ახალი ამბები

როგორ იხსენებენ 13 ივნისს სტიქიისგან დაზარალებულები, რომლებიც სასტუმროში შეასახლეს

16 ივნისი, 2015 • 1435
როგორ იხსენებენ 13 ივნისს სტიქიისგან დაზარალებულები, რომლებიც სასტუმროში შეასახლეს

წყალდიდობის შედეგად 200-ზე მეტ ადამიანს საცხოვრებლის დატოვება მოუხდა. მერიამ ისინი სხვადასხვა სასტუმროში გადაანაწილა. მათ შორის არის პეკინის N5–ში მდებარე სასტუმრო “ლევილიც”. აქ სტიქიისგან დაზარალებული 14 ოჯახი ცხოვრობს, თუმცა “ნეტგაზეთს” მათი დიდი ნაწილი ადგილზე არ დახვედრია. როგორც სასტუმროში განაცხადეს, მცხოვრებთა დიდი ნაწილი დღის განმავლობაში სტიქიისგან  საკუთარი სახლების სანახავად არის გასული.

ნანა თევზაძე ჩიქოვანის (ხილიანის) 79–ში, კერძო სახლში ცხოვრობს. 14 ივნისიდან ოჯახთან, მათ შორის მცირეწლოვან შვილთან ერთად “ლევილის” ერთ–ერთ ნომერშია. ძლიერმა წვიმამ მისი სახლის სახურავი ჩამოშალა, თუმცა, ხილიანზე მდებარე სხვა სახლებისგან განსხვავებით, მათთან წყალი არ შევარდნილა.

“მოხდა ისე, რომ ჭერიდან ჩამოვიდა წყალი. წვიმდა ისევე, როგორც გარეთ. ვხედავდით, როგორ ინგრეოდა ჭერი. ვცდილობდით, ბავშვის საწოლი ისე დაგვედგა, რომ ზედ არ დაწვიმებოდა; მერე გვეშინოდა უკვე, რომ რამე არ დაეცეს, რამე არ მოუვიდეს,”– ამბობს ნანა თევზაძე

სასტუმრო
სასტუმრო ‘ლევილში’ ნანა თევზაძე ‘საქართველოს კარიტასის’ სოციალურ მუშაკს ესაუბრება 15.06.2015

მისი თქმით, სახლში წყალი დაახლოებით 2 კვირის წინ, თბილისში ძლიერი წვიმის დროსაც ჩამოვიდა, თუმცა მაშინ მსგავსი შედეგი არ მოჰყოლია.

 

“ვერ წამოვიდგენდით, რომ ასე მოგვიწევდა სახლიდან გამოქცევა,”– ამბობს ის.

 

ნანას თქმით, სტიქიის შედეგად დაზარალებული მისი სახლი აღდგენას ექვემდებარება, მაგრამ არ იცის, თუ რამდენი ხნის განმავლობაში მოუწევს “ლევილში” დარჩენა.


ნანა თევზაძე ამბობს, რომ მერიის წარმომადგენლებმა უთხრეს, რომ მათ ხარჯები აუნაზღაურდებათ. მისი თქმით, თავად არ აქვთ ფინანსური შესაძლებლობა, რომ სახლი გადახურონ.

“ითქვა ჯერ, რომ 2–3 დღე, მაგრამ ახლა ამბობენ, რომ ვისი სახლებიც ექვემდებარება რემონტს, უფრო დიდხანს მოგვიწევს აქ ყოფნა. არიან ოჯახები აქ, რომელთაც არც წასასვლელი არ აქვთ, მათ უქირავებთ სავარაუდოდ მერია ბინებს და ჩვენ არ ვიცით, ჯერ არ ყოფილა ამაზე საუბარი”

 

მაყვალა კოდალაევაც ჩიქოვანის ქუჩის მაცხვრებელია. 13 ივნისის სტიქიამ მისი სახლი მთლიანად დაანგრია.

ის ამბობს, რომ ჩიქოვანის 89 ნომერში მდებარე კერძო სახლი, სადაც ის 30 წლის განმავლობაში ცხოვრობდა, უკვე აღარ არსებობს.

მაყვალა კოდალაევა იხსენებს, რომ 13 ივნისს, საღამოს სახლში 3–ნი  იყვნენ. 13–ში, გვიან ღამით, მეზობელმა შეატყობინა იმის შესახებ, რომ წყალდიდობა იწყებოდა. ის ამბობს, რომ სახლიდან ვერაფრის გამოტანა მოასწრო, რადგანაც წყალი ძალიან სწრაფად მოვარდა.

მისი თქმით, სახლი სასწრაფოდ დატოვეს და ხედავდა, როგორ ინგრეოდა, ყველაფერი 5–10 წუთის განმავლობაში დაინგრა.

“არაფერი აღარ არის. კედლები აღარ არის. მიწიანად წაიღო ყველაფერი,”– იხსენებს მაყვალა კოდალაევა.

მისი განცხადებით, ხილიანზე ყველაზე მეტად მისი და გვერდით მდებარე კიდევ 2 სახლი დაზიანდა. მათგან არაფერი აღარ არის დარჩენილი.

მაჸვალა ამბობს, რომ ღამის განმავლობაში გარეთ იყვნენ, სასტუმროში კი მეორე დღეს, 14 ივნისს გადმოიყვანეს. მან არ იცია, თუ რამდენი ხნის განმავლობაში დარჩება სასტუმროში.

“არ ვიცი, სად გადამიყვანენ” – ამბობს მაყვალა კოდალაევა “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

 სასტუმრო
სასტუმრო ‘ლევილში’ მოხალისეები დაზარალებულებისთვის განკუთვნილ ტანსაცმელს ახარისხებენ15.06.2015

“ლევილში” ამბობენ, რომ დაზარალებულებისთვის საკვები და ტანსაცმელი მიაქვთ როგორც მთავრობას, ასევე  სხვადასხვა ორგანიზაციებს და კერძო პირებსაც. თავად დაზარალებულები აცხადებენ, რომ მათ საკვების და პირველადი მოხმარების ნაკლებობა არ აქვთ. ადგილზე მიტანილი ტანსაცმელის ნაწილს, რომელიც, მოხალისეების განცხადებით, საჭირო აღარ იყო, კვლავ ვაკე–საბურთალოს გამგეობაში დასაბრუნებლად ამზადებდნენ.

საქველმოქმედო ორგანიზაცია  საქართველოს კარიტასის სოციალური მუშაკები დღეს “ლევილში” სტიქისგან დაზარალებულებს აღწერდნენ. მათი განცხადებით, დაზარალებულებისგან იღებდნენ ინფორმაციას მათი დანაკარგებისა და საჭიროებების შესახებ, რათა შემდგომ სამოქმედო გეგემა შეიმუშაონ.

“ეს გეგმა იქნება ძირითადად გრძელვადიანი, უფრო ხანგრძლივი და ამის შემდეგ დავიწყებთ მოქმედებას, როდესაც უკვე ეს ადამიანები დაბინავდებიან თავიანთ სახლებში, ან უქირავებენ. ეს დახმარება შეიძლება იყოს ყველანაირი, შეიძლება დავეხმაროთ საყოფაცხოვრებო ნივთებით, ავეჯით, საკვებით და ა.შ. გააჩნია, იმის მიხედვით, რა საჭიროება იქნება,“– ამბობს საქართველოს კარიტასის სოციალური მუშაკი ინგა გაბაძე

სასტუმრო
სასტუმრო ‘ლევილი’

 

 

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი