ახალი ამბები

ვის სჭირდება ოდეერი

22 ივნისი, 2015 • • 2978
ვის სჭირდება ოდეერი

თანამშრომელი, რომელთან ერთადაც წლებია მუშაობთ, მეგობრობთ და დროთა განმავლობაში გარკვეული ტიპის პერსონალურ ინფორმაციას უზიარებთ: უყვებით თქვენი პოლიტიკური შეხედულებებისა და სიმპათია/ანტიპათიების შესახებ, შესაძლოა ე.წ. ოდეერი იყოს და თქვენ ამის შესახებ არაფერი იცოდეთ. ყოველ შემთხვევაში ამას არ გამორიცხავს კანონი. მთავარია, უსაფრთხოების სამსახურებმა ის დაწესებულება, სადაც თქვენ მუშაობთ, “სტრატეგიული დანიშნულების ან სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის მაღალი რისკის მქონედ” შეაფასონ.

 

უშიშროების საკითხებში ოფიცრები ანუ იგივე ოდეერები (ОДР – офицер действующего резерва) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები არიან, რომლებიც სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში არიან მივლენილი სახელმწიფო უსაფრთხოების დასაცავად. ანონიმურობის მიზნით, ისინი სხვადასხვა თანამდებობაზე არიან გაფორმებული, ხშირად მრჩევლის პოზიციაზე და მათი რეალური მისია გასაიდუმლოებულია.


ოდეერი
ოდეერი

 

ოდეერის ინსტიტუტი საქართველოში მოყოლებული საბჭოთა კავშირიდან არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ უსაფრთხოების სამსახურებს ინფორმაციის მოძიების არაერთი ბერკეტი აქვთ, ფარული საგამოძიებო მოქმედებები, ფარული აგენტები და ასე შემდეგ, “ოდეერზე” უარი არც შევარდნაძის, არც სააკაშვილის და არც “ქართული ოცნების” ხელისუფლებას არ უთქვამს. ხელისუფლება შსს-ს რეფორმის ფარგლებშიც ცდილობს ინსტიტუტის შენარჩუნებას. მას შემდეგ, რაც შსს პოლიციის და უსაფრთხოების სამსახურებად ორად გაიყოფა, კანონპროექტის მიხედვით ამ უკანასკნელს კვლავ ექნება საშუალება, რომ საჭიროების შემთხვევაში, “თავისი ამოცანების შესასრულებლად სახელმწიფო სტრატეგიული დანიშნულების და სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის მაღალი რისკის მქონე სახელმწიფო ორგანოებსა და დაწესებულებებში, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს სახელმწიფო წარმომადგენლობებში დანიშნოს ოფიცერი უშიშროების საკითხებში”.

 

“ოდეერები” და შენიშვნები

 

ამ საკითხთან დაკავშირებით მთელი რიგი შენიშვნები აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და პარლამენტის წევრებს. მაგალითად, კანონპროექტი არ აზუსტებს დროით ლიმიტებს ოფიცრების დანიშვნასთან დაკავშირებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ოდეერი ამა თუ იმ უწყებაში მუდმივად შეიძლება მუშაობდეს, ასევე ბუნდოვანებას იწვევს ჩანაწერი: “სახელმწიფო სტრატეგიული დანიშნულების და სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის მაღალი რისკის მქონე სახელმწიფო ორგანოები და დაწესებულებები”, რადგან მას კონკრეტული ინდიკატორი არ ესადაგება და უსაფრთხოების სამსახურს სუბიექტივიზმისთვის დიდ არეალს უტოვებს. ამასთან, არც უსაფრთხოების შესახებ ეს კონკრეტული კანონპროექტი და არც ზოგადად საქართველოს კანონმდებლობა არ განსაზღვრავს, თუ რას ნიშნავს, მაგალითად, დაწესებულება. ჩანაწერში ისიც არ არის ნათელი, მსაზღვრელი “სახელმწიფო” ორგანოებსა და დაწესებულებებს თანაბრად ესადაგება თუ მხოლოდ ორგანოებს. ამ უკანასკნელის შემთხვევაში გამოდის, რომ ოდეერები კანონიერი საფუძველბით შეიძლება კერძო დაწესებულებებშიც მოხვდნენ.

 

დეპუტატ თამარ კორძაიას შეკითხვას, შესაძლოა თუ არა, რომ, მაგალითად, კომპანია, რომელიც ქალაქს პირობითად წყლით ამარაგებს, განხილულ იქნას, როგორც სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტი იმ არგუმენტიდან გამომდინარე, რომ მისი მეშვეობით მოსახლეობის მოწამვლისა და დივერსიის ცდუნება შესაძლოა ვინმეს გაუჩნდეს, შსს-ს ადმინისტრაციის იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა და ზემოხსენებული კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა ზვიად ოქროპირიძემ პირდაპირ არ უპასუხა. თუმცა მედიაში მანამდე უკვე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შსს-ს ოდეერი, მაგალითად, საზოგადოებრივ მაუწყებელში მუშაობდა… საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს [TI] ცნობით კი, ერთ-ერთი ასეთი თანამშრომელი რუსთავი 2-ის დაცვის სამსახურშიც მუშაობდა თავის დროზე. გარდა ამისა, იგივე TI-მ განაცხადა, რომ “ოდეერებს” კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში, მერიაში, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში, პროკურატურაში მიაკვლია, IDFI-მ კი კულტურის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებში მომუშავე შესაძლო “ოდეერების” შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.

 

ზვიად ოქროპირიძე ბათუმელებთან ინტერვიუში ამბობს, რომ უსაფრთხოების ოფიცრების მივლინების შენარჩუნების პრაქტიკა შსს-სთვის პრინციპული მნიშვნელობისაა. იგი ე.წ. ოდეერების ფუნქციას ასე განმარტავს:

 

“[მათ ფუნქციები] ეს არის სახელმწიფოს უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაციის ურთიერთგაცვლა, რეკომენდაციების შემუშავება… ძირითადად სახელწმიფო საიდუმლოების რეჟიმის დაცვის კუთხით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება. ანუ რამდენად არის დაცული ის პირობები, რასაც კანონმდბელობა ადგენს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის კუთხით, არის თუ არა სეიფში შენახული სახელწმიფო საიდუმლო ინფორმაცია, როგორ ხდება მისი მიმოცვლა…”, – ამბობს ოქროპირიძე.

 

საიდუმლო ინფორმაციის დაცვის არგუმენტი მისაღები არ არის TI-ს იურისტ ლიკა საჯაიასთვის, რომელიც ამბობს, რომ კანონით საიდუმლო ინფორმაციის დაცვაზე პასუხისმგებელი ის უწყებაა, რომელშიც ეს მასალები ინახება და არა უსაფრთხოების ოფიცერი.

 

შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტი ყოფილი ხელმძღვანელის შოთა უტიაშვილის თქმით კი, საიდუმლო ინფორმაციის გაცვლაზე პასუხისმგებელი ოფიცრის ინსტიტუტი ბევრ დემოკრატიულ ქვეყანაში არსებობს, თუმცა იქ მას მეკავშირე ოფიცერი ჰქვია და არა ანონიმური აგენტები, არამედ “ფორმიანი პოლიციელები” არიან, რომელთა ფუნქციის შესახებ სხვა თანამშრომლებსაც აქვთ ინფორმაცია. იგი აღიარებს, რომ “ოდეერების პრაქტიკა” მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც არ იყო სწორი და აცხადებს, რომ ეს აუცილებლად უნდა დასრულდეს. უტიაშვილის განცხადებით, მეკავშირე ოფიცრის ინსტიტუტი, რომელიც უწყებებს შორის საიდუმლო ინფორმაციის სწრაფად და ეფექტურად გაცვლაზე იქნება პასუხისმგებელი, საქართველოში სულ მაქსიმუმ 5 უწყებაშია საჭირო და არა ყველა დაწესებულებაში.

 

“მაგალითად, საჭიროა საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც შევიდა ვიზაზე მოთხოვნა და სწრაფადაა გადასამოწმებელი, მისი მომთხოვნი ხომ არ არის ტერორისტთა ბაზაში მყოფი პირი”.

 

ამ დროისთვის უცნობია, თუ რამდენი უსაფრთხოების ოფიცერი ჰყავს შსს-ს სულ მივლენილი და რომელ დაწესებულებებში. ზვიად ოქროპირიძემ ბათუმელებს უთხრა, რომ ეს ინფორმაცია ოფიცრების ინსტრუქციებთან ერთად საიდუმლოა. მისი თქმით, მივლენილი უსაფრთხოების ოფიცრები მხოლოდ ერთ უწყებაში იღებენ ხელფასს – შსს-ში.

 

“არა მარტო ის არის პრობლემური, რომ უწყებები არ ვიცით, არამედ პრობლემურია ისიც, რომ არ ვიცით რა მიზანი აქვს უშიშროების ოფიცრების ჩანერგვას”, – ამბობს  არასამთავრობო ორგანიზაცია EMC-ის იურისტი სოფო ვერძეული. “ასეთი ფორმულირების პირობებში შეიძლება ისინი გამოყენებული იყოს საჯარო და არასაჯარო უწყებებში საზოგადოებრივი განწყობების, ვითარების კონტროლისა და ზედამხედველობის მიზნით. შესაბამისად, ის მმართველი პოლიტიკური გუნდის დასყარდენი შეიძლება იყოს თითოეულ დაწესებულებაში”, – ამბობს ვერძეული.

 

უსაფრთხოების ოფიცრების ზემოხსენებული მიზნებისთვის გამოყენების შესაძლებლობას ზვიად ოქროპირიძე გამორიცხავს, თუმცა იგი ვერ აკონკრეტებს ჩანაწერს კანონპროექტში, რომელიც უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლის მხრიდან ადამიანების პოლიტიკური შეხედულებების შესახებ ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებას შეუშლიდა ხელს:

 

“ მათი ფუნქცია არ არის ადამიანების შეხედუელბების საფუძველზე დაჯგუფება და გამოვლენა, თუ ვინ, რას ფიქრობს… ეს მათი ფუნქცია არ არის”, – ამბობს ოქროპირიძე.

 

ლიკა საჯაია და სოფო ვერძეული დღევანდელი ფორმით არსებული ზემოხსენებული ინსტუტის გაუქმებას ითხოვენ. ვერძეულის აზრით, შემოთავაზებულ საკნაონმდებლო ინიციატივაში გარკვეული ბუნდოვანება განზრახაა ჩადებული: “რათა შემდეგ თავისუფლება და ნორმებს შორის ლავირება უფრო მეტად იყოს შესაძლებელი [უსაფრთხოების სამსახურის მიერ]”.

 

ზვიად ოქროპირიძის მტკიცებით, ინსტიტუტის რეფორმირება მათაც სურთ. მისივე თქმით, საპარლამენტო მოსმენების პერიოდში ეცდებიან, რომ მაქსიმლაურად დახვეწონ კრიტერიუმები, თუ რომელ უწყებაში შეიძლება ოფიცრის მივლინება, ხოლო თუ რეფორმირება ამ ეტაპზე ვერ მოხერხდება, ამის გაკეთება უსაფრთხოების ახალი სამსახურის უფროსს მოუწევს, რომელიც პოსტზე თავისი პროგრამით მოვა.

 

ვინ დაუჭერს მხარს ოდეერის ინსტიტუტის შენარჩუნებას?

 

თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი ჩიქოვანის თქმით, მათ მყარად აქვთ ჩამოყალიბებული ხედვა, რომ “ოდეერის ინსტიტუტი” მანკიერი საბჭოთა გადმონაშთია, რომელიც აუცილებლად უნდა გაუქმდეს, ამიტომ მის შენარჩუნებას მხარს არ დაუჭერენ.

 

ენმ-ს აღმასრულებელი მდივნის მოვალეობის შემსრულებლის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ინსტიტუტის გაუქმებას მისი პარტიაც ითხოვს:

 

“სამწუხაროდ, ძალიან ბევრი საბჭოთა ან შევარდნაძის დროინდელი მანკიერი რამ გადმოყვა სისტემას და ჩვენი პოლიტიკური შეცდომა იყო, რომ ამას სათანადო ყურადღება არ მივაქციეთ. ეს პრობლემად დარჩა არა მარტო ჩვენი ხელისუფლების დროს, არამედ ამ მთავრობის პირობებშიც. თუ ჩვენ საბჭოთა პრაქტიკისგან გათავისუფლება გვსურს, აუცილებელია, რომ რაღაც ეტაპზე ეს გაუქმდეს”, – ამბობს ჭიაბერაშვილი.

 

ოპოზიციისაგან განსხვავებით, საკითხზე ჯერ ჩამოყალიბებული არ არიან მმართველ გუნდში, “ქართული ოცნების” ფრაქციის ერთ-ერთმა ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ გვითხრა, რომ ჯერ ფრაქციის დონეზე ეს საკითხი არ განხილულა და ამიტომ პოზიციას ვერ დააფიქსირებს. იგივე განგვიცხადა ზვიად ძიძიგურმა კონსერვატორებიდან. ანი მიროტაძე ეროვნული ფორუმიდან ამბობს, რომ ზოგადად “ოდეერის არადემოკრატიული ინსტიტუტი” მისთვის ცალსახად მიუღებელია, თუმცა დაელოდება იმას, თუ რა ცვლილებებს შესთავაზებს შსს დეპუტატებს. რესპუბლიკელი თამარ კორძაია კი ფიქრობს, რომ კანონპროექტიდან შესაბამისი დებულება უნდა ამოიღონ:

 

“თუმცა, თუ შემდგომი მუშაობის დროს შსს წარმოადგენს შეცვლილ ვერსიას, რომლითაც ძალიან ნათელი და მკაფიო იქნება, რატომ სჭირდებათ მსგავსი ინსტიტუტის არსებობა, ნათელი იქნება რომელ დაწესებულებაშია შესაძლებელი და რა ვადით [ოფიცრის წარგზავნა]… უვადოდ [მივლინება] ნებისმიერ შემთხვევაში მიუღებელია, შემდგომ ვიმსჯელებთ”, – აცხადებს კორძაია.

მასალების გადაბეჭდვის წესი