ახალი ამბები

“არის თუ არა საბჭოთა სიმბოლო ე.წ. გიორგის ლენტი, მსჯელობის საგანი უნდა გახდეს”

11 მაისი, 2015 • • 1304
“არის თუ არა საბჭოთა სიმბოლო ე.წ. გიორგის ლენტი, მსჯელობის საგანი უნდა გახდეს”

იურისტი მიიჩნევს, რომ აღნიშნული საკითხი ისტორიკოსებისა და იმ კომისიის მსჯელობის საგანი უნდა გახდეს, რომელიც “თავისუფლების ქარტიის” იმპლემენტაციისთვის შეიქმნა. 

 

“სწორედ კომისია არის ორგანო, რომელიც ამ სიმბოლიკას უნდა ებრძოდეს. შსს-ში “თავისუფლების ქარტიის” იმპლემენტაციაზე პასუხისმგებელი კომისიაა პასუხისმგებელი იმაზე, რომ თუ საჯარო სივრცეში ჩნდება ტოტალიტარული საბჭოთა სიმბოლიკა, დაავალოს სახელმწიფო წარმომადგენელს, ამოიღოს ის. 

 

გარდა ამისა, ამ საკითხის განხილვაში სხვა დისციპლინების ჩართვაა საჭირო. ყველაზე ლეგიტიმურად მიმაჩნია ისტორიკოსების ჩართვა. რა თქმა უნდა, შეიძლება რაიმე სიმბოლო წარმოიშვას ერთ კონკრეტულ ისტორიულ მონაკვეთში და შედეგ შეიცვალოს მისი დანიშნულება, ასოცირება სხვა ფაქტთან მოხდეს, მაგრამ არის თუ არა ის საბჭოთა სიმბოლიკა, ამაზე საუბრისგან თავს შევიკავებდი”, – ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

 

საიას თავმჯდომარის განცხადებითვე, მოქალაქეებმა საკუთარ თავზე არ უნდა აიღონ სახელმწიფოს ფუნქციის შესრულება.

 

“სახელმწიფო ქმედითია თუ უმოქმედოა, სამართლებრივ სივრცეში ეს მაინც არ ქმნის იმ გარემოებას, რომ კონკრეტულმა პირმა სახელმწიფო ფუნქციის შესრულება საკუთარ თავზე აიღოს. სახელმწიფო ინსტიტუტების ჩანაცვლება ხდება მოქალაქეების მხრიდან. ჩვენ ვალდებულები ვართ დავემორჩილოთ კანონს. რა თქმა უნდა, შეიძლება იწვევდეს ეს ადამიანების აგრესიას, მაგრამ თუ ვხედავთ, რომ სახელმწიფო უნდა მოქმედებდეს კონკრეტულ შემთხვევაში, მაგრამ არ აკეთებს ამას, სწორედ ამაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება”.

 

იურისტის განმარტებითვე, საია გეგმავს დაინტერესდეს, თუ როგორ რეაგირებს აღნიშნული კომისია ზოგადად მსგავს ფაქტებზე.

 

“და არა მხოლოდ თბილისში მომხდარ ფაქტებზე. მაგალითად, ცალსახად  ვიცით, რომ გორში 9 მაისს გამოყენებული სიმბოლოკა [სტალინის ბიუსტი] ნამდვილად საბჭოთა იყო”. 


9 მაისს ვაკის პარკში ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავთან დაკავშირებით, ე.წ. გიორგის ლენტებით, რომლებსაც საზოგადოების გარკვეული ნაწილი რუსეთის ოკუპაციისა და იმპერიალიზმის სიმბოლოდ აღიქვამს, მოქალაქეები მივიდნენ. ლენტების გამოს წარმოქმნილი დაპირისპირებისა და კერძოდ, ლენტების ჩამოხსნის გამო შვიდი ადამიანი დააკვეს. დაკავებულთა ნაწილს სასამართლომ 100–ლარიანი ჯარიმა დააკისრა, ნაწილს კი – შენიშვნა გამოუცხადა.


“თავისუფლების ქარტიის” იმპლემენტაციაზე პასუხისმგებელი კომისიის წევრის, ლევან ბერძენიშვილის განმარტებით, “გიორგის ლენტი” არც კომუნისტურ და არც ტოტალიტარულ პროპანგანდისტულ სიმბოლოს არ წარმოადგენს. შესაბამისად, ბერძენიშვილი ამბობს, რომ ამ კონკრეტულ სიმბოლოს, დღეს, კანონის ფარგლებში, სახელმწიფო ვერ შეებრძოლება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი