ახალი ამბები

კანცელარიასთან ზურაბ გურიელიძის მხარდამჭერთა აქცია მიმდინარეობს

17 ივნისი, 2015 • • 1105
კანცელარიასთან ზურაბ გურიელიძის მხარდამჭერთა აქცია მიმდინარეობს

აქციაზე 500-მდე ადამიანია მისული. კანცელარიის შენობის წინ არსებული მოედანი თითქმის შევსებულია. აქციის მონაწილეები მისული არიან სასტვენებით.

აქციაზე გაისმა მოწოდება, რომ იქამდე არ დაიშლებიან, სანამ მთავრობა არ იტყვის, რომ ზურაბ გურიელიძე უდანაშაულოა. ზურაბ გურიელიძე დაკითხვიდან გამოვიდა და ახლა კანცელარიაში, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება.

აქციის მონაწილეები  აცხადებენ, რომ ზოოპარკიდან გაქცეული ვეფხვის თავდასხმა ზურაბ გურიელიძეს არ უნდა დაბრალდეს. ისინი ამბობენ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში პასუხისმგებლობა მთავრობას ეკისრება.

17 ივნისს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პროკურატურას საქმის გამოძიება დაავალა. ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე და ზოოპარკის სხვა თანამშრომლები პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს.

 

აქცია კანცელარიასთან ზურაბ გურიელიძის მხარდასაჭერად. 17.06.2015
აქცია კანცელარიასთან ზურაბ გურიელიძის მხარდასაჭერად. 17.06.2015

საქართველოს მთავარი პროკურორის გიორგი ბადაშვილის განცხადებით, გამოძიება მყისიერად დაიწყო სამსახურეობრივი გულგრილობის ფაქტზე.

დღეს ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე ვეფხვი 40 წლამდე მამაკაცს დაესხა თავს. მამაკაცი გარდაიცვალა, ვეფხვი ლიკვიდირებულია. მთავრობის ინფორმაციით, მათ ზოოპარკის ადმინტრაციისგან ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ზოოპარკის მიღმა არცერთი მტაცებელი არ იმყოფებოდა.

მანამდე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მტაცებელი ცხოველები მოსახლეობისათვის საფრთხეს აღარ წარმოადგენდნენ. იგივე თქვა სახელმწიფო უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა მინდია ჯანელიძემ.

ზოოპარკის პრესსამსახურის წარმომადგენელმა მზია შარაშიძემ გუშინ, 16 ივნისს ნეტგაზეთს უთხრა, რომ ისინი ერთ ვეფხვს, აფთარსა და დათვს ვერ პოულობდნენ, თუმცა იმავე დღეს ლიბერალმა გაავრცელა ზოოპარკის დირექტორის, ზურაბ გურიელიძის ინტერვიუ, სადაც იგი ამბობს: “ახლა შემიძლია გითხრათ, რომ არც ერთი სახიფათო მტაცებელი ზოოპარკის ტერიტორიიდან ცოცხალი არ გასულა.”

აქცია კანცელარიასთან ზურაბ გურიელიძის მხარდასაჭერად. 17.06.2015
აქცია კანცელარიასთან ზურაბ გურიელიძის მხარდასაჭერად. 17.06.2015

მასალების გადაბეჭდვის წესი