ახალი ამბები

საგარეო უწყება ენგურზე პაციენტის გარდაცვალების ფაქტის გამო შეშფოთებას გამოთქვამს

5 მაისი, 2015 • • 914
საგარეო უწყება ენგურზე პაციენტის გარდაცვალების ფაქტის გამო შეშფოთებას გამოთქვამს

უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ გუშინ, 4 მაისს მომხდარი ფაქტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს “საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ სავალალო მდგომარეობას”.

 

“საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან არაერთი მოწოდების მიუხედავად, რუსეთის საოკუპაციო ძალები განაგრძობენ ადამიანის უფლებების, მათ შორის თავისუფალი გადაადგილების უფლების უხეშ დარღვევას, რასაც ხშირ შემთხვევაში რიგითი მოქალაქეების სიცოცხლე ეწირება. შექმნილი ვითარება განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ადგილზე მონიტორინგის საერთაშორისო მექანიზმების არარსებობის ფონზე. საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას კვლავ არ ეძლევა მანდატის შესაბამისად ოკუპირებულ ტერიტორიებზე მონიტორინგის, ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს – ადგილზე ვიზიტის განხორციელების შესაძლებლობა”, – წერია სამინისტროს განცხადებაში.

 

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, როგორც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას, პატივი სცეს აღნიშნულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს და არ მოახდინოს ჰუმანიტარული საკითხების პოლიტიზება.


ქართული მხარის ცნობით, 4 მაისს, თბილისი დროით დაახლოებით 14:30 საათზე აფხაზეთიდან 13 წლის პაციენტი, მწვავე ნაწლავური გაუვალობით, ენგურზე მესაზღვრეებმა არ გამოატარეს, რის გამოც პაციენტი გზაშივე დაიღუპა.

 


მასალების გადაბეჭდვის წესი