ახალი ამბები

ნარმანია: ალტერნატიული სატრანსპორტო სქემა გვჭირდება, თუ ვერ მოესწრება გზის აღდგენა

20 ივნისი, 2015 • • 1084
ნარმანია: ალტერნატიული სატრანსპორტო სქემა გვჭირდება, თუ ვერ მოესწრება გზის აღდგენა

“მოკლევადიან პერიოდში განსახორციელებელი გეგმა აუცილებლად გვჭირდება, ანუ აღდგენის გეგმა სექტემბრამდე, ან თუ სექტემბრამდე ამ მონაკვეთის აღდგენა შეუძლებელია, ან აზრი არა აქვს მის აღდგენას, ასეთ შემთხვევაში როგორ შეიძლება დავარეგულიროთ ალტერნატიულად ტრანსპორტის მოძრაობა.

 

ამიტომაც უმთავრესი საკითხი, რაზეც უნდა ვიმსჯელოთ დღეს, იქნება ის, რომ მოვძებნოთ ტრანსპორტის ალტერნატიული გადაადგილების სქემები, თუ გადაუდებელი წესით დავიწყოთ დაზიანებული გზის აღდგენა. ეს უნდა იყოს ჩვენი მოკლევადიანი სამოქმედო გეგმა და უფრო გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა, ეს იქნება უფრო მყარი, რისკების გათვალისწინებით ინფრასტრუქტურის მოწყობა ისეთნაირად, რომელიც მოგვცემს საშუალებას მაქსიმალურად ავირიდოთ თავიდან სტიქიის უარყოფითი გავლენა”, – განაცხადა დავით ნარმანიამ უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე, რომელიც დღეს თბილისის მერიაში იმართება.

 

მისივე თქმით, უკვე მიღებულია გადაწყვეტულება ადრეული შეტყობინების სისტემის შესყიდვა-მონტაჟზე, კერძოდ, სტიქიის სალიკვიდაციო ფონდიდან მის შესაძენად თანხა გარემოს დაცვის სამინსიტროს გადაეცემა.

გაწმენდითი სამუშაოები ვაკე-საბურთალოს გზაზე, ფოტო: თბილისის მერია, 20.06.2015
გაწმენდითი სამუშაოები ვაკე-საბურთალოს გზაზე, ფოტო: თბილისის მერია, 20.06.2015

გუშინ ტელეკომპანია “იმედის” გადაცემა “რეაქციაში” პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მან დაავალა მერიას, წარადგინოს ხედვა, თუკი ვერ აღდგება ვაკე-საბურთალოს გზა, როგორ გადანაწილდება ქალაქში ტრანსპორტის მოძრაობა.


“ამის გაკეთება ალბათ ძალიან რთული იქნება, ვინაიდან მოცემულობა არის ის, რაც არის. ქალაქში ძალიან ბევრი მანქანა არის და ამ მანქანების შემცირებას ჩვენ ხელოვნურად ვერ დავიწყებთ და ვერ ვეტყვით ადამიანებს, რომ მანქანების გარეშე იარონ. მეორე მხრივ, სხვა დამატებით გზებს ვერ გავაჩენთ, ანუ რეალისტები უნდა ვიყოთ და ძალიან პრაგმატულად უნდა ვიფიქროთ,”– განაცხადა პრემიერმა და იქვე დააზუსტა, რომ, სავარაუდოდ, მთავრობა იძულებული გახდება, ვაკე–საბურთალის დამაკავშირებელი გზა სექტემბრამდე აღადგინოს.


 

თბილისში 13 ივნისს ღამით მომხდარ სტიქიას, დღევანდელი მონაცემებით, 19 ადამიანი შეეწირა, 3 კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. სტიქიისგან მიყენებული ზარალი 100 მილიონ ლარს აჭარბებს. 

 

 

 

დაიტბორა თბილისის ზოოპარკიც. ცხოველების ნაწილი დაიხრჩო, ნაწილი კი გაიქცა. გაქცეულ ცხოველთაგან ნაწილი უკან დააბრუნეს, ნაწილი კი – მოკლეს. 


მასალების გადაბეჭდვის წესი