ახალი ამბები

გარემოს დაცვის სამინისტრო რეგიონებსა და ქალაქებში ხეებს ერთიანი სისტემით მოუვლის

6 მაისი, 2015 • • 969
გარემოს დაცვის სამინისტრო რეგიონებსა და ქალაქებში ხეებს ერთიანი სისტემით მოუვლის

მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა  განაცხადა, რომ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ფონდთან ერთად შემუშავებული დოკუმენტი  დაადგენს, თუ როგორ უნდა მოუარონ მუნიციპალიტეტებმა ურბანულ დასახლებებში ან ქალაქებში არსებულ მწვანე საფარს.

 

19-გვერდიან დოკუმენტში განხილულია საკითხები, რომლებიც შეეხება ხეების ვარჯის ფორმირებას, რა სიმაღლემდე უნდა გაისხლას ხეები და რა სიგრძეზე უნდა გადაიჭრას ტოტები. დოკუმენტში ასევე განხილულია, როგორი ტოტები საჭიროებენ მოჭრას და გამხმარი ტოტები როგორ უნდა მოიჭრას ისე, რომ ხე არ დაზიანდეს.

 

დოკუმენტში დადგენილია, რომ  პროფილური ჭრა, რომელიც განათების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად,  უნდა ჩატარდეს მხოლოდ 2-3 წელიწადში ერთხელ, ხოლო ხეებისთვის საჭირო განათების მისაღებად ჭრები თანდათან უნდა განხორციელდეს. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ გზების გასწვრივ დარგულ ხეებს უნდა შეუნარჩუნდეს ვარჯის სიდიდის მინიმუმ ნახევარი. სამანქანო ზონაში უსაფრთხოების მიზნით, ხის  ქვედა ტოტები უნდა გადაიჭრას 4.5 მეტრის სიმაღლეზე, ხოლო საფეხმავლო ზონაში- 2.5 მეტრის სიმაღლეზე.

 

გიგლა აგულაშვილმა განაცხადა, რომ დოკუმენტი არ არის სავალდებულო ხასიათის და მას რეკომენდაციების  ფორმა აქვს.  მისი თქმით, აღნიშნული დოკუმენტი გაეგზავნება ყველა მუნიციპალიტეტს, მათ შორის თბილისის მუნიციპალიტეტსაც. მინისტრის თქმით, დოკუმენტის განხილვის პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციები და ყველა დაინტერესებული პირი იქნება ჩართული.


კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციის ქსელის (CENN) თბილისის შტაბის დირექტორის, ნანა ჯანაშიას თქმით, მუნიციპალიტეტებში ხეების მოვლა-პატრონობის შესახებ ცოდნა დაბალია და ეს დოკუმენტი ხელს შეუწყობს ერთიანი სტანდარტის დამკვიდრებას  ჯანაშიას თქმით, ორგანიზაცია აპირებს, რომ მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს ჩაუტაროს ტრენინგები და სემინარები ამ საკითხზე.


გიგლა აგულაშვილის ბრიფინგი. ფოტო: გარემოს დაცვის სამინისტრო
გიგლა აგულაშვილის ბრიფინგი. ფოტო: გარემოს დაცვის სამინისტრო

 

მასალების გადაბეჭდვის წესი