ახალი ამბები

სურსათის უვნებლობის სააგენტომ სტიქიის ზონების დეზინფექცია დაიწყო

21 ივნისი, 2015 • • 1286
სურსათის უვნებლობის სააგენტომ სტიქიის ზონების დეზინფექცია დაიწყო

 

სააგენტოს ცნობით, ტერიტორიის ე.წ. თერმული ნისლით დამუშავება სპეციალური სამანქანო დანადგარებითა და მექანიკური ზურგსაკიდი აპარატების მეშვეობით ხორციელდება. მანქანით მიუდგომელი ადგილები ზურგსაკიდი „სოლოს“ ტიპის აგრეგატით დამუშავდება.

 

“აღნიშნული ღონისძიება პრევენციულ ხასიათს ატარებს და სტიქიის შემდეგ ინფექციის შესაძლო გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ტარდება”, – აცხადებს სააენტო.

 

სადეზინფექციოდ გამოიყენება კორსოლინის ხსნარი, რომლითაც მუშავდება სვანიძის ქუჩის, ზოოპარკის, მზიურისა და ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიები.

 

სპეციალისტების განმარტებით, კორსოლინი აბსოლუტურად უსაფრთხოა როგორც ადამიანების ჯანმრთელობისთვის, ასევე გარემოსთვის. ის ფართოდ გამოიყენება მსოფლიოში სხვადასხვა დანიშნულებით, მათ შორის სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების დროს.

 

სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარების მიერ ბიოუსაფრთხოების რისკის შემცირების მიზნით, ზოოპარკის შესასვლელთან სადეზინფექციო ბარიერი მოეწყო. სააგენტოს სპეციალისტები ზედამხედველობას ახორციელებენ სტიქიის შედეგად დახოცილი ცხოველების ლეშისა და გაფუჭებული ხორცპროდუქტების განადგურებაზე.

 

21 ივნისის მდგომარეობით, სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების ზედამხედველობით დამარხული და განადგურებულია 78 ცხოველის ლეში. სააგენტოს სპეციალისტების ზედამხედველობით ვაკის ხორცპროდუქტების საწარმოდან გატანილია და თბილისის მყარი ნარჩენების პოლიგონზე განადგურებულია 41 ტონამდე მავნებლად მიჩნეული მზა სურსათი და ნედლეული.

 

სააგენტოს ცნობით, გასული ღამის განმავლობაში, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში აქტიურად იყო ჩართული “საქართველოს მელიორაციის” 12 ერთეული სპეცტექნიკა (10 თვითმცლელი, 2 ექსკავატორი) და კომპანიის 20-მდე თანამშრომელი. ტერიოტრიიდან 1090 მ3-მდე ნატანი მასის გატანა განხორციელდა.

 

სტიქიის შემდეგ, უკანასკნელი 7 დღის განმავლობაში, დაახლოებით 25 ერთეული მძიმე ტექნიკა და 40-ზე მეტი თანაშრომელი 24-საათიან რეჟიმში სხვადასხვა ადგილას მუშაობენ. გაწმენდითი სამუშაოების დაწყებიდან ჯამურად გატანილია 13 000 მ3-მდე ნატანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი