ახალი ამბები

ივანიშვილი: ყიფიანმა უპრეცედენტოდ ღირსეული ნაბიჯი გადადგა

3 მაისი, 2015 • 1074
ივანიშვილი: ყიფიანმა უპრეცედენტოდ ღირსეული ნაბიჯი გადადგა

”ყველაზე მოკლედ შეიძლება შევაფასოთ ეს [მინისტრთა კაბინეტის განახლება], რომ ნორმალური პროცესია. პროცესია თვითონ: ზოგიერთი მინისტრი მიდის თავისი ნებით, ზოგიერთი – ჯანმრთელობის გაუარესებასთან დაკავშირებით. ერთ-ერთი მათგანმა, ყიფიანი… მე მგონი, რომ უპრეცედენტოდ ღირსეული ნაბიჯი გადადგა. ადრე თუ მინისტრები საზოგადოებაზე აკეთებდნენ რეაგირებას, მან საკუთარი გუნდის წევრებს გაუწია ანგარიში. იქ ელემენტარული შეუთანხმებლობა მოუვიდა მას საკუთარი გუნდის წევრებთან. ამ მიზეზით გადადგომაც ძალიან კულტურული მოვლენაა და ძალიან ღირსეული ნაბიჯია ჩვენი ახალი პოლიტიკის ისტორიაში,” – განაცხადა ივანიშვილმა გადაცემა 20/30-ში საუბრისას.

 

ივანიშვილის თქმით, მინისტრების შეცვლა საინტერესო და ჯანსაღი პროცესია და ცდილობენ, რომ ამას დამატებითი აჟიოტაჟი შესძინონ:

 

”მე მგონი, რომ ძალიან ჯანსაღი და ნორმალური პროცესია მინისტრების განახლება. ესეც სიახლეა ჩვენი პოლიტიკის ისტორიაში. ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს და მათზე უფრო ადრე, როგორც იცით, მსგავსი პროცესები პარლამენტთან არ თანხმდებოდა. ძალიან საინტერესო პროცესია. საპარლამენტო მმართველობაში ვართ, პარლამენტმა უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება. პროცესია, ჯანსაღი პროცესია.”

 

სპორტისა და ახალგაზრდობის ყოფილი მინისტრი, ლევან ყიფიანი თანამდებობიდან 29 აპრილს გადადგა. მინისტრის რანგში ყიფიანის საქმიანობასთან დაკავშირებით პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საკითხთა კომიტეტმა უკმაყოფილება არაერთხელ გამოთქვა. 

 

 

ყიფიანი მეშვიდე მინისტრია, რომელიც პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის პირობებში ნდობის გამოცხადების შემდეგ შეიცვალა.

 

2014 წლის ზაფხულიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც მთავრობის შემადგენლობა პარლამენტის ხელახალი ნდობა მიიღო, მინისტრთა კაბინეტი ზუსტად 7-მა მინისტრმა დატოვა: ირაკლი ალასანიამ, ალექსი პეტრიაშვილმა, მაია ფანჯიკიძემ, ალექსანდრე ჭიკაიძემ, დავით შავლიაშვილმა, ელგუჯა ხოკრიშვილმა და ლევან ყიფიანმა. ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც “ქართული ოცნების” მთავრობა 7 მინისტრს ცვლის და პარლამენტში ნდობის მოსაპოვებლად მიდის. პირველი ასეთი პრეცედენტი 2014 წლის ივლისში დაფიქსირდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი