს და ჰოსტელებს ვიზიტორები შეუმცირდათ

22 ივნისი, 2015 • • 1417
თბილისის სტიქიის შემდეგ სასტუმროებს და ჰოსტელებს ვიზიტორები შეუმცირდათ

 

მარინა მაისურაძე სოლოლაკში მდებარე სასტუმრო “დავით სულთანის” მმართველია. ის “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ თბილისის სტიქიის შემდეგ 17 ივნისიდან სასტუმროს 20%-ია დატვირთული:

 

“ბევრი ადამიანი გვირეკავს და გვეუბნება, გვინდა ჩამოსვლა და დაიჭირეს თუ არა ყველა ცხოველი. თბილისის სტიქიის შემდეგ ზარალი მივიღეთ. გაგვიუქმდა 28 ჯავშანი და 50-მა სტუმარმა უარი თქვა ჩამოსვლაზე. იმედი გვაქვს, მდგომარეობა შეიცვლება. ფინანსურმა დანაკარგმა ჯავშნის გაუქმების შედეგად 3 ათას აშშ დოლარს მიაღწია. საერთოდ, თბილისის სტიქიამ ტურიზმის სექტორზე იმოქმედა.”


“ყველაზე კარგი გაყიდვების მიხედვით მაისი იყო” – ამბობს “ნეტგაზეთთან” “გალერი ჰოსტელის” მფლობელი თორნიკე გურული: 

 

“ტურისტების რაოდენობა შარშანდელთან შედარებით მკვეთრად არ შეცვლილა. მიმდინარე წელს გაყიდვების კუთხით ყველაზე კარგი მაისის თვე იყო. ივნისში ტურისტების რაოდენობა ჩვენს ჰოსტელში მაისთან შედარებით შემცირდა. ეს ფაქტი იმასთანაცაა დაკავშირებული, რომ მაისში მეზობელ ქვეყნებში სამაისო დღესასწაულებია და რამდენიმე დღე დასვენების დღედაა გამოცხადებული.”

 

თირნიკე გურული ამბობს, რომ რამდენიმე ტურისტმა გააუქმა ჯავშანი ჰოსტელის ელექტრონულ არხებში:

 

“რეალური მიზეზი, თუ რის გამო გააუქმეს ჯავშანი, ჩვენთვის უცნობია. გალერეა ჰოსტელი უკვე 2 წელია ბაზარზეა და დაბალ და საშუალობიუჯეტიან მომხმარებელს რამდენიმე კატეგორიის სასტუმრო ოთახებს სთავაზობს. ერთი ადამიანის ღამის გათევის ფასი 25 ლარიდან იწყება. ჩვენ ასევე ვფლობთ ტურისტულ სააგენტო გალერეა თრეველს და მომხმარებელს როგორც შიდა, ასევე გარე ტურებს ვთავაზობთ. სტიქიის დროს თბილისში არსებული ტურისტები ინტენსიურად გვსტუმრობდნენ და სურვილს გამოთქვამდნენ ქალაქგარეთ გამგზავრებაზე. ძირითადი ნაწილი სტენფანწმინდა-ყაზბეგისა და ბათუმის მიმართულებით ითხოვდა ტურებს.” 

 

“თბილსის სტიქიის შემდეგ ჯავშნის გაუქმება არ მოხდარა, თუმცა თბილისში ამ ამბის შემდეგ ძალიან ცოტა ხალხი ჩამოვიდა”-  ამბობს კოხოძე ბელა, რომელიც თბილისში  “ფოქს ჰოსტელს” ფლობს.


“4 ოთახი გვაქცს და 23 სტუმარზეა გათვლი. ახლა დატვირთვა 20%-ია.”

 

100%-ით გაუუქმდა ჯავშანი  ჰოსტელ “თბილისი ჰაუსს”. მენეჯერი ამბობს, რომ ჰოსტელი ამ დროისთვის ცარიელია:

 

“ახალი შეკვეთები არ მიგვიღია. ვფიქრობთ, თვის ბოლომდე ასე გაგრძელდება.”

 

სტიქიამდე მიღებული შეკვეთების შენარჩუნება მოახერხა ჰოსტელი “ბუმბულის” მარკეტინგის მენეჯერმა ამირან ჩიღოშვილმა:

 

“იყო იმის საშიშროება, რომ ჰოსტელში ჯავშანი გაუქმებულიყო. მაგრამ გვქონდა აქტიური მიმოწერა მათთან, ვინც “ბუმბულში” ადგილები დაჯავშნა და ვუხსნიდით, რომ სტიქია თბილისში ერთ კონკრეტულ ადგილზე, სხვა უბანში მოხდა. 80 ადამინს მივწერე და აქედან გამომდინარე არც ერთმა არ გაუქმა ჯავშანი.”

 

ამირან ჩიღოშვილ “ნეტგაზეთთან” ამბობს, რომ იყო ორი შემთხვევა, როცა ბიზნეს-შეხვედრა ჰქონდათ სტუმრებს და თბილისის სტიქიის გამო შეხვედრა გადაედოთ და ვერ ჩამოვიდნენ:

 

“სამმა სტუმარმა გადადო თავისი ვიზიტი. რაზეც თბილსის სტიქიამ იქონია გავლენა.”

 

13-14 ივნისის სტიქიის შედეგად გარდაცვლილია 19 ადამიანი, საიდანაც 18 უკვე იდენტიფიცირებულია. 3 ადამიანი დაკარგულად ითვლება.  ოფიციალური ინფორმაციით, სტიქიის შედეგად მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა, ჯამში, 100 მილიონ ლარს აჭარბებს.

 

 

 

 

  

მასალების გადაბეჭდვის წესი