ახალი ამბები

EBRD-ის პრეზიდენტი საქართველოს ეწვია

12 მაისი, 2015 • • 1061
EBRD-ის პრეზიდენტი საქართველოს ეწვია

ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, სტუმრებს თბილისის აეროპორტში ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური დახვდა. ყოველწლიური შეხვედრის ოფიციალურ გახსნამდე EBRD-ის პრეზიდენტს დაგეგმილი აქვს ორმხრივი შეხვედრები პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან. დღეს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ერთად ხელი მოეწერება „ქვემო ქართლის მყარი ნარჩენების პროექტის“ განხორციელების ხელშეკრულებებს.


ნოდარ ხადური და EBRD-ის პრეზიდენტი თბილისის აეროპორტში/ფინანსთა სამინისტრო პრესსამსახურის ფოტო
ნოდარ ხადური და EBRD-ის პრეზიდენტი თბილისის აეროპორტში/ფინანსთა სამინისტრო პრესსამსახურის ფოტო

 

„უმნიშვნელოვანესი ღონისძიება იწყება თბილისში. იგეგმება ბევრი საინტერესო ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრა, როგორც სამთავრობო დონეზე, ისე ბიზნესმენებს შორის. განსაკუთრებით მნიშნელოვანია, რომ ეს ფორუმი იწყება EBRD-ის პრეზიდენტის, სერ სუმა ჩაკრაბარტის ვიზიტით, რომელსაც უკვე დაგეგმილი აქვს ორმხრივი შეხვედრები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ჩვენ ვიწყებთ სრულფასოვან მუშობას, რათა კიდევ უფრო გავზარდოთ საქართველოს საინვესტიციო ცნობადობა და ინტერესი. მსოფლიოს წამყვანი ბიზნესმენები სწორედ თბილისში გაუზიარებენ ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას და ახალი პროექტების განხორციელებაზე იმსჯელებენ,“ – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.

 

„უპირველეს ყოვლისა, მსურს აღვნიშნო – ნამდვილად ამაყი ვარ იმით, რომ EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრა და ბიზნესფორუმი, წელს კავკასიაში პირველად, საქართველოში ტარდება. ძალიან მნიშნელოვანია, რომ საქართველომ განხორციელებული რეფორმებით შექმნა მაგალითი იმისა, თუ რატომ უნდა განახორციელოს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა ინვესტიციები ამ რეგიონში. საქართველოში ჩვენ განხორციელებული გვაქვს 2.6 მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიცია სხვადასხვა სექტორში. თქვენი ქვეყანა მაგალითია როგორც EBRD-თვის, ისე რეგიონისთვის. ყოველწლიური შეხვედრა და ბიზნესფორუმი ნამდვილად უმნიშვნელოვანესი ღონისძიებაა, გამომდინარე იქიდანაც, რომ აღნიშნული ფორუმის ფარგლებში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი 5- წლიან სამოქმედო სტრატეგიას დაამტკიცებს. ამასთან, საქართველოს ეძლევა შესაძლებლობა, წარმოაჩინოს საკუთარი შესაძლებლობები ეკონომიკის განვითარებისთვის. საქართველო დღეს მოვლენების, წინსვლის ეპიცენტრშია,” – აღნიშნა EBRD-ის პრეზიდენტმა სერ სუმა ჩაკრაბარტიმ.

 

მან კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრის თბილისში ჩატარების მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარე საერთაშორისო ფორუმი შედეგის მომტანი იქნება როგორც მასპინძელი ქვეყნისთვის, ისე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი