ახალი ამბები

მარგველაშვილი: რუსეთი მეზობელ ქვეყნებს, როგორც თავის “ტერიტორიულ საკუთრებას”, ისე განიხილავს

21 ივნისი, 2015 • • 930
მარგველაშვილი: რუსეთი მეზობელ ქვეყნებს, როგორც თავის “ტერიტორიულ საკუთრებას”, ისე განიხილავს

საქართველოს პრეზიდენტი GLOBSEC-ის ფორუმის ფარგლებში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში უსაფრთხოების პრობლემებისადმი მიძღვნილ სესიაზე – „რყევის ზონა: ევროპის სამეზობლო სტრატეგია“ სიტყვით გამოვიდა.

 

გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში და მის კონფლიქტურ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, ევროპისათვის ქვეყნის გეოპოლიტიკურ როლის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროპული უსაფრთხოება წარმოუდგენელია საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნების უსაფრთხოების გარეშე, აცხადებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

„რუსი პოლიტიკოსები ძალიან მკაფიო მესიჯს აგზავნიან: ძირითადად საუბარია მეზობელ ქვეყნებთან რუსეთის დამოკიდებულებაზე. ის მათ განიხილავს, როგორც თავიანთ „ტერიტორიულ საკუთრებას“, სადაც სამხედრო ძალების გამოყენების გზით მკაცრი მოქმედების უფლება აქვს და რეაგირებას ახდენს ამ ქვეყნებში ნებისმიერი სახის დაძაბულობაზე, რაც არა მხოლოდ ხელს უშლის საკითხის გადაწყვეტას, არამედ უფრო მეტ პრობლემებსა და საფრთხეებს უქმნის რეგიონის მომავალს; მეტიც, სირთულეები მოაქვს თავად რუსეთისთვისაც.

არავინ იცის, სად წარმოიქმნება პრობლემა მომავალში, მაგრამ გვაქვს პოტენციური საფრთხეების გაცხადებული არეალი; ვიცით რუსეთის პოლიტიკის შესახებ, რომელიც საუბრობს „პრივილეგირებულ ინტერესთა ზონაზე“ და აცხადებს, რომ ამ ტერიტორიებზე მას უფლება აქვს პირველმა მოახდინოს რეაგირება და იყოს ეფექტური და ქმედითი; როდესაც განვიხილავთ „პრივილეგირებულ ინტერესთა“ აღნიშნულ სივრცეს, ვხედავთ, რომ ეს არის ევრაზიული კონტინენტის ნახევარი – რუსეთის სამეზობლო; აქამდე არსებული მაგალითები გვიჩვენებს, რომ თუ არსებობს რაიმე სახის პრობლემა, სირთულე, არასტაბილურობა, შიდა თუ გარედან პროვოცირებული, მაშინ რუსეთი პირველი რეაგირებს; ასე რომ, როდესაც ვსაუბრობთ პროგნოზებზე, რუსეთის ნებისმიერ მეზობელ ქვეყანაში გარკვეული დაძაბულობის შემთხვევაში, თქვენ უკვე შეგიძლიათ იფიქროთ, რომ ეს დიდ პრობლემაში გადაიზრდება“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

ქვეყნის პირველმა პირმა აღნიშნულ სესიაში მონაწილეობა ეუთო-ს გენერალურ მდივანთან, ლამბერტო ზანიერთან ერთად მიიღო.

გიორგი მარგველაშვილი. ფოტო – გიორგი მარგველაშვილის ოფიციალური Facebook გვერდიდან
გიორგი მარგველაშვილი. ფოტო – გიორგი მარგველაშვილის ოფიციალური Facebook გვერდიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი