სამართალი

პორნოგრაფიის უკანონოდ გავრცელების აღკვეთა, თუ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა?

4 მაისი, 2015 • 2858
პორნოგრაფიის უკანონოდ გავრცელების აღკვეთა, თუ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა?

იურისტები, რომელთაც “ნეტგაზეთი” ესაუბრა, ამ საქმეზე ბრალდებული 40 ადამიანის მიმართ წაყენებული ბრალის უკანონობაზე საუბრობენ. მათი თქმით, კანონმდებლობა არ განსაზღვრავს, თუ რა ითვლება პორნოგრაფიის უკანონო გავრცელებად.

 

შსს–ში განმარტავენ, რომ 40–ვე ბრალდებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 255–ე მუხლის პირველი ნაწილით აქვთ წაყენებული, რაც პორნოგრაფიული ხასიათის ნაწარმოების უკანონოდ დამზადება/გავრცელებას გულისხმობს. გამოძიება კი 255–ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით მიმდინარეობს (მეორე ნაწილი არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება/შენახვა/გავრცელებას მოიცავს). 

 

როგორც შსს–ს მიერ გავრცელებულ მასალაშია აღნიშნული, ბრალდებულებმა შემოსავლის მიღებისა და ვებ-საიტების პოპულარიზაციის მიზნით, მოიპოვეს პორნოგრაფიული, მათ შორის, არასრულწლოვანთა გამოსახულების შემცველი ვიდეოფაილები, რომლებიც შემდეგ საჯარო ვებ–საიტებზე ატვირთეს.

 

“საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას” გამგეობის წევრი, იურისტი გიორგი მშვენიერაძე ამბობს, რომ დღეს საქართველოში ამ მუხლით ადამიანის დაკავება უკანონოა. მისი განმარტებით, 255–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პორნოგრაფიული მასალის დამზადება–გავრცელება უნდა მოხდეს უკანონოდ. მაგრამ იქვე დასძენს, რომ საქართველოს კანონმედებლობა არ არეგულირებს, თუ რა უნდა ჩაითვალოს უკანონო გავრცელებად.

 

“პარალელები რომ გავავლოთ: ავიღოთ, იარაღის უკანონო ტარება. ტარების უკანონობა დასტურდება იმით, რომ გვაქვს კანონი იარაღის შესახებ, სადაც წერია, რომელი ტიპის იარაღს რა ტიპის ნებართვა ჭირდება მისი ტარებისთვის, ან რისი ტარებაა აკრძალული. ნებისმიერ რამეს რომ გავყვეთ ასე, რაც უკანონობას უკავშირდება სისხლის სამართალში, რომელიმე სხვა კანონი ადგენს რეგულაციებს მასთან დაკავშირებით,”– განმარტავს ის. 

 

მშვენიერაძის თქმით, რადგან პორნოგრაფიის მიმართ საქართველოში არანაირი რეგულაცია არსებობს, რომელიც ამას კრძალავს, შეუძლებელია პირს ბრალი ამ მუხლით წარედგინოს. 

 

ფოტო – შსს–ს ვიდეომასალიდან
ფოტო – შსს–ს ვიდეომასალიდან

 

გარდა იმ საკითხისა, თუ რა ითვლება უკანონო გავრცელებად, საიას იურისტი, გიორგი გოცირიძე ამბობს, რომ ასევე გაურკვეველია, რა უნდა განისაზღვროს პორნოგრაფიად.

 

“კანონი არ არის განჭვრეტადი და კანონით ვერ ვიგებთ, რას ნიშნავს პორნოგრაფია და რა არ უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ პორნოგრაფიის გავრცელების დანაშაული არ ჩავიდინო. კანონში ამ კითხვებზე პასუხს ვერ ვიპოვით,”– ამბობს გიორგი გოცირიძე “ნეტგაზეთთან”

 

გიორგი გოცირიძის განმარტებით, ეს რეგულაცია შეიძლება გამოიყენონ სიტყვის თავისუფლების ზომაზე მეტად შეზღუდვისთვის და ამიტომაც, შესაძლოა, გამოხატვის თავისუფლებასთანაც მოვიდეს წინააღმდეგობაში.

 

“საკონსტიტუციო სასამართლომაც, ვთვლი, რომ უნდა იმსჯელოს ამ ნორმის კონსტიტუციურიობაზე საქართველოს კონსტიტუციის 24–ე მუხლთან მიმართებაში, იმიტომ, რომ ეს არღვევს რეალურად გამოხატვის თავისუფლებას. პორნოგრაფიის გარდა, შესაძლოა გარკვეული ტიპის გამონათქვამები, გამოხატვა, ან ფოტოსურათი მოექცეს ამ ნორმის რეგულირების სფეროში და ამან შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება ზომაზე მეტად,”– განაცხადა გიორგი გოცირიძემ.

 

როგორც გოცირიძე, ასევე მშვენიერაძე, ამბობენ, რომ ამ სფეროში ერთადერთი რეგულაცია მაუწყებელთა ქცევის კოდექსია, თუმცა ის მხოლოდ ლიცენზირებულ მაუწყებლებს ეხება და შეზღუდული მოქმედების მქონე ნორმატიული აქტია.

 

შსს–ში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ ბრალდებულები აღიარებენ დანაშაულს, მათთან საპროცესო შეთანხმებები ფორმდება და ამ საქმეში ბუნდოვანება არ არსებობს:

 

“პროკურატურის გავლით, როგორც ხდება პროცედურულად, უკვე სასამართლოშია ეს საქმე და საპროცესო შეთანხმებები ფორმდება ამ პიროვნებებთან, აღიარებენ დანაშაულს, ამიტომ არანაირი ბუნდოვანება ამ საქმეში არ არის. ჩვენ არ ვეთანხმებით ამას, რომ ბუნდოვანება არის კანონმდებლობაში, მკაფიოდ არის გაწერილი ყველაფერი,”– განუცხადა “ნეტგაზეთს”  შსს-ს პრესსამსახურის უფროსის მოადგილე ვიქტორია კლიმჩევამ.

 

თუმცა, როგორც საიას იურისტმა გიორგი გოცირიძემ “ნეტგაზეთს” უთხრა, საპროცესო შეთანხმება ყველა ბრალდებულთან არ გაფორმებულა. მისი განცხადებით, საია ერთ–ერთი ბრალდებულის ინტერესებს იცავს, რომელიც თავს ბრალდებულად არ ცნობს:

 

“ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი უარს ამბობს საპროცესო შეთანხმებაზე და არ აღიარებს ბრალს,”– ამბობს გოცირიძე. 

 

გარდა ამისა, გიორგი გოცირიძე ამბობს, რომ ბრალის აღიარება არ ნიშნავს იმას, რომ ბრალდებულებს ადვოკატის დახმარება არ ჭირდებათ და  საპროცესო შეთანხმების გაფორმება არ შეუშლის ხელს საკონსტიტუციო სასამართლოში დავას. 

მასალების გადაბეჭდვის წესი