ახალი ამბები

გიორგი მარგველაშვილი დევიდ ქემერონს შეხვდა

19 ივნისი, 2015 • • 955
გიორგი მარგველაშვილი დევიდ ქემერონს შეხვდა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივაზე ისაუბრეს.

 

დევიდ კემერონმა ღრმა მწუხარება გამოთქვა თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო და ქართველ ხალხს სამძიმარი და თანადგომა გამოუცხადა.

 

გიორგი მარგველაშვილმა დევიდ კემერონს მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების, ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისათვის.

 

მარგველაშვილის ადმინისტრაციის ცნობით, ხაზგასმით აღინიშნა დიდი ბრიტანეთის მკაფიო განცხადებები და პოზიცია რუსეთის ფედერაციასა და სოხუმისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმებს შორის გაფორმებული ე.წ ხელშეკრულებების  დაუშვებლობის შესახებ.

 

დევიდ კემერონმა ქართულ მხარეს ევროინტეგრაციისა და უელსის ნატო-ს სამიტის არსებითი პაკეტის ელემენტების იმპლემენტაციის პროცესში დახმარება აღუთქვა.

 

საქართველოს პრეზიდენტი ბრატისლავაში საქართველო-სლოვაკეთის ბიზნეს-ფორუმში მონაწილეობს. ფორუმის დაწყებამდე გიორგი მარგველაშვილსა და სლოვაკეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრ ვაზილ ჰუდაკს შორის შეხვედრა გაიმართა, სადაც აღინიშნა საქართველოსა და სლოვაკეთს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობა და ეკონომიკური თანამშრომლობა. განსაკუთრებით ხაზი გაესვა დღევანდელი ბიზნეს-ფორუმის მნიშვნელობას და იმ პერსპექტივას, რომელსაც აღნიშნული ფორუმი ორი ქვეყნის ბიზნესპარტნიორობის ხელშეწყობისათვის ქმნის.

 

გიორგი მარგველაშვილი დევიდ ქემერონს შეხვდა. ბრატისლავა. 19.06.2015
გიორგი მარგველაშვილი დევიდ ქემერონს შეხვდა. ბრატისლავა. 19.06.2015

მასალების გადაბეჭდვის წესი