საზოგადოება

”იფიქრე უფრო ფართოდ” – აქცია სტერეოტიპების დასამსხვრევად [ფოტო]

13 მაისი, 2015 • 3764
”იფიქრე უფრო ფართოდ” –  აქცია სტერეოტიპების დასამსხვრევად [ფოტო]

პროექტთან დაკავშირებით ერთ კონკრეტულ სივრცეში მოეწყო ფოტოსესია, სადაც სხვადასხვა პროფესიისა და განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანები მოკლე წარწერებით ამბობდნენ თავიანთ სათქმელს. ფოტოალბომი, საავტორო უფლებების დარღვევით, სოციალური ქსელის არაერთ გვერდზე მალევე გამოჩნდა. როგორც ასოციაციაში ამბობენ, ფოტოების გამოყენების ნებართვა მათთვის არავის უთხოვია.

 

”იფიქრე უფრო ფართოდ, დაამსხვრიე სტერეოტიპი”

 

ფოტოალბომის განთავსების შემდეგ სოციალურ ქსელში არაერთმა მომხმარებელმა ატვირთა ვიზუალურად მსგავსი სურათი, თუმცა მათი წარწერები, საზოგადოებაში დამკვიდრებულ სტერეოტიპებზე მეტად, სახალისო ხასიათის იყო.

 

”ჩვენი მიზანია, კი არ ვაცინოთ, არამედ ვაიძულოთ ადამიანები – დაფიქრდნენ იმ სტერეოტიპებზე, რომელიც კონკრეტული ადამიანების მიმართ აქვთ. ჩვენ ვცდილობთ, რომ სასაცილო პროექტად არ ვაქციოთ. უფრო მეტად ეს სოციალური პროექტია და ემსახურება კულტურას, განათლებას, სოციალურ პრობლემებს, ადამიანის უფლებების პოპულარიზაციას და ა.შ. ვცდილობთ, იმ სტერეოტიპებს გავუსვათ ხაზი, რომელიც დამკვიდრებულია საზოგადოებაში,” – ამბობს ასოციაცია ”დრონის” პროექტის კოორდინატორი, ანა სირბილაძე.

 

ასოციაციაში იმედოვნებენ, რომ ამ პროექტით ქართულ საზოგადოებაში იდენტიფიცირებული ჯგუფის წევრების მსგავსების შესახებ ფართოდ გავრცელებული აზრი ნაწილობრივ მაინც შეიცვლება. ანა სირბილაძის თქმით, მსგავსი ფოტოსესიები ძირითადად უცხოურ გვერდებზეც კეთდება და მათი სურვილი იყო, რომ ამ იდეის გამოყენებით ხაზი გაესვათ საქართველოში დამკვიდრებული სტერეოტიპებისთვის.

როგორც ახალგაზრდულ ასოციაციაში ამბობენ, თვითონ ფოტოსესია ცოცხალი ბიბლიოთეკის პოპულარიზაციას ემსახურება, რომელიც 23 მაისს ვაკის პარკში გაიმართება.

 

ფოტო: DRONI Human Library

მასალების გადაბეჭდვის წესი