ახალი ამბები

ევროკომისია: საქართველო ძირითადად ასრულებს ვიზალიბერალიზაციის გეგმის მეორე ფაზის ნიშნულებს

8 მაისი, 2015 • • 1293
ევროკომისია: საქართველო ძირითადად ასრულებს ვიზალიბერალიზაციის გეგმის მეორე ფაზის ნიშნულებს

ევროკომისიამ საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე ფაზით გათვალისწინებული ნიშნულების შესრულება დადგენილი მეთოდოლოგიის მიხედვით შეაფასა, ამისთვის კომისიამ შემფასებელი მისიებისა და საქართველოს მიერ ევროკომისიისთვის მიწოდებული მონაცემები და დოკუმენტები გამოიყენა:

 

“საქართველომ მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწია სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის 4 ბლოკის ფარგლებში. ეს მეტყველებს ქვეყნის ძლიერ მონდომებასა და გაწეული ძალისხმევის მასშტაბზე.  ზემოთ ხსენებული 4 ბლოკის ფარგლებში საქართველოს მიერ რეფორმების განხორციელების პროცესის და შედეგების  სიღრმისეულმა ანალიზმა ცხადყო, რომ ზოგადად საკანონმდებლო ჩარჩო, ისეევე როგორც ინსტიტუციური თუ ორგანიზაციული პრინციპიების და პროცედურების ერთიანობა, შეესაბამება საუკეთესო ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს, ამიტომ ევროკომისია თვლის, რომ საქართველო ძირითადად ასრულებს  სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე ფაზის ნიშნულებს”, – ვკითხულობთ ანგარიშის ბოლო ნაწილში, საერთო შეფასებებისა და შემდგომი ნაბიჯების თავში. 

 

გასული თვეების განმავლობაში საქართველოს მიერ გაწეული მნიშვნელოვანი წინსვლის გათვალისწინებით, ევროკომისია აცხადებს, რომ მზადაა გადმოსწიოს შემდგომი ანგარიშის ვადები, თუკი გაგრძელდება სწრაფი წინსვლა იმ ნიშნულებისა და მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც წინამდებარე ანგარიშში და სამუშაო დოკუმენტშია აღწერილი

 

“თუმცა საქართველომ უნდა გააგრძელოს ძალისხმევა ამ ანგარიშში მოცემული რეკომენდაციების შესასრულებლად. ასევე მნიშვნელოვანია, რომ გაიმართოს მიზანმიმართული საინფორმაციო კამპანია, სადაც განმარტებული იქნება უვიზო მიმოსვლით სარგებლობის უფლებები და მოვალეობები და ის წესები, რომლებიც ევროკავშირის შრომის ბაზარზე წვდომას არეგულირებს. ამ ანგარიშში მოცემული რეკომენდაციების შესრულება  საშუალებას მისცემს საქართველოს, შეასრულოს სამოქმედო გეგმის მეორე ფაზით გათვალისწინებული ყველა ნიშნული. ევროკომისია  გააგრძელებს მონიტორინგს და ყველაფერს გააკეთებს საქართველოს მხარდასაჭერად, ასევე, 2015 წლის ბოლოსთვის მოამზადებს პროცესის მიმდინარეობის შესახებ ანგარიშს”,– ნათქვამია ანგარიშში.

მასალების გადაბეჭდვის წესი