ახალი ამბები

სიჭინავა: biletebi.ge ტექნიკურად მზად არ აღმოჩნდა, რომ ამდენი ხალხი შევიდოდა საიტზე

22 ივნისი, 2015 • • 959
სიჭინავა: biletebi.ge ტექნიკურად მზად არ აღმოჩნდა, რომ ამდენი ხალხი შევიდოდა საიტზე

“ჩვენ გუშინ გვქონდა საბოლოო შეხვედრა და მათმა წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ყველანაირი ხარვეზის და პრობლემის პასუხისმგებელი არის biletebi.ge. გუშინ მოგვცეს გარანტიები, რომ არანაირი პრობლემა არ იქნება, რომ ტესტი უკვე ჩატარებულია.

 

ტესტი გათვლილი იყო 2500 მყიდველზე წუთში. საწმუხაროდ, დღეს მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ საიტზე შევიდა 10 ათასი კაცი წუთში, ეს იყო 09:05 საათზე. რა თქმა უნდა, გაუჭირდათ. არა მარტო ჩვენ, არამედ უეფასაც ხაზზე გვყავს ეს კომპანია და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ეს ხარვეზები გაასწორონ და ნორმალური გაყიდვები დაიწყონ”, – განაცხადა დღევანდელ საგანგებო ბრიფინგზე ზვიად სიჭინავამ.

 

შეკითხვაზე – დღეს აღდგება თუ არა ბილეთების გაყიდვა საიტზე, სიჭინავა კონკრეტულ პასუხს ვერ სცემს: “კონტრაქტით ვალდებულები არიან, რომ დღეს გაყიდონ ბილეთები. ბილეთების გაყიდვა უნდა დაწყებულიყო 9-ზე, მაგათ ყველაფერი გააკეთეს, მაგრამ როგორც ახლა ვხვდებით, გარანტიებს კი გვაძლევდნენ, მაგრამ ტექნიკურად მზად არ ყოფილან იმისთვის, რომ ამ რაოდენობის ხალხი შემოვიდოდა საიტზე”.

 

biletebi.ge-მ დღეს განაცხადა, “საიტზე მიმდინარეობს შეტევა. ვმუშაობთ გასანეიტრალებლად. ბილეთები ამჟამად არ იყიდება”. კითხვაზე, არის თუ არა საიტის გათიშვის მიზეზი ჰაკერული შეტევა თუ გადატვირთვა მომხმარებლების მაღალი მიმართვიანობის გამო? – ზვიად სიჭინავა პასუხობს: ორივე – ჰაკერული შეტევაც და სერვერის გადატვირთვაც.

 

რამდენიმე წუთის წინ biletebi.ge-მ ფეისბუკის გვერდზე დაწერა: “სერვერი ცოტა ხნით გაითიშება, მიმდინარეობს აპარატურის გადაწყობა…”

 

ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ (UEFA) რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ბილეთების გაყიდვა 22 ივნისს, დილის 9 საათიდან დაიწყებოდა ონლაინ.

 

უეფას სუპერთასის მატჩი “ბარსელონასა” და “სევილიას” შორის “დინამო არენაზე” 11 აგვისტოს გაიმართება. უეფას ჩემპიონთა ლიგის და ევროპის ლიგის გამარჯვებულ გუნდებს შორის შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

მასალების გადაბეჭდვის წესი