ახალი ამბები

საგარეო საქმეთა სამინისტროში სომხეთის ელჩი განმარტებებისთვის მიიწვიეს

4 მაისი, 2015 • • 1202
საგარეო საქმეთა სამინისტროში სომხეთის ელჩი განმარტებებისთვის მიიწვიეს

საგარეო საქმეთა სამინისტროში სომხეთის ელჩი საქართველოში 2015 წლის 4 მაისს მივიდა. სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიგი გიგიაძემ უკიდურესი შეშფოთება გამოხატა სომხეთის ეროვნული კრების თავმჯდომარისა და ცხინვალის რეგიონში მოქმედი რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლის, ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრის ფაქტთან დაკავშირებით

 

გიგი გიგიაძემ აღნიშნა, რომ მომხდარი ფაქტი ეწინააღმდეგება საქართველოსა და სომხეთს შორის ტრადიციულად არსებულ მეგობრულ სულისკვეთებას და ზიანს აყენებს ორმხრივ ურთიერთობებს.

 

სამინისტროს ცნობით, მინისტრის მოადგილემ ასევე გაკვირვება გამოხატა გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ შეხვედრა ატარებდა არაოფიციალურ ხასიათს და აღნიშნა, რომ მეგობარი სახელმწიფოს ოფიციალური პირების მხრიდან საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან ნებისმიერი ხასიათის კომუნიკაცია ქართული მხარისათვის სრულიად მიუღებელია.

 

სომხეთის ელჩმა წუხილი გამოთქვა მომხდართან დაკავშირებით და განაცხადა, რომ საქართველოს პოზიცია  დაუყოვნებლივ ეცნობება ერევანს, აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

 

სომხეთის პარლამენტის ცნობით, სომხეთისა და სამხრეთ ოსეთის პარლამენტების თავმჯდომარეებს შორის შეხვედრა შედგა. თუმცა, სომხეთის ეროვნული კრების პრესსამსახურის ცნობით, ეს იყო კერძო ხასიათის შეხვედრა.

საგარეო საქმეთა სამინისტრო
საგარეო საქმეთა სამინისტრო

მასალების გადაბეჭდვის წესი