ახალი ამბები

პრემიერი: ქართულ-ამერიკული სამხედრო სწავლება არ არის კონკრეტული საფრთხის წინააღმდეგ

11 მაისი, 2015 • • 965
პრემიერი: ქართულ-ამერიკული სამხედრო სწავლება არ არის კონკრეტული საფრთხის წინააღმდეგ

„საქართველომ მრავალჯერ დაადასტურა, რომ შესწევს უნარი, საკუთარი წვლილი შეიტანოს მსოფლიოს უსაფრთხოების განმტკიცებაში. ჩვენი შეიარაღებული ძალები ალიანსის წევრი ქვეყნების სამშვიდობო ძალებთან ერთად იბრძვიან მსოფლიოში უსაფრთხოების განმტკიცებისა და მშვიდობის დამყარებისთვის. მინდა, საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით მადლობა გადავუხადო ჩვენს გმირ ჯარისკაცებს, რომლებიც აძლიერებენ ქართულ სახელმწიფოს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, სწავლების სახელწოდება – „ღირსეული პარტნიორი“, სიმბოლურია, რადგან ქართული შეიარაღებული ძალები ყველაფერს აკეთებენ, რათა საქართველომ აშშ-ს ღირსეული პარტნიორობა გაუწიოს.


“მინდა სიამაყით აღვნიშნო, რომ სამხედრო სწავლება – “ღირსეული პარტნიორი“ პირველად ტარდება და ამერიკასა და საქართველოს შორის მტკიცე სამხედრო თანამშრომლობის კიდევ ერთი დადასტურებაა. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ სწავლება არ არის მიმართული რაიმე კონკრეტული საფრთხის წინააღმდეგ. ეს სწავლება მიზნად ისახავს ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებს შორის ურთიერთთავსებადობის გაზრდას, რათა მთელი მსოფლიოს მასშტაბით უზრუნველყოფილი იყოს კრიზისების ოპერაციების მხარდაჭერა. დარწმუნებული ვარ, ქართველი სამხედროები, როგორც გამორჩეულად ერთგული და ღირსეული ჯარისკაცები, შესაფერის პარტნიორობას გაუწევენ თავიანთ ამერიკელ კოლეგებს, მიიღებენ სათანადო გამოცდილებას და მზად იქნებიან ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში მონაწილეობისთვის“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.


„ღირსეული პარტნიორი“, რომელიც საველე სწავლებასა და საბრძოლო სროლებს მოიცავს, ვაზიანში 11-25 მაისს ტარდება. სწავლებაში 600-მდე ქართველი და ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას. 

ქართულ-ამერიკული სამხედრო სწავლება
ქართულ-ამერიკული სამხედრო სწავლება

მასალების გადაბეჭდვის წესი