ახალი ამბები

პოლიტიკური ნიშნით დათხოვილი პედაგოგები – სპეციალური კომისიის შედეგები

4 მაისი, 2015 • • 1132
პოლიტიკური ნიშნით დათხოვილი პედაგოგები – სპეციალური კომისიის შედეგები

კომისიამ, რომელიც 2 წლის განმავლობაში მუშაობდა, საჯარო სკოლებისა და საგანმანათლებლო რესურს-ცენტრებიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების შესაძლო შემთხვევების 830 განცხადება მიიღო. აქედან 279 განცხადება კომისიამ დაუშვებლად ცნო, რადგან მათი განხილვა კომისიის კომპეტენციაში არ შედიოდა. 500 განცხადებაში ხარვეზი იყო და კომისიამ განმცხადებელს მოსთხოვა კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენა, აქედან ხარვეზი 277-მა განმცხადებელმა გამოასწორა. საბოოლოდ, არსებით განხილვაზე 305  განცხადება გავიდა.

საბოლოო გადაწყვეტილებით კომისიამ დაადგინა, რომ 23 შემთხვევაში პირი პოლიტიკური შეხედულებების გამო გათავისუფლდა სამსახურიდან. ხოლო 70 საქმესთან დაკავშირებით კომისიამ მიიჩნია, რომ განმცხადებლის გათავისუფლებისას არსებობდა კანონდარღვევის სხვა ნიშნები. ეს საქმეები პროკურატურას გადაეცემა რეაგირებისათვის.  207 საქმეში კი არ გამოიკვეთა პოლიტიკური შეხედულებების გამო გათავისუფლების დასაბუთებული ვარაუდი ან კანონდარღვევის ნიშნები.


საჯარო სკოლებისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრების თანამშრომელთა პოლიტიკური შეხედულებების გამო სამსახურიდან გათავისუფლების საკითხების შემსწავლელი კომისიის შედეგები
საჯარო სკოლებისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრების თანამშრომელთა პოლიტიკური შეხედულებების გამო სამსახურიდან გათავისუფლების საკითხების შემსწავლელი კომისიის შედეგები

“ეს უარყოფითი გადაწყვეტილება ცალსახად არ ნიშნავს იმას, რომ ამ შემთხვევებში ადგილი არ ჰქონია პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებას ან სხვა კანონდარღვევას. უბრალოდ, კომისია გადაწყვეტილებას იღებდა წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით. იქიდან გამომდინარე, რომ მტკიცებულებების მოპოვება და წარმოდგენა ძალიან რთულია, რადგან როცა ადამიანს ათავისუფლებენ პოლიტიკური ნიშნით, მას არ ეუბნებიან, რომ პოლიტიკური ნიშნით ათავისუფლებენ, შესაბამისად, განმცხადებლებს სირთულეები შეექმნათ განცხადებების წარმოდგენისას. ამიტომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არ ნიშნავს, რომ არ იყო ასეთი ნიშანი, უბრალოდ, შეუძლებელი იყო ამ ნიშნის დადგენა”,- ამბობს ელენე ნიჟარაძე, კომისიის ერთ-ერთი წევრი.

 

კომისია აცხადებს, რომ პოლიტიკური შეხედულებების გამო სამსახურიდან ძირითადად 2011 წლის მეორე ნახევარში და 2012 წლის დასაწყისში ათავისუფლებდნენ დასაქმებულებს. კომისიის ცნობით, პოლიტიკური ხასიათის ზეწოლას განათლების სისტემაში დასაქმებულ პირებზე უმეტესად ადგილობრივი ხელისუფლებისა და ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები ახორციელებდნენ.

“ხელისუფლების წარმომადგენლები დირექტორებს უკრძალავდნენ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე სუბიექტებთან/მათთან დაკავშირებულ პირებთან ნებისმიერი სახის თანამშრომლობას, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებოდნენ. იმ სკოლებს, რომლის დირექტორებიც არ ასრულებდნენ პოლიტიკური ხასიათის დავალებებს ან/და ოპოზიციური პოლიტიკური ძალის მხარდამჭერებად მიიჩნეოდნენ, სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტი ამოწმებდა, შემოწმების შედეგად კი აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა უმრავლეს შემთხვევაში დირექტორის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი ხდებოდა”,- ვკითხულობთ კვლევაში.

მაგალითად, 2012 წლის დასაწყისში საჩხერის მუნიციპალიტეტში გაათავისუფლეს საჯარო სკოლების დირექტორები.  დირექტორების გათავისუფლება, ასოციაცია „ატუსთან” დადებულ საგრანტო ხელშეკრულებებს უკავშირდება, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ასოციაციაა:

“2011 წლის ბოლოს ადგილობრივი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების (იმერეთის გუბერნატორის მოადგილე, საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელი) მხრიდან დიდი დაინტერესება გამოიწვია ასოციაცია „ატუ“-სთან დირექტორების მიერ საგრანტო ხელშეკრულების გაფორმების საკითხმა. ხელისუფლების წარმომადგენლები დირექტორებთან შეხვედრებზე კატეგორიულად მოითხოვდნენ, სკოლებს შეეწყვიტათ ხელშეკრულებები ასოციაცია „ატუ“-სთან. მიზეზად სახელდებოდა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური შეხედულებები, რომელიც აღნიშნულ ორგანიზაციასთან დაკავშირებულ პირად მიიჩნეოდა და ამ ორგანიზაციასთან თანამშრომლობას ხელისუფლება დირექტორების მხრიდან ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ მხარდაჭერად აღიქვამდა. მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში დირექტორებს სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებოდნენ”,- ვკითხულობთ ანგარიშში.

საჩხერის მუნიციპალიტეტის 5 საჯარო სკოლის დირექტორმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა მოთხოვნის მიუხედავად საგრანტო ხელშეკრულება მაინც გააფორმა ასოციაცია „ატუ“-სთან და ისინი გაათავისუფლეს.

პოლიტიკური ნიშნის გარდა, კომისიამ აღმოაჩინა კანონდარღვევით გათავისუფლების სხვა შემთხვევები. მაგალითად, 9 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა  2010 წლის ნოემბერში მონაწილეობა მიიღეს საატესტატო გამოცდების წინააღმდეგ მოწყობილ აქციაში. ანგარიშის თანახმად, ამ აქციაში მონაწილეობის გამო სკოლების დირექტორებმა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის მხრიდან განხორციელებული ზეწოლის გამო პირადი განცხადებით დატოვეს სამსახური.

გარდა ამისა, ანგარიშში წერია, რომ უკანონო გათავისუფლებისთვის აუდიტის სამსახურსაც ხშირად იყენებდნენ:

“სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი (ირაკლი ანდრიაშვილი) იბარებდა საჯარო სკოლის დირექტორებს. ანდრიაშვილთან შეხვედრამდე, სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში შესვლამდე, დაბარებულ დირექტორებს ამოწმებდნენ (ჩხრეკდნენ) და ხორციელდებოდა პირადი ნივთების ჩამორთმევა. შემოწმების შემდეგ დაცვის თანამშრომელი დირექტორებს აცილებდა ირაკლი ანდრიაშვილის კაბინეტამდე. იქ დირექტორებს ხვდებოდა უშუალოდ შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი და მათ სთხოვდა, დაეწერათ პირადი განცხადება სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე. ხშირ შემთხვევაში განმცხადებელს ახვედრებდნენ სამსახურიდან წასვლის თაობაზე უკვე გამზადებულ განცხადებას, რომელზეც მას მხოლოდ ხელი უნდა მოეწერა”, – ვკითხულობთ ანგარიშში.


რატომ ვერ მოახერხეს განმცხადებლებმა საჭირო მტკიცებულებების წარდგენა, რათა მათი უკანონო გათავისუფლება დაემტკიცებინათ. ლია მუხაშავრია ამბობს, რომ ეს ძირითადად ძველი შრომის კოდექსის იმ მუხლს უკავშირდება, რომელიც დამსაქმებელს უხსნიდა ვალდებულებას გათავისუფლების შემთხვევაში დაქირავებულისთვის განემარტა გათავისუფლების მიზეზები. შედეგად, მათ არავითარი დოკუმენტაცია არ მოეპოვებოდათ:

 

“იმ პერიოდში მოქმედებდა შრომის კოდექსის 37-ე მუხლი, რომელიც ადმინისტრაციას სრულ თავისუფლებას აძლევდა  ყოველგავარი დასაბუთებისა  და საფუძვლის გარეშე ხელშეკრულება შეეწყვიტა თანამაშრომელთან. ეს მიზეზი იყო დიდწილად გათავისუფლების შემთხვევების 90-%-ში. როდესაც ადამიანი ამბობდა, რომ არ ეკუთვნოდა გათავისუფლება, ვერაფერს ვერ ვაკეთებდით”,- ამბობს ლია მუხაშავრია, კომისიის ერთ-ერთი წევრი.

 

იმ ფაქტზე, რომ პოლიიტიკური ნიშნით გათავისუფლების მხოლოდ 23 შემთხვევა დადასტურდა, საუბრობს განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე. 

 

“იმ ადამიანებს, რომლებიც კანონდარღვევით არიან გათავისუფლებული და მათთან ვერ გამოიკვეთა პოლიტიკური ნიშანი, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ მათ დოკუმენტაცია არ ჰქონდათ, ჩვენ ამ ადამიანების საქმე შევკარით და უახლოეს მომავალში გადავაგზავნით შესაბამის ორგანოებში და ამ ადამიანებს გაუჩნდებათ საფუძველი, რომ წავიდნენ და საკუთარი უდანაშაულობა დაამტკიცონ,” – ამბობს სანიკიძე.

 

მისივე თქმით, 23-ვე მათგანი აღდგენილია და მუშაობს, თუმცა ყველა იმ პოზიციაზე არ აღუდგენიათ, რაც გათავისუფლებამდე ეკავათ.

 

საჯარო სკოლებისა და საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების თანამშრომელთა პოლიტიკური შეხედულებების გამო სამსახურიდან გათავისუფლების საკითხების შემსწავლელი კომისია 2012 წლის დეკემბერში შეიქმნა და მასში 7 არასამთავრობო ორგანიზაცია იყო ჩართული. კომისიის საქმიანობაში ასევე მონაწილეობდა სახალხო დამცველის აპარატი.

მასალების გადაბეჭდვის წესი