ეკონომიკა

EBRD-ის კონფერენციის პარალელურად “მწვანეები” საპროტესტო აქციას გამართავენ

11 მაისი, 2015 • • 1444
EBRD-ის კონფერენციის პარალელურად “მწვანეები” საპროტესტო აქციას გამართავენ
14-15 მაისს თბილისში EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრა და ბიზნესფორუმი იმართება, რომლის ორგანიზებისთვის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სახელმწიფომ 17 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა. ბიზნესფორუმის ფარგლებში საქართველოს 60-ზე მეტი ქვეყნის მაღალი დონის დელეგაცია, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და 1500-მდე ბიზნესმენი ეწვევა.
 
 
“გვინდა, რომ მივმართოთ EBRD-ის ფონდს, გადახედოს საინვესტიციო პოლიტიკას, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში ატარებს. “დარიალი ჰესი”, “შუახევის ჰესი”, “ფარავან ჰესი”, ეს ის პროექტებია, რომლებსაც აფინანსებს ევროპის განვითრებისა და რეკონსტრუქციის ბანკი. არ არის ქვეყანაში მთავარი ინვესტიციის შემოტანა. მთავარია, რას მოხმარდება ეს ინვესტიცია, როგორ დაიგეგმება პროექტი და როგორ განხორციელდება. არ არის საკმარისი დასკვნები და კვლევები ჩატარებული, რომ საქართველომ ამხელა ჰიდროპროექტები განახორციელოს,” – განაცხადა “ნეტგაზეთთან” საუბარში სტუდენტური მოძრაობა “მწვანე მუშტის” წევრმა ხატია მაღლაფერიძემ. აქციის ორგანიზატორი სწორედ “მწვანე მუშტია”. 
 
 
“მწვანე მუშტის” აქცია – „არა სახიფათო ჰიდროპროექტებს!“,  თბილისში,”პიონერთა სასახლესთან” 14 მაისს, დილის 8:30-დან 11:00-მდე გაიმართება.
 
 
ხატია მაღლაფერიძე ამბობს, რომ ერთი საპროტესო აქცია შედეგს ვერ მოიტანს, თუმცა იქნება გარკვეული სიგნალი EBRD-ისთვის, რომ იმ პროექტებში, რომლებსაც ბანკი აფინანსებს, ყველაფერი რიგზე ვერ არის. 

 

EBRD-ის საინვესტიციო პორტფელი საქართველოში
 

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი EBRD-ი 1991 წელს დაარსდა. ბანკი იყენებს საინვესტიციო ინსტრუმენტებს, რათა ცენტრალური ევროპისა და აზიის 30 ქვეყანაში შეიქმნას საბაზრო ეკონომიკა და განვითარდეს დემოკრატია. EBRD-ი გასცემს სესხებს, გარანტიებს, სალიზინგო ობიექტებისა და სავაჭრო დაფინანსებას.

 

EBRD-მა საქართველოში 2014 წლის 31 დეკემბრამდე 175 პროექტი დააფინანსა და 2,291 მლნ ევრო დახარჯა. ამ თანხიდან 49% ენერგოსექტორზე, 37% საფინანსო ინსტიტუტებზე, 12% ინდუსტრიასა და აგრობიზნესზე, ხოლო 2% ინფრასტრუქტურაზე დაიხარჯა. 


ენერგოპროექტები, რომლებიც EBRD-მა დააფინანსა

 

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა საქართველოში სამი დიდი ჰიდროელექტროსადგურის პროექტი დააფინანსა: 87 მგვტ ფარავანი ჰესი, 109 მგვტ დარიალი ჰესი და 185 მგვტ შუახევიჰესი. 

 
 
ფარავანი ჰესი


“ფარავანი ჰესი დერივაციული ტიპის ჰიდროელექტროსადგურია, რომელიც გულისხმობს 14 კმ სიგრძის გვირაბის მშენებლობას და მდ. ფარავნის საშუალო მრავალწლიური ხარჯის 90%-ის გადაგდებას მდინარე მტკვარში, სოფელ ხერთვისიდან დაახლოებით 700 მეტრის მანძილზე. მდინარე ფარავანში კი დარჩა მხოლოდ 10%, რამაც უკვე გამოიწვია მდინარე ფარავნის ეკოსისტემის განადგურება და წითელ ნუსხაში შესული მდინარის კალმახის პოპულაციის გაქრობა”, – ნათქვამია მწვანე მუშტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 
“მწვანე მუშტის” ინფორმაციით, მდინარე ფარავნის 90%-ის დამატებამ მდინარე მტკვარში გაზარდა სოფელ ხერთვისის დატბორვის რისკიც, მოსახლეობის პროტესტის გამო EBRD და ფარავანი ჰესის მფლობელ კომპანია „ჯორჯიან ურბან ენერჯის“ შორის შედგა შეთანხმება, რომლის ფარგლებში მომზადდა სოფელ ხერთვისის დატბორვის რისკების შეფასების ანგარიში, თუმცა კომპანია დღემდე არ ასაჯაროებს დოკუმენტის შინაარსს. 
 

ფარავანი ჰესის პროექტში, ისევე, როგორც მაკედონიასა და ხორვატიაში დაგეგმილ ჰიდროპროექტებში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის შიდა გამოძიებამ გარემოსდაცვითი და სოციალური პოლიტიკის დარღვევები დაადასტურა.
 
 
ამის თაობაზე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ბანკებზე დამკვირვებელთა ქსელმა (CEE Bankwatch Network) და მისმა წევრმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ასოციაცია “მწვანე ალტერნატივამ” (საქართველო), “ეკო-სვესტიმ” (მაკედონია) და “ზელენა აქცია/დედამიწის მეგობრებმა “ (ხორვატია) ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.


შუახევი ჰესი


“შუახევის შერეული ტიპის ჰესის პროექტი ითვალისწინებს 22 მეტრის სიმაღლის სხალთის კაშხლის (წყალსაცავი 19.4 ჰექტარი), 39 მეტრი სიმაღლის დიდაჭარის კაშხლისა (წყალსაცავი 16.9 ჰექტარი) და თითო დამბის მოწყობას მდ. აჭარისწყალზე, მდ. სხალთასა და მდ. ჩირუხისწყალზე. დაგეგმილია მდინარეში მხოლოდ მდინარის საშუალო მრავალწლიური ხარჯის 10%-ის დატოვება, რაც უცილობლად გამოიწვევს მდინარის ეკოსისტემის განადგურებას და წითელი ნუსხის სახეობების გაქრობას”, – ნათქვამია მწვანე მუშტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 
“მწვანე მუშტის” ინფორმაციით, საპროექტო არეალი მდებარეობს უაღრესად აქტიურ მეწყერსაშიშ ზონაში. მიუხედავად ამისა, სამშენებლო პროცესი კომპანიამ ისე დაიწყო, რომ საპროექტო არეალის დეტალური გეოლოგიური შესწავლა არ ჩაუტარებია. შესაბამისად, არ იქნა სათანადოდ შესწავლილი შუახევიჰესის მშენებლობის ზემოქმედება იმ სოფლებზე, რომლებიც საპროექტო არეალის მიღმა აღმოჩნდნენ. 
 
მიუხედავად ადგილობრივი მოსახლეობის სრულიად სამართლიანი მოთხოვნისა, რომ მათთან გაფორმებულიყო საგარანტიო ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოებით მიყენებული ზიანის ანაზღარურება მოხდებოდა მსოფლიო ბანკის სტანდარტების შესაბამისად, კომპანიამ აღნიშნული საგარანტიო ხელშეკრულებების გაფორმებაზე უარი განაცხადა. 2014 წლის 8 მარტს ადგილობრივი მოსახლეობის მიერ გამართული აქცია(რომელის უმრავლესობასაც ქალები შეადგენდნენ) ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ პოლიციის დახმარებით სასტიკად დაარბია.

 
“მწვანე მუშტის” ინფორმაციით, დეტალური გეოლოგიური შესწავლის გარეშე დაწყებულმა შუახევიჰესის მშენებლობამ უკვე გამოიწვია საპროექტო არეალის მიმდებარე სოფლებში მეწყრული პროცესების გააქტიურება და მოსახლეობის კუთვნილი სახლების დაზიანება, კომპანია კი დღემდე უარს აცხადებს საკომპენსაციო ღონისძიებების გატარებაზე.


დარიალი ჰესი


დარიალის ჰიდროელექტროსადგურის (ჰესი) პროექტი ითვალისწინებს მდინარე თერგზე, დარიალის ხეობაში, საქართველო-რუსეთის საზღვართან ახლოს, 109 მეგავატი დადგმული სიმძლავრის დერივაციული ტიპის ჰესის მშენებლობას და მდინარის წყლის საშუალო მრავალწლიური ხარჯის 90%-ის სადერივაციო არხსა და გვირაბში გადაგდებას.
 
 
“მწვანე მუშტის” ინფორმაციით, მდინარე თერგის დაახლოებით 8 კმ სიგრძის მონაკვეთი, პრაქტიკულად, წყლის გარეშე რჩება. სულ 11 კმ სიგრძის დარიალის ხეობის 8 კმ-იან მონაკვეთზე რადიკალურად შეიცვლება ლანდშაფტი და ხეობა დაკარგავს ისტორიულად ჩამოყალიბებულ კულტურულ-ეთნოგრაფიულ ფასეულობას და ტურისტულ მნიშვნელობას. აღნიშნულის ნათელ მაგალითს სწორედ ფარავანჰესი წარმოადგენს. საპროექტო არეალმა მოიცვა ყაზბეგის ეროვნული პარკის ტერიტორიის ნაწილი, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, ვინაიდან კანონმდებლობით ეროვნული პარკის ტერიტორიაზე აკრძალულია ჰესის მშენებლობა. 

 
“მწვანე მუშტში” აცხადებენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების, გარემოსდაცვითი მოძრაობებისა და გეოლოგების არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, კომპანიის მხრიდან არ მოხდა გეოდინამიკური პროცესების განვითარების რისკების სათანადო შეფასება, რაც უკავშირდებოდა საპროექტო არეალში არსებულ 4 ღვარცოფულ მდინარეს.
 
 
დარიალის ხეობაში 2014 წლის 7 მაისსა და 22 აგვისტოს მდ. დევდორაკზე ჩამოწოლილმა მეწყერმა შეიწირა 10 ადამიანის სიცოცხლე.

 
“ამასთან, დარიალი ჰესის შემთხვევაში აშკარა იყო კორუფციის ნიშნებიც, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ ჰესის მშენებლობა „დარიალი ენერჯიმ“ 2011 წლის სექტემბერში შესაბამისი ნებართვების გარეშე დაიწყო, ნებართვები კი დაჩქარებული წესით და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის გარეშე მხოლოდ 3 თვის შემდეგ, 2011 წლის ნოემბერში მიიღო. აღნიშნულის თაობაზე გენერალურ პროკურატურაში დღემდე მიმდინარეობს გამოძიება”, – ნათქვამია კვლევაში “ენერგოპროექტები და კორუფცია საქართველოში,” რომელიც 2013 წლის 7 ნოემბერს სხვა ორ კვლევასთან ერთად ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივამ” წარმოადგინა. 
 

რას ითხოვს “მწვანე მუშტი”


სტუდენტური ორგანიზაცია ითხოვს, EBRD-მა შეწყვიტოს საქართველოში ჰიდროელექტროსადგურების დაფინანსება იმ დრომდე, სანამ: 

• არ მოხდება ქვეყნის ენერგეტიკული საჭიროების შეფასება, რომლის საფუძველზე უნდა შემუშავდეს ენერგეტიკის სტრატეგიული განვითარების გეგმა; 

• არ დაიწყება ქვეყანაში წყლის (მდინარეების) ინტეგრირებული სააუზო მართვის სისტემაზე გადასვლისთვის ზრუნვა და მდინარეთა სტატუსების განსაზღვრა;

• არ დაინერგება მსოფლიოში აპრობირებული დაგეგმვისა და ზემოქმედების შეფასების ინსტრუმენტები.

უშუალოდ ზემოაღნიშნულ პროექტებთან დაკავშირებით კი, მოითხოვენ:

• სასწრაფოდ გამოქვეყნდეს სოფელი ხერთვისის დატბორვის რისკების შეფასების კვლევა და მოხდეს მისი საჯარო განხილვა;

• სასწრაფოდ გაუქმდეს სასესხო ხელშეკრულება დარიალი ენერჯისთან, რათა თავიდან იქნეს აცილებული ბუნებრივი კატაკლიზმების შედეგად მოყენებული ეკონომიკური ზარალი, ადამიანური მსხვერპლი და ხევის ეკოსისტემის განადგურება;

• შეუწყდეს დაფინანსება შუახევიჰესის მშენებელ კომპანიას იმ დრომდე, სანამ არ მომზადდება საპროექტო არეალის დეტალური გეოლოგიური შესწავლა და მისი ზემოქმედება მიმდებარე სოფლებზე.

 
 

 

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი