ეკონომიკა

ქადაგიძე: არ ვაპირებთ სავალუტო რეზერვების განიავებას

8 მაისი, 2015 • • 1343
ქადაგიძე: არ ვაპირებთ სავალუტო რეზერვების განიავებას

ამის შესახებ ჟურნალისტებს გიორგი ქადაგიძემ დღეს, ეროვნულ ბანკში სავალუტო ფონდის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

კითხვაზე, შედის თუ არა ლარის სტაბილურობა ეროვნული ბანკის ფუნქციებში და ეკისრება თუ არა პასუხისმგებლობა, გიორგი ქადაგიძე ასე პასუხობს:

 

„თუ გვაქვს მეტი სავალუტო შემოდინება, კურსს აქვს გამყარების მიმართულება, თუ გვაქვს ნაკლები შემოდინება, კურსს აქვს გაუფასურების მიმართულება. ეს არის ანბანური ჭეშმარიტება ეკონომიკის. კურსთან დაკავშირებით შემიძლია დადებითი მონაცემები გითხრათ კურსზე გავლენასთან დაკავშირებით, ეს არის აპრილის თვის წინასწარი მაჩვენებლები იმპორტის, რომელიც მნიშვნელოვნადაა შემცირებული. ეს კი ნიშნავს იმას, რომ უკვე არსებულმა გაუფასურებამ გავლენა მოახდინა იმპორტზე და საგადასახდელო ბალანსის კორექტირება დაწყებულია, რაც ნიშნავს იმას, რომ სხვა თანაბარ პირობებში ადგილი არ უნდა ჰქონდეს გაუფასურებას. რა თქმა უნდა, მოკლევადიან პერიოდში მერყეობას ადგილი ყოველთვის ჰქონდა და ექნება.”


საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ამბობს, რომ ბანკი არ აპირებს სავალუტო რეზერვების განიავებას: 


“არ ვაპირებთ სავალუტო რეზერვების განიავებას. ეს არის არასწორი გადაწყვეტილება და ხშირ შემთხვევაში დამღუპველი, რაც მსოფლიო ისტორიაში არაერთხელ დადასტურებულა. მინდა ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ სავალუტო რეზერვი არ არის ჩემი და ეროვნული ბანკის საკუთრება. ეს არის ჩვენი მოქალაქის და შვილების მატერიალური დოვლათი”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი