ახალი ამბები

თინა ხიდაშელი საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრებს სამინისტროში იწვევს

3 მაისი, 2015 • 1354
თინა ხიდაშელი საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრებს სამინისტროში იწვევს

“ერთ–ერთი პირველი, რასაც ვგეგმავ, არის ის, რომ მე მინდა, თავდაცვის ყველა ყოფილ მინისტრს, ვინც საქართველოში იმყოფება და პროკურატურის აღრიცხვაზე არ არის აყვანილი, ვთხოვო, რომ  მობრძანდნენ თავდაცვის სამინისტროში და ჩვენ ერთგვარი კლუბივით შევქმნათ, სადაც ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებზე პერიოდულად ერთად ვისაუბრებთ ხოლმე. იმიტომ, რომ ერთ რამეში ვარ ღრმად დარწმუნებული, რომ იმის მიუხედავად, როდის რა ხელისუფლება იყო, საქართველოში თითქმის ყოველთვის თავდაცვის ყველა მინისტრის მთავარი ამოცანა და ოცნება იყო საქართველო ნატოში,”– განაცხადა ხიდაშელმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში.


თავდაცვის მინისტრის პოსტზე ხიდაშელის დანიშვნის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრძანება 1 მაისს გამოსცა. ხიდაშელი პოსტზე მინდია ჯანელიძეს ცვლის, რომელმაც, თავის მხრივ, “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია ჩაანაცვლა.


ღარიბაშვილმა ხიდაშელის გარდა კიდევ 2 მინისტრის – გარემოს დაცვის მინისტრის, გიგლა აგულაშვილის და სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, ტარიელ ხეჩიკაშვილის ბრძანებები გამოსცა.  პროცედურულად, ღარიბაშვილი მთავრობის განახლებულ შემადგენლობას პრეზიდენტს წარუდგენს, რომელიც ნდობის მოსაპოვებლად პარლამენტს მიმართავს. ღარიბაშვილის მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცესის დასრულებას დაჩქარებული ტემპით ითხოვს და განაცხადა, რომ მზად არის, პარლამენტარების შეკითხვებს დღესვე უპასუხოს, თუმცა პრეზიდენტმა მთავრობის განახლებული შემადგენლობის წარდგენა ერთი კვირით გადადო.

მასალების გადაბეჭდვის წესი