ახალი ამბები

სააპელაციო სასამართლომ კაბელების საქმეზე პროკურატურის მტკიცებულებები დასაშვებად ცნო

16 ივნისი, 2015 • 1037
სააპელაციო სასამართლომ კაბელების საქმეზე პროკურატურის მტკიცებულებები დასაშვებად ცნო

”კაბელების საქმეზე“ პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით ჯუღელის 2015 წლის 5 ივნისის განჩინება გაასაჩივრა. ამ განჩინების თანახმად, დაუშვებლად იყო ცნობილი ბრალდების მხარის მტკიცებულებებიის ნაწილი, რომელიც ეხებოდა სასაქონლო და საინჟინრო ექსპერტიზის გამოკვლევით და დასკვნით ნაწილებს.

 

დაცვის მხარე 5 ივნისს ამბობდა, რომ მას შემდეგ, რაც სასამართლომ ეს მტკიცებულებები დაუშვებლად ცნო, საქმე რეალურად აღარ არსებობდა.

 

სააპელაციო სასამართლო
სააპელაციო სასამართლო

სააპელაციო სასამართლოს 15 ივნისის განჩინებით საქალაქო სასამართლოს განჩინება გაუქმდა. 

 

”განჩინების სარეზოლუციო ნაწილში მითითებული ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულება, წინასასამართლო სხდომაზე დამტკიცებულ ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ნუსხაში შიტანილ სხვა მტკიცებულებებთან ერთად, დაშვებულ იქნეს საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე,”- წერია სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე გელა ბადრიაშვილის განჩინებაში.

 

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია ამბობდა, რომ “კაბელების საქმეზე”, ივანიშვილისთვის სასურველი გადაწყვეტილების მიღების სანაცვლოდ, სასამართლოების თავმჯდომარეები, რომლებიც, იუსტიციის სამინისტროსა და უზენაესი სასამართლოს მიერ მომზადებული კანონპროექტის თანახმად, ვადაზე ადრე უნდა გათავისუფლებულიყვნენ, თავიანთ თანამდებობებს შეინარჩუნებენ. ალასანია ამბობდა, რომ ივანიშვილსა და მოსამართლეებს შორის ამ საკითხთან დაკავშირებით გარიგება შედგა.

 

როგორც მოსამართლეები, ასევე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, გარიგების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ.

 

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოსანი 2014 წლის 28 ოქტომბერს სახელმწიფოს კუთვნილი 4 102 000 ათასი ლარის გაფლანგვის ბრალდებით დააკავა. ამას თავდაცვის მაშინდელი მინისტრის, ირაკლი ალასანიას თანამდებობიდან გადაყენება, ასევე კიდევ 2 მინისტრის: მაია ფანჯიკიძისა და ალექსი პატრიაშვილის მიერ თანამდებობების დატოვება მოჰყვა

მასალების გადაბეჭდვის წესი