ახალი ამბები

მოხალისეები სტიქიის ზონაში – “თბილისი ყველასია” [ფოტო/ვიდეო]

16 ივნისი, 2015 • • 2374
მოხალისეები სტიქიის ზონაში – “თბილისი ყველასია” [ფოტო/ვიდეო]

“სოციალური ქსელის საშუალებით გავიგე, რომ საკრებულოს შენობასთან იკრიბებოდნენ. თავიდან თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარში ვაპირებდით წასვლას, მაგრამ შემდეგ გადაგვანაწილეს სვანიძის ქუჩაზე, რადგან აქ უფრო სჭირდებოდათ დახმარება. მეგობართან ერთად მოვედი და უკვე ერთ ოჯახს დავეხმარე სახლის დასუფთავებაში – დავალაგეთ, გავრეცხეთ, გავიტანეთ ნაგავი,”- გვიყვება ნუცა ყიფიანი.

მოხალისე ნუცა ყიფიანი
მოხალისე ნუცა ყიფიანი

არიან ისეთებიც, რომლებმაც პირდაპირ იმ ადგილებს მიაშურეს, სადაც იცოდნენ, რომ დახმარება სჭირდებოდათ.

 

“მომხდარის შესახებ ტელევიზიით გავიგეთ და რამდენიმე მეგობარმა გადავწყვიტეთ, რომ დავხმარებოდით ამ ადამიანებს. დილით მზიურში მივედი და იქ დავეხმარე ნარჩენების გატანაში. შემდეგ აქეთ გადმოვინაცვლე, იმიტომ რომ იქ, ბევრი ხალხი შეიკრიბა და უკვე ერთმანეთს ხელს ვუშლიდით. აქ, ახლა სახლის სარდაფიდან შლამი გამოგვაქვს. ხვალაც ვაპირებთ, რომ დავბრუნდეთ. ეს არის მოქალაქეობრივი ვალი. ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ, შეიძლება თავად არ გამოგვიცდია მსგავსი უბედურება, მაგრამ არავინაა დაზღვეული რომ ხვალ თვითონ არ აღმოჩნდება იგივე მდგომარეობაში და არ დასჭირდება დახმარება,” – ამბობს სვანიძის ქუჩაზე დასახმარებლად მოსული ვაკო სანადირაძე.

მოხალისე ვაკო სანადირაძე
მოხალისე ვაკო სანადირაძე

კაცები, ძირითადად, მძიმე საქმეს ინაწილებენ – ტერიტორიებიდან გააქვთ მორები, წმენდენ გზებს ტალახისაგან, ასუფთავებენ მიდამოს ნანგრევი მასალისაგან და გამოაქვთ წყალი სარდაფებიდან. ქალები მომუშავეებს წყლითა და საკვებით ამარაგებენ. ზოგიერთი არც ტალახის გატანას და მორების აწევას ერიდება.

 

“სოციალური ქსელით გავიგეთ, რომ იკრიბებოდნენ დღეს სვანიძის ქუჩაზე და ჩვენც მოვედით. ხალხი ბუტერბროდებს აკეთებს, მოაქვთ აქ და ჩვენ გვატანენ მოხალისეებთან. რითაც შეგვიძლია, იმით ვეხმარებით,”- ამბობს მოხალისე ლიკა მერკვილაძე.

მოხალისე ლიკა მერკვილაძე
მოხალისე ლიკა მერკვილაძე

გმირთა მეოდანზე გამოვიდნენ საქართველოს წითელი ჯვრის ორგანიზებით შეკრებილი მოხალისეებიც. ისინი მიწისქვეშა გადასასვლელისა და მოედნის გარშემო არსებული მაღაზიების დასუფთავებაში იღებნენ მონაწილეობას.

 

“წითელი ჯვრის ორგანიზაციაში მოხალისედ მოვედი. პირველადი დახმარების ჯგუფის ლიდერი ვარ. ვაკე-საბურთალოს გამგეობიდან მოვდივართ ახლა, ჩვენ აქ დავასუფთავებთ და ჯგუფის მეორე ნაწილი, რომელიც გამგეობაში დარჩა დაზარალებულებს დაეხმარებიან ადგილზე,” – ამბობს გიორგი კორძაია.

 

ზოოპარკის ტერიტორიის დასუფთავებაც დილიდან დაიწყო. მოხალისეთა რაოდენობა იმდენად დიდი იყო, რომ პოლიციელებს რამდენიმე ათეული ადამიანის უკან გაბრუნება მოუხდათ. ზოოპარკში კი ამბობენ, რომ საქმე ბევრია და ვინც ახლა ვერ შეძლო დამხარება, ამ დღეების განმავლობაში მიეცემა საშუალება, რომ ჩაერთოს დასუფთავებით სამუშაოებში.

 

“100 კაცი შეიკრიბა სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში გვინდა, რომ მონაწილეობა მივიღოთ ამ სამუშაოების შესრულებაში. მე ყველას, ვინც დღეს თბილისშია მოვუწოდებ, რომ მოვიდეს, მიიღოს მონაწილეობა ზოოპარკის გაწმენდაში. თბილისი ყველასია,” – ამბობს  ალექსანდრე გრიგოლიშვილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან.

 

სკოლის მოსწავლეებთან და ერთ უბანში შეკრებილ მეგობრებთან ერთად, ზოოპარკის დასახმარებლად მოვიდნენ ქართველი სკაუტებიც 40 კაციან ჯგუფთან ერთად.

 

“ნიჩბებს ველოდებით, რომ გადაგვანაწილონ იქ, სადაც ყველაზე მეტად სჭირდებათ დახმარება. ჩვენ ყოველთვის ვერთვებით მსგავს სამუშაოებში და რა თქმა უნდა, დღესაც დიდი სურვილი გვაქვს, რომ რაიმე გავაკეთოთ,” – ამბობს ქეთი პირატიშვილი.

 

ზოოპარკის ტერიტორიაზე შეხვდებით ყელამდე ტალახში ამოსვრილ სტუდენტებს ილიას, თბილისის სახელმწიფო, საქართველოსა და კავკასიის უნივერსიტეტებიდან, რომლებიც სტიქიის ზონაში მრავალი სახის საქმეს ინაწილებენ და მოქალაქეებს იმავეს კეთებისაკენ მოუწოდებენ.

 

“ეს უბრალოდ დახმარება არ არის, ეს ჩვენი ვალია. ამას სხვისთვის არ ვაკეთებთ, ამას ვაკეთებთ ჩვენთვის,” – ამბობს მარი ოსკარნიანი, რომელიც ნიუსთიმის ორგანიზებით შეკრებილ სტუდენტებთან ერთად ზოოპარკის ტერიტორიიდან მორების გაზიდვაში იღებდა მონაწილეობას.

 

ბავშვთა ქალაქ “მზიურის” ტერიტორიას, რომელიც ასევე სტიქიის შედეგად დაბინძურდა, წყალდიდობის მეორე დღიდანვე ასობით მოხალისე ასუფთავებს. ტერიტორიაზე მათ სამუშაოების გადანაწილებაში მოხალისეთა საინიციატივო ჯგუფი Facebook-ის მეშვეობით ეხმარება.

დასუფთავების სამუშაოები სტიქიის ზონაში გრძელება. მოხალისეების უმრავლესობა აცხადებს, რომ ტერიტორიის სრულად გაწმენდამდე აპირებენ ყოველ დღე შეიკრიბონ და დახმარება შესთავაზონ სტიქიით დაზარალებულ ადამიანებს. სტიქიით დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად და ქალაქის დასასუფთავებლად ისინი ინტერნეტით გაერთიანდნენ. სტიქიის მეორე დღესვე Facebook-ზე შეიქმნა ჯგუფი “#13ივნისი – მოხალისეთა გაერთიანება”, სადაც უკვე 4000-მდე ადამიანია დამატებული.

 

ჯგუფის შექმნის ინიციატორები მოხალისებს ინსტრუქციებსა და დავალებებს სწორედ ინტერნეტის მეშვეობით აწვდიან. პარტიზანული მებაღეობის წარმომადგენელმა, ნიკა დავითაშვილმა წყალდიდობის მეორე დღეს შექმნა ონლაინ-დოკუმენტი, სადაც 10 000-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა რეგისტრაცია მოხალისეობის შესახებ.

 

საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი წევრის, თევდორე მაყაშვილის თქმით, ძალიან დიდი ერთსულოვნება გამოიჩინა ხალხმა და ისინი ყველანაირად ცდილობენ, რომ ორგანიზებული იყოს მათი დახმარება: “ყველგან ვიღებთ ინფორმაციას, სად და როგორი სახის დახმარებაა სჭირდებათ და შესაბამისად, ვაგზავნით მოხალისეებთან. ძალიან გვინდა ვთხოვოთ ყველას, ვისაც სურვილი აქვს დახმარების, გაწევრიანდეს ჯგუფში. იქ უფრო დეტალურად იწერება: სად, როგორ და როდის გვჭირდება დახმარება.”

 

მაყაშვილის თქმით, რთული სათქმელია, რამდენ ხანში მოხერხდება ტერიტორიების სრულად დასუფთავება. საინიციატივო ჯგუფის წევრს იმედი აქვს, რომ უფრო მეტი ტექნიკა მოეხმარება მოხალისეებს და დაბინძურებული ტერიტორია რაც შეიძლება მალე დასუფთავდება.

 

ერთ-ერთი მოხალისე, რომელიც საკვები პროდუქტებით ეხმარება სხვა მოხალისეებს, მარიამ წულაიაა. მისი თქმით, ოფიციალურად ფუნქციები არავის აქვს განაწილებული და ყვალა აკეთბს იმას, რისი გაკეთებაც შეუძლიათ: “მე რომ მოვედი აქ, წყლის პრობლემა იყო. ორი-სამი ბოთლი თვითონ მოჰქონდა მოსახლეობას. სავარაუდოდ, ეს გაგრძელდება ხვალაც და ზეგაც. უარესი რომ არ მოხდეს, ყველამ უნდა იმუშაოს.”

 

Facebook-ის მეშვეობით შეიტყეს მოხალისეების შესახებ ინფორმაცია გიორგი კუბლაშვილმა და ოთარ ხუციშვილმაც. მათი თქმით, ძირითადად, ხეების მიწიდან ამოთხრითა და ტერიტორიიდან გატანით არიან დაკავებულები, თუმცა ვისაც რა შეუძლია, იმას აკეთებს.

 

კიდევ ერთი მოხალისე, რომელიც მზიურის ტერიტორიის დასუფთავებაში იღებს მონაწილეობას ცხოველთა დამცველი, თიკო კვალიაშვილია. როგორც თიკო ამბობს, მზიურში თამაზ ელიზბარაშვილის თავშესაფრიდან მოვიდა, სადაც ასევე ცხოველების გადარჩენას ცდილობდა: “ვაკვირდები და 95% არის ჩვეულებრივი სამოქალაქო სექტორი, ყველანაირი ჯურის ადამიანს ნახავთ აქ. სასიამოვნოდ გაოცებული ვარ. ისეთი ადამიანები ვნახე აქ, რომ ვერც წარმოვიდგენდი, თუ ერთ ლოდს გვერდზე გადადებდნენ. მაგრამ ვნახე ადამიანები, რომლებიც მორებს ათრევდნენ.”

 

13 ივნისის ღამეს თბილისში მოსულმა ძლიერმა წვიმამ დედაქალაქში მძიმე ვითარება შექმნა. სტიქიის ეპიცენტრი მდინარე ვერეს ხეობა და ზოოპარკის ტერიტორიაა. არის მსხვერპლი. კრიზისების მართვის საბჭო სტიქიის დროს გარდაცვლილთა და დაკარულთა სია დღეს გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც 19 ადამიანი დაიღუპა და 6 დაკარგულად მიიჩნევა. მთავრობის ცნობით, ზარალი 40 მილიონ ლარს აღემატება.

მასალების გადაბეჭდვის წესი