ახალი ამბები

ქუცნაშვილი: არ უნდა ვუყუროთ ევროპას ისე, ერთი უფროსი ძმა მოვკალით და ახლა მეორე გვყავს

13 მაისი, 2015 • 1277
ქუცნაშვილი: არ უნდა ვუყუროთ ევროპას ისე, ერთი უფროსი ძმა მოვკალით და ახლა მეორე გვყავს

ქუცნაშვილი ამბობს, რომ ჩვენი ქვეყანა დემოკრატიულია და ადამიანებს თავისი შეხედულებების ფიქსაციის არ ეშინიათ. დეპუტატი NDI-ის კვლევას საშიშად არ მიიჩნევს. მისი თქმით, დღეს რუსეთის აგრესიულმა პოლიტიკამ ევროპაში ბუნებრივად წარმოშვა მოქალაქეების ნაწილში განცდა, რომ ”ძლიერის” მხარე დაეჭირათ:

”მიმაჩნია, რომ ჩვენი ქვეყანა დემოკრატიულია და ადამიანებს თავისი შეხედულებების ფიქსაციის არ ეშინიათ. არ ვუყურებ ამ ბალანსს საშიშად იმიტომ, რომ დღეს რუსეთის აგრესიულმა პოლიტიკამ ევროპაში ბუნებრივად წარმოშვა მოქალაქეების ნაწილში განცდა, რომ ”მოდი, ძლიერის მხარე ხომ არ დავიჭიროთ”. საერთოდ, ასე იყო, ალბათ – ადამიანების ერთი ჯგუფი არჩევს ძლიერს საორიენტაციოდ და არა გრძელვადიანი თვალსაზრისით სასარგებლოს. მე ვერ დავარქმევდი დასავლეთს სუსტს. ისინი უყურებენ ასეთი კონტექსტით, მაგრამ, თუ შევხედავთ თანაფარდობას (68% – 31%-ზე), ორჯერ მეტია საქართველოს ისტორიული არჩევანის მხარდამჭერთა რაოდენობა. ამიტომაც მე ყველგან ვამბობ ასეთ რამეს, რომ დღეს თუ საზოგადოების ყურადღება გადატანილია იმაზე, რიგის სამიტი ჩვენ მოგვცემს თუ არა უვიზოდ გადაადგილების უფლებას ევროპაში, ჩვენ არ უნდა შევხედოთ რიგის სამიტს მარტო ამ კონტექსტში.”

 

როგორც ქუცნაშვილი აცხადებს, დღეს საქართველო 4-5 თემაზე აწარმოებს მოლაპარაკებას რიგის სამიტზე. მეორე არხის ეთერში დეპუტატმა სამ ძირითად მიმართულებაზე ისაუბრა. მისი თქმით, ჩვენ არ უნდა ვუყუროთ ევროპას ისე, თითქოს ერთი უფროსი ძმა მოვკალით და ახლა მეორე გვყავს:

 

”ჩვენ 4-5 თემაზე ვაწარმოებთ მოლაპარაკებას. ერთი მიმართულებაა ევროპის იაფ ფულთან ხელმისაწვდომობის დაშვების საკითხი და დღეს, სხვათა შორის, ევროპის რეკონსტრუქციის განვითარების ბანკმა ბრძანა, რომ იწყებს ქართული კომერციული ბანკების გვერდის ავლით, პირდაპირ საშუალო და მცირე ბიზნესების დაკრედიტებას. ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ შუამავალი რგოლის ამოგდებით მცირდება მომსახურების თანხის ოდენობა. მარტივად რომ ვთქვათ, გაიაფდება ფული ქართული ბიზნესისთვის. მეორე – ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროპულ შესყიდვებთან ხელმისაწვდომობა. დღეს ევროპულ კომპანიებს აქვთ საქართველოს შესყიდვებზე ხელმისაწვდომობა და ქართულ კომპანიებს არ შეუძლიათ მიიღონ იქაური გზის, იქაური სახლის, იქაური ხიდის მშენებლობაში. ქართულ კომპანიებს ეს არ შეუძლიათ და ცალმხრივად არის ხელმისაწვდომი შესყიდვების ბაზარი. ასევე, უმნიშვნელოვანესია ჩვენთვის პროდუქტების სტანდარტების ჰარმონიზება. ჩვენ თურქეთის გავლით კი არ უნდა ვვაჭრობდეთ ევროპასთან, ან სხვა ქვეყნის გავლით, ჩვენ პირდაპირ უნდა ვივაჭროთ ევროპის ქვეყნებთან და ვნახოთ რამდენჯერმე მეტი მოგება, ვიდრე შუამავლის გავლით ვნახულობთ, შედარებით მცირე ოდენობით. ვნახულობთ მოგებას, მაგრამ შედარებით მცირე ოდენობის. ასე რომ, ევროპასთან სალაპარაკო ჩვენ ბევრი გვაქვს. ოპოზიცია, სხვათა შორის, გვაკრიტიკებს ასეთ რაღაცაზე, რომ ევროპელებს რატომ არა აქვთ 365 დღიდან 365 დღე უვიზოდ ყოფნის უფლება. ჩვენ ვეუბნებით – ევროპელებს საქართველოში ყოფნის უფლება აქვთ 190 დღიდან 90 დღე უვიზოდ ყოფნის უფლება. ისინი გვეუბნებიან: არა! რატომ არ აქვთ 665-დან 665 დღე? ჩვენ ვეუბნებით: კაცო, ქართველებს რომ ერთი დღით ყოფნის უფლებაც არა აქვთ უვიზოდ ევროპაში, იმას როგორ უყურებთ? ამიტომაც, თუ ჩვენ გვინდა, ეს პროცესი და ევროსკეპტიკოსთა რაოდენობა არ გაიზარდოს, სვლა უნდა იყოს ორმხრივი მიმართულებით. ჩვენ უნდა მოგვეცეს უფლება, რომ ჩვენს მოქალაქეებს… გასაგებია, რომ ვერ გავათანაბრებთ და არ გვაქვს ის მოლოდინი, რომ რადგან ევროპელებს 80 დღე შეუძლიათ უვიზოთ იყვნენ 190 დღიდან, ქართველებსაც მოგვცემენ ამ უფლებას. ერთი კვირა მოგვცენ უფლება, 10 დღე მოგვცენ უფლება. ურთიერთსარგებლიანი პროცესი უნდა წავიდეს. ჩვენ არ უნდა ვუყუროთ ევროპას ისე, თითქოს ერთი უფროსი ძმა მოვკალით და ახლა მეორე გვყავს.”

 

ქუცნაშვილი ამბობს, რომ ევროპასთან ჩვენი მთავარი პრინციპი უნდა იყოს სარგებლიანობაზე დაფუძნებული პარტნიორობა. მისი თქმით, თუ ქართველი ხალხი დაინახავს ამ არჩევანის სარგებლიანობას, დარჩება ქვეყნის ისტორიული არჩევანის ერთგული.

 

”როგორც პარტნიორს, ისე უნდა შევხედოთ. სარგებლიანობაზე დაფუძნებული პარტნიორობა – ეს უნდა იყოს ჩვენი პრინციპი ევროპასთან. დაინახავს ქართველი ხალხი, რომ ისტორიულ არჩევანთან არის სარგებელი, დარჩება ამ არჩევანის ერთგული. დაინახავს, რომ ეს არჩევანი არის ცალმხრივი, რა თქმა უნდა, ევროსკეპტიკოსების რაოდენობა გაიზრდება. აქ ჩვენ არ უნდა მოგვერიდოს ეროვნული ინტერესების დაცვა. ეს ძალიან მარტივი მომენტია: არც უნდა ყალბ პატრიოტიზმში, ურა და ვაშას ძახილში. მეორე მხრივ, რა სტანდარტიც არის იმათთვის, იგივე 90-დღიანი თავისუფლება მოვითხოვოთ. თავისუფლად შეიძლება მოვითხოვოთ ის 7-დღიანი თუ 10-დღიანი უფლება, რომ ჩავიდეს ელემენტარულად მშობელი შვილთან, მოინახულოს, და – ძმასთან, ბიძაშვილი – ბიძაშვილთან და ა.შ. ეს ნორმალურია და ამის მოთხოვნა ჩვენ შეგვიძლია. ასე რომ, მე არ ვუყურებ ამ გამოკვლევის შედეგებს, როგორც რამე საგანგაშოს. პირიქით, ეს სიგნალი იქნება მათ შორის ყველასთვის, მათ შორის ჩვენი პარტნიორებისთვის, რომ ეს ურთიერთობა უნდა გაღრმავდეს. მათ შორის, გაღრმავდეს ორმხრივი მიმართულებით და ხალხმა დაინახოს კონკრეტული სარგებელი ამ ურთიერთობიდან,” – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

 

ზაქარია ქუცნაშვილი
ზაქარია ქუცნაშვილი

 

NDI-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 65 პროცენტისთვის მისაღებია საქართველოს მთავრობის მიერ გაცხადებული მიზანი იმის შესახებ, რომ საქართველო ნატოს წევრი უნდა გახდეს. 20 პროცენტისთვის ეს დეკლარაცია მიუღებელია, ხოლო 14 პროცენტს პასუხი არ აქვს. რაც შეეხება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას, 68 პროცენტისთვის ეს გადაწყვეტილება მისაღებია, 16 პროცენტისთვის არა, ხოლო 16 პროცენტს პასუხი არ აქვს.

 

კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 31 პროცენტი აცხადებს, რომ მისთვის მისაღებია საქართველოს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება, 41 პროცენტისთვის ეს გადაწყვეტილება მიუღებელი იქნება, ხოლო 27 პროცენტს პასუხი არ აქვს.

 

კვლევის საველე სამუშაოები NDI-ის დაკვეთით ორგანიზაცია CRRC-მა ჩაატარა. სულ ქვეყნის მასშტაბით 27 მარტი – 19 აპრილის საანგარიშო პერიოდში 4360 ადამიანი გამოიკითხა წარმომადგენლობითი შერჩევის პრინციპით. კვლევის ცდომილების ზღვარი +/- 2.3 პროცენტს შეადგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი