ახალი ამბები

საქართველოში გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის ტენდენცია იკლებს

4 მაისი, 2015 • • 2643
საქართველოში გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის ტენდენცია იკლებს

“ბავშვი ბავშვია, მაგრამ ბიჭი გვარის გამგრძელებელია, ძლიერი ადამიანი, რომელიც ყოველთვის შენს გვერდითაა. რომ დავბერდები, ჩემს გამოცდილებას მას გადავცემ და იმედია, ქვეყანას გამოადგება. გოგო თხოვდება და სახლიდან მიდის”- ეს არის ერთ-ერთი ინტერვიუს ამონარიდი 2014 წლის ხარისხობრივი კვლევიდან “გენდერული ნიშნით სქესის შერჩევა საქართველოში”, რომელიც UNFPA [გაეროს მოსახლეობის ფონდის] და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ჩატარდა. 


“ჩვენ მიერ ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ მშობლების უმეტესობას სურს იყოლიოს ერთი ვაჟი მაინც. ამის გამო ყოვეწლიურად უფრო ნაკლები გოგონა იბადება, ვიდრე ბიჭი, რაც ქალებისთვის არახელსაყრელი გარემოს შექმნას უწყობს ხელს. კვლევის თანახმად საქართველოში უკვე შეინიშნება დაბადებისას სქესთან შორის დისბალანსის კლების ტენდენცია; ეს კი ხელსაყრელი მომენტია, რომ მივიღოთ ზომები ამ ტენდენციის შესანარჩუნებლად”, – ამბობს ნიშთა სინჰამი, მსოფლიო ბანკის უფროსი ეკონომისტი და კვლევის თანაავტორი. 

 

თუკი ნორმალურ მაჩვენებლად მიიჩნევა 105 ბიჭი 100 დაბადებულ გოგონაზე, საქართველოში 2012 წლის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 112/100 იყო. 2013 წლიდან კი, მკვლევართა თქმით, მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესებულია – 109 ბიჭი 100 გოგონაზე.

 

კვლევის მიხედვითვე, საქართველოში ერთი შვილის ყოლის შემთხვევაში ოჯახების 46%-ს უპირატესობას ბიჭს ანიჭებს. ქალების 9% კი ამბობს, რომ სქესის შერჩევის მიზნით აბორტი გაუკეთებია [კვლევის მონაცემებით, შერჩევითი აბორტები მდედრობითი სქესის ნაყოფზე ორსულობის შესაწყვეტად ფართოდ გამოიყენება]. 

 

“წყვილს 3 გოგო ყავდა და მამაკაცს ეს არ მოწონდა. მას ვაჟი უნდოდა. ცოლს მეტი შვილის ყოლა არ უნდოდა. კაცი წავიდა და სხვასთან გააჩინა ვაჟი, მოიყვანა სახლში, რამაც ოჯახის დანგრევა გამოიწვია”, – ამბობს კვლევაში მონაწილე პირი.

 

“რაც უფრო სწრაფად მოხდება ტრანსფორმაციები გენდერულ დამოკიდებულებებში, მით უფრო მცირე იქნება დაბადებისას სქესთან შორის დისბალანსის საერთო შედეგები საქართველოს დემოგრაფიულ სტრუქტურაზე მომავალში. ვიმედოვნებთ, რომ კონფერენციაზე შემუშავებული რეკომენდაციების განხორციელება ხელს შეუწყობს ბოლო წლებში სქესთა შორის დისბალანსის შემცირების ტენდენციას”, – განაცხადა ლელა ბაქრაძემ, გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა. 

 

1990 წლიდან 2010 წლამდე დაბადებამდე საქართველოში 25 ათასი გოგონა “გაუჩინარდა”. კვლევაში წერია, რომ ასეთივე ტენდეციის გაგრძელების შემთხვევაში – 2020 წლისთვის ეს რიცხვი 40 ათასი, 2035 წლისთვის  – 60, ხოლო 2050 წლისთვის 80 ათასი იქნება. 

 

ამარტია სენმა სქესთა დარღვეული თანაფარდობის ფენომენს “გაუჩინარებული ქალები” უწოდა. ამ საკითხს გლობალურ დონეზე მეტი ყურადღება დაეთმო უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში, კერძოდ ჩინეთში, ინდოეთსა და სამხრეთ კორეაში. 

 

2012 წლის გენდერული თანასწორობისა და განვითარების ანგარიშის თანახმად, ყოველ წელს 60 წლამდე ასაკის 3.9 მილიონი ქალი მოიაზრება “გაუჩინარებულად”.

 

გაეროს მოსახლეობის ფონდის 2012 წლის ანგარიშის მიხედვით “დაბადებისას სქესთა დისბალანსის” შესახებ გაუჩინარებული ქალების რაოდენობა 117 მილიონია. მნიშვნელოვანი წვლილი, როგორც ანგარიშშია ნათქვამი, ამ გლობალურ მონაცემებში სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსაც მიუძღვის. 

  

“ბოლო წლებში ამ დისბალანსის კლების ტენდეცია აღინიშნება. ბოლო მონაცემების მიხედვით, ამჟამად ის 1.10 ზე ნაკლებია – 110 ვაჟი ყოველ 100 გოგონაზე, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ეს ნიშნული ნორმალურ ზღვარს უახლოვდება”, – წერია ანგარიშში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი