ახალი ამბები

თბილისის უბნების ნაწილსა და მიმდებარე რამდენიმე სოფელს წყლის მიწოდება შეეზღუდება

6 ივნისი, 2015 • • 1616
თბილისის უბნების ნაწილსა და მიმდებარე რამდენიმე სოფელს წყლის მიწოდება შეეზღუდება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ განცხადებით, წყალი ამ წუთას, 20 საათისთვის მიეწოდება, მაგრამ 7 ივნისის ღამეს, 02:00 საათზე წყალი შეუწყდება გლდანის მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 მიკრორაიონებს, სოფელ გლდანს, სოფელ გიორგიწმინდას, ზაჰესის, ავჭალისა და ბერთუბნის დასახლებებს.

 

7 ივნისს, 02:00 საათზე, წყალი შეუწყდებათ მუხიანის პირველ, მე-2 და მე-3 მიკრორაიონებს, თემქის მე-3 კვარტალს. ასევე, გლდანის სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებას.

 

აღნიშნულ უბნებს, კომპანიის განცხადებით, წყალმომარაგება აღუდგება 8 ივნისს, გამთენიის 02:00 საათზე.

 

კომპანიის განცხადებით, წყალი არ მიეწოდება თბილისში ვაჟა-ფშაველას კვარტლებს, ნუცუბიძის ქუჩასა და ნუცუბიძის მიკრორაიონებს, ქავთარაძის, ჯიქიასა და მის მიმდებარე ქუჩებს.

 

წყალი ასევე არ მიეწოდება ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირების ინ მონაკვეთს, რომელიც მეტრო “დელისის” ზემოთ მდებარეობს.

 

თბილისის გარდა წყალი არ მიეწოდება სოფლებს: წყნეთი, კოჯორი, კიკეთი, ახლადაბა, ტაბახმელა, შინდისი, წავკისი.

 

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცნობით, აღნიშნულ უბნებსა და სოფლებს წყლის მიწოდება 7 ივნისს, გამთენიისას, 06:00 საათისთვის აღუდგებათ.

 

კომპანიის განცხადებით, წუხანდელმა ხანგრძლივმა კოკისპირულმა წვიმამ და  არაგვის ადიდებით გამოწვეულმა ღვარცოფებმა პრობლემა შეუქმნა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ არაგვის ხეობაში მდებარე სათავე ნაგებობების ფუნქციონირებას.

 

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აცხადეს, რომ ამ დრომდე საგანგებო რეჟიმში მუშაობს, რაც გაგრძელდება მდგომარეობის სრულ სტაბილიზაციამდე და წყალმომარაგების ჩვეული რეჟიმების აღდგენამდე.   

Georgian Water and Power
Georgian Water and Power

მასალების გადაბეჭდვის წესი