ახალი ამბები

ლაშა ბაქრაძე: ვინც ამ ბაფთებს იკეთებს, რუსულ იმპერიალიზმს და აგრესიას მხარს უჭერს

12 მაისი, 2015 • • 1411
ლაშა ბაქრაძე: ვინც ამ ბაფთებს იკეთებს, რუსულ იმპერიალიზმს და აგრესიას მხარს უჭერს

ლაშა ბაქრაძე მიიჩნევს, რომ თუ საქართველო რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგია, მტრულად განწყობილი სახელმწიფოს სიმბოლიკა აკრძალული უნდა იყოს.

 

“ვისაც ახსოვს საბჭოთა დრო, მას ეხსომება, რომ ეს ფერები, ეს სიმბოლიკა საბჭოთა პერიოდში გამოყენებული არ ყოფილა. 2005 წლიდან პუტინის ინიციატივით გამოყენებული ბაფთებია, რომელსაც მიზანმიმართულად რუსული იმპერიალიზმის პროპაგანდისთვის იყენებენ. ბაფთების მილიონობით ეგზემპლიარს რუსული ფულით შექმნილი ორგანიზაციები მთელი მსოფლიოს გარშემო ავრცელებენ. ვინც ამ სიმბოლოს იკეთებს, ის ემხრობა რუსეთს და საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგია. ათი წლის წინ ამ სიმბოლიკის ასე წინააღმდეგი არ ვიქნებოდი, რადგან მაშინ არ ჰქონდა ეს დატვირთვა, რაც ბოლო 10 წლის განმავლობაში შეიძინა “, –  ამბობს ბაქრაძე.

 

მისივე განმარტებით, საზოგადოებაში ბოლომდე გააზრებული არ არის, რომ “რუსეთი საქართველოს მტერია”.

 

“სამწუხაროდ, ამას ხელს უწყობს პოლიტიკურ წრეებში არაერთაზროვანი გამოთქმებიც, როდესაც ერთი მინისტრი ამბობს, რომ რუსეთი მტერი არ არის და რუსეთთან რაღაც ურთიერთობები უნდა ვიქონიოთ. როდესაც მტერი არ არის სახელდებული და არ ამბობს, რომ ეს არის მტერი, მის სიმბოლიკაზეც ორაზროვანი დამოკიდებულება იქნება”.

 

რაც შეეხება აღიშნული ბაფთების აკრძალვის სამართლებრივ კუთხეს, ლაშა ბაქრაძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს ინტერესისა და პოლიტიკური ნების შემთხვევაში კონკრეტული კანონის მიღებაც შეიძლება, თუმცა “ბევრად უფრო მნიშვნელოვანია საზოგადოების შეგნება და გააზრება, რომ მათი ტარება ქვეყნისთვის შეურაცხმყოფელია”. 

 

“კანონის ფარგლებში ყველაფერი შეიძლება არ რეგულირდებოდეს, მაგრამ, მაგალითად, ქართველმა მესაზღვრეებმა ამნაირი სიმბოლიკით შემკული მანქანები და მოტიციკლეტები არ უნდა გამოატარონ საზღვარზე. შსს-ს შეუძლია გასცეს ამგვარი დირექტივა”.


9 მაისს ვაკის პარკში ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავთან დაკავშირებით, ე.წ. გიორგის ლენტებით, რომლებსაც საზოგადოების გარკვეული ნაწილი რუსეთის ოკუპაციისა და იმპერიალიზმის სიმბოლოდ აღიქვამს, მოქალაქეები მივიდნენ. ლენტების გამოს წარმოქმნილი დაპირისპირებისა და კერძოდ, ლენტების ჩამოხსნის გამო შვიდი ადამიანი დააკვეს. დაკავებულთა ნაწილს სასამართლომ 100–ლარიანი ჯარიმა დააკისრა, ნაწილს კი – შენიშვნა გამოუცხადა.


ლაშა ბაქრაძე; ფოტო: ლაშა ბაქრაძის ფეისბუქის გვერდიდან
ლაშა ბაქრაძე; ფოტო: ლაშა ბაქრაძის ფეისბუქის გვერდიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი