ახალი ამბები

დღეს პარლამენტი მთავრობის ნდობის გამოცხადებაზე იმსჯელებს

8 მაისი, 2015 • 942
დღეს პარლამენტი მთავრობის ნდობის გამოცხადებაზე იმსჯელებს

დღის წესრიგის მთავარი თემა მთავრობის განახლებული შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხია. პრეზიდენტმა ნდობის მისაღებად მთავრობის განახლებული შემადგენლობა პარლამენტს გუშინ წარუდგინა.

 

დღის წესრიგის შესაბამისად, რიგგარეშე სხდომის პირველ საკითხად კანონმდებლები პარლამენტის წევრების, გიგლა აგულაშვილის და თინათინ ხიდაშელის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ დადგენილების პროექტებს განიხილავენ.

 

ამავე სხდომაზე დეპუტატები „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტზე მესამე მოსმენით იმსჯელებენ.

 

რიგგარეშე სხდომის ძირითადი ნაწილი კი საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამის „ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის“ განხილვას და საქართველოს მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს დაეთმობა.

 

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მანანა კობახიძემ ბიუროს წევრებს რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება გუშინ გააცნო.

 

პარლამენტი
პარლამენტი

მასალების გადაბეჭდვის წესი