ახალი ამბები

ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი: ლომის ძებნის ოპერაციას კავკასიური ნაგაზი შეეწირა

14 ივნისი, 2015 • 2236
ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი: ლომის ძებნის ოპერაციას კავკასიური ნაგაზი შეეწირა

ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფრის განცხადებით, ვაკე-საბურთალოს სასაფლაოს შესეულ თავშესაფრის ბინადრებს სასწრაფოდ ესაჭიროება დროებითი თავშესაფარი:

“მოგმართავთ ყველას, – დაწყებული ქალაქის მერიიდან, დამთავრებული რიგით მოქალაქემდე, რაც შეიძლება სწრაფად უნდა გადავჭრათ ეს პრობლემა, თორემ თითოეული მათგანის სიცოცხლე საფრთხის ქვეშაა. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ის ინციდენტი, რომელსაც უკვე შეეწირა ჩვენი ერთი ბინადრის სიცოცხლე…

როგორც მოგეხსენებათ, ქალაქში გამოცხადებულია მობილიზება ზოოპარკიდან გაქცეულ ბინადრებზე. სპეც-ნაწილი ვაკე-საბურთალოს სასაფლაოზეც დაეძებდა დაკარგულ ლომს, მიუხედავად ბატონი თამაზის გაფრთხილებისა, რომ სასაფლაოს თავი შეაფარა თავშესაფრის ბინადრებმა, ერთმა ჯარისკაცმა მოახდინა გასროლა და ჩვენი ულამაზესი კავკასიური ნაგაზი შეეწირა ლომის ძებნის ოპერაციას. ამან, ბუნებრივია, ბატონი თამაზის სამართლიანი გულისწყრომა გამოიწვია.

მეგობრებო, უმორჩილესად გთხოვთ დაგვეხმარეთ ჩვენი ბინადრების გადარჩენაში, სადაც ჯარისკაცს შეეშალა ძაღლი ლომში, რით ვართ დაზღვეული, რომ რიგითი მოქალაქე თავდაცვის მიზნით მსგავსად არ მოიქცეს…”

თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფრის ცნობით, თავშესაფარარში მობინადრე ყველა დათვები ადიდებულმა მდინარემ დაახრჩო. თავშესაფრის ერთ-ერთი თანამშრომლის, დავით მენთეშაშვილის თქმით, პრესონალი ცხოველების დახმარებას ცდილობდა, თუმცა დატბორილ თავშესაფარს თვითონაც ძლივს დააღწია თავი.

13 ივნისის ღამეს თბილისში მოსულმა ძლიერმა წვიმამ დედაქალაქში მძიმე ვითარება შექმნა. სტიქიის ეპიცენტრი მდინარე ვერეს ხეობა და ზოოპარკის ტერიტორიაა. არის მსხვერპლი. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით დაღუპულია რვა ადამიანი. დაშავებულთა და დაღუპულთა რაოდენობა ზუსტდება. ადიდებულმა მდინარე ვერემ გაანადგურა თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი და დატბორა ზოოპარკის ტერიტორია, რის შედეგადაც ვოლიერებიდან გაიქცნენ მტაცებელი ცხოველები, რომელთაგან შსს-ს ცნობით, რამდენიმე ლიკვიდირებულია. დანარჩენებს ისევ ეძებენ.

ადიდებულმა მდინარე ვერემ თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი პირველად 4 ივნისს დატბორა. თავშესაფრის თანამშრომლის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაღუპული ძაღლების რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია. თავშესაფრის თანამშრომლის ინფორმაციით, პირველი სტიქიის შედეგად ოცზე მეტი ცხოველი დაიღუპა.

მასალების გადაბეჭდვის წესი