ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთის პარლამენტი: სააკიანს ბიბილოვთან კერძო ხასიათის შეხვედრა ჰქონდა

4 მაისი, 2015 • • 1241
სომხეთის პარლამენტი: სააკიანს ბიბილოვთან კერძო ხასიათის შეხვედრა ჰქონდა

“სომხეთის ეროვნული კრების თავმჯდომარის, გალუსტ სააკიანის ანატოლი ბიბილოვთან შეხვედრა იყო კერძო ხასიათის. არავითარი ოფიციალური საკითხები არ განხილულა. ორი პირის კერძო შეხვედრები არ შეიძლება აისახოს პოლიტიკურ პოზიციებზე,” – განაცხადა არსენ ბაბაიანმა, სომხეთის პარლამენტის პრესსამსახურის წარმომადგენელმა.

 

2 მაისს ცხინვალის მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია ამ შეხვედრის თაობაზე. კერძოდ, ოსური რადიოს ცნობით, სამხრეთ ოსეთის პარლამენტის თავმჯდომარე ანატოლი ბიბილოვი მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით სწორედ სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარის, გალუსტ სააკიანის ოფიციალური მიწვევით იმყოფებოდა და შეხვედრის დროს განხილული იყო ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები.

გალუსტ სააკიანისა და ანატოლი ბიბილოვის შეხვედრა, ფოტო: სამხრეთ ოსეთის პარლამენტის ვებ-გვერდი
გალუსტ სააკიანისა და ანატოლი ბიბილოვის შეხვედრა, ფოტო: სამხრეთ ოსეთის პარლამენტის ვებ-გვერდი

ოსრადიოს ცნობით, აღნიშნული შეხვედრის დროს საუბარი შეეხო 1915 წელს ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა გენოციდის საკითხსაც.

 

“როგორც სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ოსი ხალხი, რომელიც თავად გახდა საქართველოს მხრიდან გენოციდისა და ეთნიკური წმენდის პოლიტიკის მსხვერპლი, იზიარებს სომეხი ხალხის ტკივილს და გულთან ახლოს მიაქვს მისი ტრაგედია,” – ნათქვამია ოსრადიოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


ამ ინფორმაციას გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და დაავალა სომხეთის ელჩს საქართველოში აღნიშულ საკითხზე გამოერკვია ვითარება. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ ოფიციალურმა ერევანმა ამ შეხვედრის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა, თუმცა განმარტა, რომ ეს არ იყო ოფიციალური ვიზიტი.


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.


მასალების გადაბეჭდვის წესი