ეკონომიკა

საქსტატი: 2015 წლის პირველ კვარტალში მშპ-ს ზრდამ 3,2% შეადგინა

19 ივნისი, 2015 • • 979
საქსტატი: 2015 წლის პირველ კვარტალში მშპ-ს ზრდამ 3,2% შეადგინა

2014 წლის პირველ კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ს) ზრდამ 7,2% შეადგინა, 2013 წლის პირველ კვარტალში კი- 2,4%. 2014 წლის მონაცემებთან შედარებით 2015 წლის პირველ კვარტალში მშპ შემცირდა, ხოლო 2013 წლის მონაცემებთან შედარებით გაიზარდა.   


საქსტატის მონაცემებით მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა მრეწველობა (16,5 პროცენტი) და ვაჭრობა (16,1 პროცენტი). შემდგომ პოზიციებს იკავებს ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (11,9 პროცენტი), სოფლის მეურნეობა, მეთევზეობა (9,4 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (9,0 პროცენტი), მშენებლობა (6,3 პროცენტი), ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება (6,1 პროცენტი).

 

2015 წლის პირველ კვარტალში ზრდა აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში: სამთომოპოვებითი მრეწველობა (22,9 პროცენტი), მშენებლობა (17,2 პროცენტი), სასტუმროები და რესტორნები (8,9 პროცენტი), საფინანსო საქმიანობა (8,9 პროცენტი), ტრანსპორტი (8,4 პროცენტი), კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა (8,3 პროცენტი), კავშირგაბმულობა (5,4 პროცენტი),ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (5,2 პროცენტი), ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება-განაწილება (4,5 პროცენტი), განათლება (4,3 პროცენტი).


კლება დაფიქსირდა დამამუშავებელ მრეწველობაში (-5,2 პროცენტი) და ვაჭრობაში (-2,5 პროცენტი).
2015 წლის I კვარტალში მშენებლობის სფეროში შექმნილი მთლიანი დამატებული ღირებულების რეალური ზრდა განპირობებულია სახელმწიფო ინფრასქტრუქტურული პროექტებისა და ახალი გაზსადენის მშენებლობით.

 

საქსტატში აცხადებენ, რომ ტრანსპორტის სფეროში მაღალი ზრდის ტემპი წარმოადგენს რკინიგზის ტრანსპორტისა და
მილსადენებით ტრასნპორტირების მნიშვნელოვანი ზრდის შედეგს.

 

დამამუშავებელი მრეწველობის სფეროში დამატებული ღირებულების შემცირება ძირითადად განპირობებულია ალკოჰოლიანი სასმელებისა და თამბაქოს ნაწარმის წარმოების შემცირებით, ხოლო ვაჭრობის სფეროში – ავტომობილებითა და მოტოციკლებით ვაჭრობის შემცირებით. 

მასალების გადაბეჭდვის წესი