ახალი ამბები

თინა ბილიხოძე: ევროსასამართლომ დაამტკიცა, რომ ყველას გვაქვს მანიფესტაციის უფლება

13 მაისი, 2015 • • 2114
თინა ბილიხოძე: ევროსასამართლომ დაამტკიცა, რომ ყველას გვაქვს მანიფესტაციის უფლება

საქმე მართლმადიდებელი მღვდლებისა და მოქალაქების ჯგუფის მიერ ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ლგბტ უფლებათა აქტივისტების მიერ გამართული აქციის დარბევას შეეხება. ევროსასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ “ნეტგაზეთი” აქტივისტ თინა ბილიხოძეს ესაუბრა, რომელიც 2012 წლის აქციაზე იმყოფებოდა და ევროსასამართლოში 15 მოსარჩელეს შორის ერთ-ერთია.

 

რამდენად კმაყოფილი ხარ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებით 2012 წლის 17 მაისის საქმეზე?


ძალიან კარგი გადაწყვეტილება მივიღეთ, შეიძლებოდა ჩვენს ქვეყანაშიც მოგვარებულიყო, მაგრამ რაკიღა არ ისურვეს მათ, ევროსასამართლომ დაამტკიცა, რომ ყველა ადამიანს გვაქვს შეკრებისა და მანიფესტაციის კონსტიტუციური უფლებები და არავის აქვს უფლება დაარღვიოს ისინი.

 

ჩვენი უფლებები როცა ილახება, ეს არის დანაშაული. მით უფრო, თუ ამას თან ახლავს ძალადობა და ცემა-ტყეპა, მიუღებელია. სწორი იყო ეს გადაწყვეტილება და პრეცედენტი.

 

რატომ მივიდა საქმე იქამდე, რომ ევროსასამართლოს მიმართეთ?


თავიდანვე აქციაზე ვიყავი, ფილარმონიიდან რაც დაიწყო მსვლელობა. ჯერ იყო და ალყაში მოგვაქციეს. მეორეც კიდევ, უშვერი სიტყვებიც ისმოდა. არ ვიყავით ბევრნი, ამხელა არმია, ანაფორიანები, დროშები, თავისი მრევლითურთ, ზომბირებული თავისი ბიჭები ჰყავდათ ირგვლივ, ფსიქოლოგიური ზეწოლა ძალიან დიდი იყო. არა მარტო ის, რომ აქციის რამდენიმე მონაწილე სცემეს.

 

პოლიცია გაქრა. ვიძახდი, სად არის პოლიცია? მერე კი მოვიდა პატრული, მაგრამ კარგად იცი, რომ მღვდლებს ვერაფერს ვერ ეუბნებოდნენ. მერე ჩვენი ორი აქტივისტი შეაგდეს მანქანაში. შემდეგ მივაკითხეთ შინაგან საქმეთა სამინისტროში. მე პირადად უსაფრთხოდ ვერ ვიგრძენი თავი. დიალოგიც კი მქონდა რამდენიმე მღვდელთან, რომ თქვენ თქვენი საქმე გააკეთეთ, ჩვენ ჩვენი საქმე გვაქვს, ეს ჩვენი უფლებაა, მაგრამ არაო, ამბობდნენ. არ იყო ეს კარგი. არ მინდა ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც მეფობს აგრესია, ძალადობა და ლამის თეოკრატია გვაქვს.

 

ჩემი მთავარი მიზანი იცი რა არის? იქ კიდევ ახალგაზრდა ბავშვები იყვნენ, მე ხომ წარმავალი ვარ და 4 წელში პენსიონერი ვიქნები და ახალ თაობას რას ვახვედრებთ, ესაა ჩემი მიზანი.

 

საქართველოს პროკურატურის მუშაობით უკმაყოფილო ხარ?


მე ჩემი განცხადება დავწერე. დავწერე ის, რომ უხეშად მელაპარაკებოდნენ, რამდენჯერმე ხელის აწევაც იყო, ვერ მოვიტყუები, რომ ვინმემ დამარტყა, მაგრამ დარტყმაზე უარესია ბევრი რამ, ლანძღვა და გინება.

 

2012 წლის ზაფხულში, რომ გავიდა ორი თვე, შსს-დან მომივიდა წერილი, ვიღაც ორი უცნობი ადამიანი დააჯარიმეს 100-100 ლარით და დამთავრდა ამით ყველაფერი. უბრალოდ, მოგვიშორეს თავიდან.

 

გულისტკივილით მინდა აღვნიშნო, რომ ჟურნალისტების დიდი ნაწილი ამას უწოდებდა გეი აღლუმს. ეს არის ძალიან დიდი შეცდომა იმიტომ, რომ 17 მაისს მთელს მსოფლიოში ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღე აღინიშნება.

 

აქედან გამომდინარე, მოსახლეობის უმეტესმა ნაწილმა ეს არ იცის, ახალია. ჟურნალისტები მუდმივად ხმარობდნენ ახალ ამბებში, რომ თურმე ქართველი ჰომოსექსუალები აწყობდნენ გეი აღლუმს, ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა. მედიასაც სჭირდება დიდი თვალი და ყური, რომ მიიტანოს ინფორმაცია. მე ვფიქრობ, ინფორმაციის ნაკლებობაც იყო.

 

თინა ბილიხოძე
თინა ბილიხოძე

2012 წლის შემდეგ როგორ ვითარდება მოვლენები, რამდენად შეიცვალა დამოკიდებულება მოქალაქეების, სახელმწიფოს, პოლიციის მხრიდან?


არაფერი არ შეცვლილა, გაუარესდა მგონი. 2013 წელი ფაქტი იყო, 2014 წელს საერთოდ… სახელმწიფო უნდა გაძლევდეს ამის გარანტიას. კი ბატონო, გაიმართოს საპირისპირო აქცია, ყველას აქვს ამ ქვეყანაში სიტყვის უფლება, იმ მღვდელსაც და იმ მრევლსაც, ყველა ადამიანს. მარტოც შემიძლია გავმართო აქცია, მაგრამ ჩემი უფლებებიც უნდა იყოს დაცული, სხვისი უფლებებიც, ყველას უფლებები. და ღმერთის სახელით უბრალოდ მანიპულირებენ და პოლიტიკური პარტიებიც არ იქცევიან კარგად.

 

ერთი მხრივ, ადამიანების რაღაც ნაწილმა ცოტათი გაიგო და აქამდე რომ არ იცოდა, ახლა ვხედავ, რომ გაიგეს, რა მნიშვნელობა აქვს 17 მაისს. საპატრიარქომ 17 მაისი მოიპარა, ასე ვთქვათ, და გადააქცია თავის დღესასწაულად. ახლა ამ ადამიანებს მიდი და უხსენი, რომ 17 მაისი ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეა.

 

ახლა როგორ უნდა გაგრძელდეს აქტივიზმი ლგბტ ადამიანების უფლებების დასაცავად?

აქტივიზმი უნდა გაგრძელდეს, ადამიანის უფლებების დაცვა ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ საჭიროა, თითოეული ჩვენგანის. ჩვენც უნდა ვიცოდეთ ეს კანონიები, არათუ სხვებს უნდა ვასწავლოთ, ჩვენც უნდა შევითვისოთ ყველაფერი და ვფიქრობ, უნდა გაგრძელდეს შემეცნებითი გადაცემები, ჟურნალისტებმა ყურადღება უნდა დაუთმონ, მაგალითად, იმის განმარტებებს- როგორ ხდება, რა ხდება. დასავლეთმა ასე ნაბიჯ-ნაბიჯ მიაღწია, თორემ უცბად კი არ შემქნილა ის სისტემები, რაც მოგვწონს. იმედი მაქვს, რომ რაღაც შედეგს გამოიღებს და მომავალი თაობები მაინც უფრო თავისუფალ ქვეყანაში იცხოვრებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი