ახალი ამბები

11 მილიონი დოლარის ღირებულების საჩუქარი საქართველოს ჩინეთიდან

12 მაისი, 2015 • • 1272
11 მილიონი დოლარის ღირებულების საჩუქარი საქართველოს ჩინეთიდან

სექტემბერში ვგეგმავთ მაღალი დონის ვიზიტს ჩინეთში, – ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.


ირაკლი ღარიბაშვილმა  ჩინეთის მთავრობის მიერ საქართველოსთვის 11 მილიონი აშშ დოლარამდე ღირებულების  თანამედროვე სპეცტექნიკის  გადაცემის ფაქტი შეაფასა და აღნიშნა, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების ახალი ეტაპი იწყება.


„ჩინეთის მხრიდან ეს არის დახმარება და საჩუქარი ქართველი ხალხისადმი– 253 ერთეული სხვადასხვა ტექნიკა,  ჯამში, 11 მილიონი დოლარამდე ღირებულების, სრულიად უფასოდ. ამას გამოიყენებს სოფლის მეურნეობის სამინისტრო იმ პროგრამის ფარგლებში, რომელიც ჩვენ დავიწყეთ რეგიონებში, რათა კიდევ უფრო ინტენსიურად და ეფექტიანად წავიდეს სამუშაოები,“–განმარტა პრემიერმა.


ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გააქტიურდა თანამშრომლობა ჩინეთთან სხვადასხვა მიმართულებით. მანვე ხაზი გაუსვა  შეთანხმებას ჩინეთსა და საქართველოს შორის „ახალი აბრეშუმის გზის – ეკონომიკური სარტყელის“ განვითარებისთვის თანამშრომლობის შესახებ. 


„საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობის მართლაც ახალი ეტაპი იწყება, გასულ თვეს გაფორმდა შეთანხმება საქართველოსა და ჩინეთს შორის ჩინეთის  პრეზიდენტის მიერ წამოწყებული ახალი კონცეფციის განვითარების თაობაზე. ეს არის ახალი აბრეშუმის გზის განვითარების იდეა თანამედროვე რეალობაში. ჩვენ ვართ ამ პროექტის მონაწილე ქვეყანა. ეს არის ისტორიული პროექტი, რომელიც ჩვენს ქვეყანას შესძენს და დაუბრუნებს იმ ფუნქციას, რომელიც მას ოდითგანვე ჰქონდა. რეალურად საქართველო გახდება ერთადერთი უმოკლესი დამაკავშირებელი გზა და ხიდი ევროპასა და აზიას შორის. ჩვენ მართლაც 15 დღემდე შეგვიძლია შევამციროთ ჩინეთის ტვირთების ტრანსპორტირება ევროპამდე და სწორედ ამიტომ გვჭირდება, რომ ის კორიდორი, რომელშიც ვიმყოფებით, გამოვიყენოთ მაქსიმალურად გონივრულად, რათა მეტი მნიშვნელობა შეიძინოს ჩვენმა ქვეყანამ. ეს ნიშნავს მეტ უსაფრთხოებას, მეტ დაცულობას და მეტ ინვესტიციებს სხვადასხვა ქვეყნებთან. ამ მიზნით ოქტომბერში ვატარებთ თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს, სადაც უმაღლესი დონის ვიზიტორები გვეყოლება. ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებმა უკვე დაადასტურეს ინტერესი,“–განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი