ეკონომიკა

ლარში სესხების ნაწილი გაძვირდება

6 მაისი, 2015 • • 1093
ლარში სესხების ნაწილი გაძვირდება

მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 2015 წლის 6 მაისიდან 5.0 პროცენტს შეადგენს. ამასთან, მუდმივმოქმედ რეფინანსირების სესხზე საპროცენტო განაკვეთი იზრდება პოლიტიკის განაკვეთს პლუს 150 საბაზისო პუნქტამდე. 

 

კომერციული ბანკები ლარში აღებულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთს იმ მომხმარებელს გაუძვირებენ, რომელთა სესხიც რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. 

 

“ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურების ფონზე გაზრდილია ინფლაციის მოლოდინები, რაც შესაძლოა აისახოს ინფლაციის მიზნობრივი დონიდან გადახრის რისკებზე საშუალოვადიანი პერიოდისთვის. აღნიშნულის ფონზე, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი მიზანშეწონილად მიიჩნევს საპროცენტო განაკვეთის  ეტაპობრივ ზრდას წლის ბოლოსთვის 5.5 პროცენტამდე”- აცახდებენ ეროვნულ ბანკში. 

 

ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთის ზრდის რამდენიმე მიზეზს ასახელებს: 

 

აპრილში წლიურმა ინფლაციამ 2.5 პროცენტი შეადგინა. ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურების ფონზე უცხოური ვალუტით დენომინირებული სესხების მომსახურებასთან დაკავშირებული შუალედური ხარჯების ზრდის გავლენას ინფლაციაზე საწვავზე ფასების კლება ნაწილობრივ აბალანსებდა. ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში არსებული ნეგატიური ეკონომიკური ტენდენციები განაგრძობს უარყოფითი გავლენის გადმოცემას საქართველოს ეკონომიკაზე. შემცირებულია საქონლის ექსპორტი, ფულადი გზავნილები და ტურისტული შემოდინებები. თუმცა გაცვლითი კურსის ბოლოდროინდელი ცვლილება უკვე იწყებს ასახვას იმპორტის მოთხოვნაზე, რაც, თავის მხრივ, საგარეო დისბალანსის აღმოფხვრას უზრუნველყოფს და ადგილობრივ მოთხოვნას უწყობს ხელს. წინასწარი ინფორმაციით, პირველ კვარტალში ეკონომიკური აქტივობა პროგნოზირებულზე მაღალი იყო. მიუხედავად ამისა, აპრილში გამოიკვეთა დაკრედიტების მნიშვნელოვანი შენელება. მიმდინარე პროგნოზის მიხედვით, ინფლაცია ზომიერად გაიზრდება სამიზნე ნიშნულამდე და 5-პროცენტიან მაჩვენებელს 2015 წლის ბოლოს მიაღწევს. 

 

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2015 წლის 1 ივლისს გაიმართება

 

2015 წლის  11 თებერვალს ეროვნული ბანკის მონეტარულმა კომიტეტმა სესხებზე რეფინანსირების განაკვეთი 4%-დან 4.5%-მდე გაზარდა

 

მარტში და აპრილში ეროვნული ბანკის მონეტარულმა კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელი დატოვა. 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი