ახალი ამბები

უსუფაშვილი: 19-წევრიან მთავრობაში მხოლოდ ერთი რესპუბლიკელი მისაღები და ნორმალური იყო?

5 მაისი, 2015 • • 949
უსუფაშვილი: 19-წევრიან მთავრობაში მხოლოდ ერთი რესპუბლიკელი მისაღები და ნორმალური იყო?

უსუფაშვილის თქმით, იგი ზემოხსენებულ კითხვას იმ ადამიანებისთვის სვამს, ვისთვისაც აღმასრულებელ ხელისუფლებაში რესპუბლიკელების ხვედრითი წილის გაზრდა დიდი ამბავი იყო:

 

“როგორ და ასე, ბატონებო და ქალბატონებო. როდესაც მთავრობა პირველად შეიქმნა, მაშინ მხოლოდ ერთი რესპუბლიკელი მინისტრი იყო, რამდენი თავისუფალი დემოკრატი მინისტრი იყო? – 5”, – განაცხადა მან.


რაც შეეხება კოალიციის სხვა სუბიექტებს, რომელთა არც ერთი წარმომადგენელი არ ფლობს მინისტრის პორტფელს, საუბარია კონსერვატორებზე, მრეწველებზე, უსუფაშვილი ამბობს:

 

“კოალიციის სხვა სუბიექტებს ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია და როლი აქვთ, მაგრამ მე არ მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილს თავიდან რამე არასერიოზული განცხადება გაეკეთებინა. როდესაც პოლიტიკაში მოვიდა, თქვა, მე მოვდივარ პოლიტიკაში, შევქმნი პოლიტიკურ პარტიას და გავაკეთებ ამას და ამას. მან განაცხადა, რომ ამ პოლიტიკურ პროცესში მთავარ პოლიტიკურ პარტნიორებად ვირჩევ რესპუბლიკელებს, თავისუფალ დემოკრატებს. იყო ეს ასე? ყველას ძალიან კარგად გვახსოვს. სტრატეგიული თანამშრომლობა და პასუხისმგებლობის აღება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ საწყის ეტაპზე არ გვქონია პროტესტი იმის გამო, რომ მხოლოდ ერთი მინისტრი  და ერთი მოადგილე [გვყავდა] 2,5 წლის განმავლობაში, 500-მდე მაღალი თანამდბეობის სხვა პირებს შორის არც ერთი რესპუბლიკელი არ იყო. ამის გამო არსად გვიჩივლია და წავსულვართ. ახლა, როცა პასუხისმგებლობის აღება უფრო მეტი გახდა საჭირო, თავისუფალი დემოკრატები წავიდნენ. ჩვენი აზრით, ეს არის ჩვენი აუცილებელი შენატანი კოალიციის დღევანდელი და მომავალი განვითარებისთვის და ეს არის მეტი პასუხისმგებლობა”, – თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ.


მისივე თქმით, არავის უნდა გაუკვირდეს, თუ პარტიას პოლიტიკური პასუხისმგებლობის გაზრდა სურს, რადგან პარტიას ისევე უნდა მეტი პასუხისმგებლობა ხელისუფლებაში, როგორც ბიზნესმენს შემოსავალი და ტელევიზიას რეკლამა.

მასალების გადაბეჭდვის წესი