ახალი ამბები

ენერგოკომპანიების დახმარება თბილისში სტიქიით დაზარალებულებს

19 ივნისი, 2015 • • 992
ენერგოკომპანიების დახმარება თბილისში სტიქიით დაზარალებულებს

ამ საკითხზე დღეს ენერგეტიკის სამინისტროში ენერგოკომპანიების წარმომადგენლებს მინისტრი კახა კალაძე შეხვდა. კომპანიებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რომ სტიქიით დაზარალებულებს როგორც ფინანსურად, ისე შესაბამისი ტექნიკით დაეხმარონ. თუმცა ჯერ ვერ კონკრეტდება, რამდენი იქნება ფინანსური შემოწირულობა, რასაც ენერგოკომპანიები გაიღებენ. 

 

“დღეს გვქონდა შეხვედრა ყველა იმ კომპანიასთან, ვინც ენერგეტიკულ დარგში სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს. ეს არიან ინვესტორი კომპანიები, დაახლოებით 50-მდე. მინდა მადლობა გადავუხადო მათ თანდგომისთვის და მხარდაჭერისთვის. ყველა კომპანია ჩართულია, ზოგი მუშახელით, ზოგი ტექნიკით და ზოგი ფინანსური შემოწირულობებით გვეხმარება გაწმენდით და აღდგენით სამუშაოებში. მაგალითად შემიძლია მოვიყვანო სოკარი, რომელმაც 250 ათასი ლარის შემოწირულობა გააკეთა. ყველა კომპანია, ვისაც რა შეუძლია, მაქსიმალურად არის ჩართული.” 

 

ენერგეტიკის მინისტრი ჯერჯერობით ვერ ასახელებს ზუსტ თანხას, რასაც ენერგოკომპანიები სტიქიით დაზარალებულთა ფონდში ჩარიცხავენ:

 

“ყოველდღიურ რეჟიმში ხდება თანხის ჩარიცხვა. ვახორციელებთ აღრიცხვას, რადგან ეს უნდა იცოდეს ყველამ. მაგრამ ასევე ძალიან დიდია დახმარება ტექნიკით.”

 

ენერგოკომპანიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ენერგეტიკის სამინისტროში კონსოლიდირებული შეხვედრა შედგა, სადაც მიღებული იქნა გადაწყვეტილება კონკრეტული ღონისძიებების შესახებ: 

 

“ჩვენი კომპანია ფინანსურ დახმარებას აღმოუჩენს დაზარალებულებს. ეს იქნება რამდენიმე ათეული ათასი ლარი. ჩამოყალიბებულია ფონდი, სადაც ფულს ჩავრიცხავთ. მთავარია, სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია მოხდეს სწრაფად”- განაცხადა კომპანია “ფერის” წარმომადგენელმა ლაშა იორდანიშვილმა. 

 

30 ათას ლარს ჩაურიცხავს სტიქიით დაზარალებულებს კომპანია “ანდრიტს-ჰაიდრო” :

 

“ჩვენი მხრიდან იქნება ფულადი გადარიცხვა. ზოგი კომპანია დაეხმარება ტექნიკით” – განაცხადა კომპანიის წარმომადგებელმა დავით ბერიძემ. 

 

13-14 ივნისის სტიქიის შედეგად გარდაცვლილია 19 ადამიანი, საიდანაც 18 უკვე იდენტიფიცირებულია. 3 ადამიანი დაკარგულად ითვლება.  ოფიციალური ინფორმაციით, სტიქიის შედეგად მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა, ჯამში, 100 მილიონ ლარს აჭარბებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი