ახალი ამბები

პარლამენტმა მინისტრებს ნდობა გამოუცხადა

9 მაისი, 2015 • • 985
პარლამენტმა მინისტრებს ნდობა გამოუცხადა

განახლებულ მინისტრთა კაბინეტში სამი ახალი მინისტრია – თავდაცვის მინისტრის პოსტზე თინა ხიდაშელი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების თანამდებობაზე გიგლა აგულაშვილი და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი. 
ყველა სხვა მინისტრი დაკავებულ თანამდებობაზე რჩება. უცვლელია პრემიერ-მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილი. 


მთავრობისადმი ნდობის გამოცხადების აუცილებლობა მას შემდეგ გაჩნდა რაც მთავრობის შემადგენლობა 1/3 – ით განახლდა. აპრილის ბოლოს ორი მინისტრი ერთდროულად შეიცვალა – გარემოს დაცვის და სპორტის მინისტრები. ირაკლი ღარიბაშვილმა ახალი მინისტრების წარდგენისას შეცვლილი მინისტრების გარდა, ახალი კანდიდატურა წამოაყენა თავდაცვის მინისტრის პოზიციაზეც და მინდია ჯანელიძის ნაცვლად თავდაცვის მინისტრად თინა ხიდაშელი დაასახელა. ხოლო გარემოს დაცვის მინისტრად გიგლა აგულაშვილი, სპორტის მინისტრად კი ტარიელ ხეჩიკაშვილი დაასახელა.  პრემიერ–მინისტრმა პრეზიდენტსა და პარლამენტს თხოვნით მიმართა, რომ მთავრობის ახალი შემადგენლობის ნდობის გამოცხადების პროცესი დაჩქარებულიყო, თუმცა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრემიერ–მინისტრს  კიდევ ერთი კვირა განუსაზღვრა განახლებული მთავრობის წარსადგენად. 

 

მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებამდე პარლამენტმა დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყვიტა  თინა ხიდაშელსა და გიგლა აგულაშვილს, რადგან მათ ერთდროულად მინისტრისა და დეპუტატის თანამდებობა ეკავათ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი