ახალი ამბები

ზოოპარკის განცხადებით, დაკარგულია ზოლიანი აფთარი, ვეფხვი და დათვი

16 ივნისი, 2015 • 2686
ზოოპარკის განცხადებით, დაკარგულია ზოლიანი აფთარი, ვეფხვი და დათვი

“ამ ეტაპზე, დღევანდელი მდგომარეობით, ვეძებთ ერთ ვეფხვს, ერთ დათვს და ერთ ზოლიან აფთარს, რომელიც არ ვიცით, სად არის ახლა. ამაშია საქმე, რომ არ გვიპოვნია, არც ცოცხალი, არც მკვდარი. დანარჩენი ყველაფერი ვიპოვეთ,”– ამბობს ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მზია შარაძიძე “ნეტგაზეთთან” სატელეფონო საუბრისას.

 

ის ამბობს, რომ გავრცელებული ინფორმაცია თბილისში სხვადასვხა მტაცებელი ცხოველების პოვნის შესახებ არ დასტურდება:

 

“რაც ვრცელდება, ჯერჯერობით ყველაფერი იყო ცრუ ინფორმაცია იმიტომ, რომ ავაზა ფიზიკურად არ გვყავდა ზოოპარკში; პანტერას რომ ამბობდნენ, სამივე იაგუარი ვიპოვნეთ დამხრჩვალი,”– ამბობს მზია შარაშიძე.

 

მზია შარაშიძის განცხადებით, წყალდიდობის შედეგად დახოცილ ცხოველთა რაოდენობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.

 

ნეტგაზეთის კითხვაზე, აღმოაჩინეს თუ არა ზოოპარკის ტერიტორიაზე ცხოველი, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღით იყო მოკლული, მზია შარაშიზე ამბობს, რომ ჯერ ეს ინფორმაცია არ აქვთ, რადგანაც ცხოველების გვამები ძალიან დაზიანებულია. მისი განცხადებით, ყველა ცხოველის გვამზე ზოოპარკს ხელი არ მიუწვდება, რადგან ნაწილი სტიქიის შემდეგ გაიტანეს.

 

“აქ რასაც ვპოულობთ, იმას ყველაფერს ამოწმებენ ვეტექიმები,”– ამბობს ის. 

 

რაც შეეხება გარდიანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, პოლიციის თანამშრომლები დახოცილი ცხოველების გვერდით “სელფის” იღებდნენ, მზია შარაშიძე ამბობს, რომ მას ასეთი რამ არ უნახავს.

 

“არც სელფი მინახავს ცხოველთან გადაღებული და არც პროცესს შევსწრებივარ. ვერავის დავადანაშაულებ, თუ საკუთარი თვალით არ მაქვს ნანახი,”– ამბობს ის “ნეტგაზეთთან”.

 
 
13 ივნისის სტიქიას თბილისში დღეის მდგომარეობით 16 ადამიანი შეეწირა. ამ დროისთვის გარდაცვლილთაგან 12 ადამიანის ვინაობა არის ცნობილი.
 
 

ზოოპარკის ადმინისტრაციის განცხადებით, მდინარე ზოოპარკში თბილისის დროით დაახლოებით 23:30 საათზე შეიჭრა. წყალმა მთლიანად დაფარა ცხოველების ვოლიერები.  ზოოპარკის ბინადრების ნაწილი დაიხრჩო, ნაწილი კი თბილისის ქუჩებში გაიქცა. გაქცეულთა ნაწილი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს, ნაწილი კი დააძინეს.

 

მთავრობის ცნობით, ზარალი 40 მილიონ ლარს აღემატება.

მასალების გადაბეჭდვის წესი