ახალი ამბები

წულუკიანი: დაე, ეკიდოს მოქალაქეობის საკითხი სააკაშვილის თავზე დამოკლეს მახვილივით

31 მაისი, 2015 • 1056
წულუკიანი: დაე, ეკიდოს მოქალაქეობის საკითხი სააკაშვილის თავზე დამოკლეს მახვილივით

მოქალაქეობის შესახებ კანონის თანახმად, საქართველოს მოქალაქის მიერ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღება მისთვის საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველს წარმოადგენს.

 

წულუკიანის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ სააკაშილი უკრაინის მოქალაქე გახდა, იგი ფორმალურად საქართველოს მოქალაქეობას მაინც შეინარჩუნებს, სანამ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტო არ შეადგენს დასკვნას და არ მიმართავს პრეზიდენტს სააკაშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის მოთხოვნით. 

 

“ჩვენ ვფიქრობ, რომ გვაქვს დრო, მე არ ჩავვარდებოდი, სხვათა შორის, ცაიტნოტში იმიტომ, რომ ყველა ბერკეტი სააკაშილმა ჩვენ მოგვცა დღეს ხელში. აქედან გამომდინარე, ბურთი ჩვენს მოედანზეა. მან მიიღო უკრაინის მოქალაქეობა, ახლა ჩვენ გადავწყვიტოთ, წყნარად, მშვიდად, დინჯად, როდის შევუწყვეტთ მას მოქალაქეობას. დაე, ეკიდოს ეს საკითხი მის თავზე დამოკლეს მახვილივით,”- განაცხადა წულუკიანმა. 

 

წულუკიანმა ასევე განაცხადა, რომ ამ საკითხზე პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული იმ ტემპით, რა ტემპითაც ამას გადაწყვეტენ. 

 

“თუკი ეს შეწყვეტა ავტომატურად გააუქმებს ყველა იმ ექსტრადიციის პროცედურას, ეს შეიძლება მოხდეს, არ ვიცი, ერთ კვირაში, ორ კვირაში, შეიძლება მოხდეს ხვალ,”– განაცხადა მინისტრმა. 

 

იუსტიციის მინისტრის თქმით, სისხლის სამართლებრივი კუთხით უარყოფით ზეგავლენას მოახდენს საქმეზე ის ფაქტი, რომ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა მიიღო. მან ასევე აღნიშნა, რომ ამ მომენტში ირკვევა, თუ “როგორ წავა ჰააგაში სხვადასხვა პროცედურა”. თუმცა, წულუკიანის განცხადებით, ამ ფაქტს დადებითი მხარეც აქვს, კერძოდ ის, რომ სააკაშვილი საქართველოში პოლიტიკურ პროცესებში ვეღარ მიიღებს მონაწილეობას, რაც “ბევრი ადამიანისთვის ეს შვებაა”.

 

 

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭა და 30 მაისს ოდესის გუბერნატორად დანიშნა. მანამდე სააკაშვილი რეფორმების საერთაშორისო საბჭოს ხელმძღვანელი იყო და როგორც პრესისთვის გაკეთებული მისი განცხადებებიდან ირკვევა, იგი ამ თანამდებობაზე მუშაობას გააგრძელებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი