ახალი ამბები

ეროვნულმა ბანკმა თბილისში სტიქიით დაზარალებულთა საბანკო კრედიტების აღწერა დაიწყო

16 ივნისი, 2015 • • 1095
ეროვნულმა ბანკმა თბილისში სტიქიით დაზარალებულთა საბანკო კრედიტების აღწერა დაიწყო

შესაბამისი განცხადება ეროვნულმა ბანკმა საკუთარ ვებგვერდზე გაავრცელა: 

 

“მინდა მივმართო დაზარალებულთა ოჯახებს, ვიცით, რომ მათ გააჩნიათ სხვადასხვა ტიპის ვალდებულებები, საბანკო კრედიტები. ჩვენ უკვე დავიწყეთ ამ პროცესის აღწერა, ბანკის თანამშრომლები მივლენ თითოეულ ოჯახში და, რა თქმა უნდა, ბოლომდე დავეხმარებით მათ ამ ვალდებულებების გასტუმრებაში. 

ეს არ არის ყველაზე სასწრაფო, მაგრამ მას შემდეგ, რაც მათი გადაუდებელი საჭიროებები იქნება დაკმაყოფილებული, ჩვენ ამ პროცესსაც მივხედავთ და დარწმუნებული ვარ, რომ რაღაც მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული შუამავლობა და თხოვნა კომერციულ ბანკებთან არ დაგვჭირდება, რათა ამ ოჯახებს მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოუჩინონ. ამ საკითხს ჩვენ მომდევნო დღეებში დავარეგულირებთ” – ნატქვამია განცხადებაში. 

“თითოეული ასეთი შემთხვევა იქნება შესწავლილი, რიგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეს იქნება გადავადება, საუბარი საერთოდ არ უნდა იყოს არც ჯარიმებზე და არც პროცენტებზე, რიგ შემთხვევაში შეიძლება კიდევ უფრო მასშტაბური მხარდაჭერა იყოს. არ მინდა, რომ მოვლენებს გავუსწრო, ამ ეტაპზე ჩვენ აღვრიცხავთ ყველა ამ ვალდებულებას“, – განაცხადა ჟურნალისტებთან ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ.

 

13-14 ივნისს თბილისში მდინარე ვერეს ადიდებამ და ჩამოწოლილმა მეწყერმა წყალდიდობა გამოიწვია. ადიდდა მდინარე ვერე და თბილისსში სვანიძის ქუჩასა და მზიურის ტერიტორია დატბორა. დაინგრა სახლები და ჩქაროსნული მაგისტრალი.

 

კრიზისების საბჭოს ინფორმაციით, გარდაცვლილია 19 ადამინი, 6-ს ამ დრომდე მაშველები ეძებენ. 

 

მთავრობის წინასწარი მონაცემებით, ზარალმა 40 მილიონ ლარს მიაღწია. სტიქიის შემდეგ დედაქალაქს მოხალისეების ჯგუფები მზიურისა და სვანიძის ქუჩებს წმენდენ.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი