ახალი ამბები

IDFI-ს ცნობით, საქართველოს დიასპორა 1 607 000 ადამიანს აერთიანებს

1 მაისი, 2015 • • 1394
IDFI-ს ცნობით, საქართველოს დიასპორა 1 607 000 ადამიანს აერთიანებს

IDFI-ს ცნობით, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან მიწოდებული არაოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საზღვარგარეთ საქართველოდან 1 607 744 ადამიანი ცხოვრობს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.

 

ორგანიზაცია განმარტავს, რომ დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს დაზუსტებული მონაცემები არ გააჩნდა, ვინაიდან, როგორც მათ მიერ იქნა განმარტებული, საზღვარგარეთ ჩვენი თანამემამულეების დიდი ნაწილი არალეგალურად იმყოფება, შესაბამისად, ისინი არ იმყოფებიან საკონსულო აღრიცხვაზე.

 

არაოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საქართველოდან ყველაზე მეტი რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობს. მათი რაოდენობა 800 ათასს აღწევს, რომელთაგან 285 915 (2009წ.) რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა.

 

რუსეთს საბერძნეთი მოსდევს – 250 ათასიანი დიასპორით, მესამე ადგილას უკრაინაა – 150 ათასი ადამიანით. თანამემამულეების სიმრავლით ასევე გამოირჩევიან თურქეთი (100 ათასი), ამერიკის შეერთებული შტატები (80 ათასი), აზერბაიჯანი (35 000), ესპანეთი (30 ათასი), გერმანია (25 ათასი).

 

მოწოდებული 43 ქვეყნის მონაცემებიდან დიასპორის სიმცირით გამოირჩევა ავსტრალია (20), იაპონია (100), ყირგიზეთი (200), ლიტვა (300).

 

ლატვიაში, ესტონეთში, სლოვაკეთში, რუმინეთში, მოლდოვასა და ტაჯიკეთში ქართული დიასპორა შეადგეს დაახლოებით 500 ადამიანს თითოეულ ქვეყანაში, აცხადებს IDFI.

 

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ IDFI-სთვის მოწოდებულ მონაცემებში ასევე აღნიშნულია ისტორიული დიასპორის წარმომადგენელთა რიცხვი თურქეთსა და ირანში. თურქეთში მათი რაოდენობა მილიონზე მეტია, ხოლო ირანში 35 ათასს აღწევს.

 

საქართველოს საქსტატის ეროვნულმა სააგენტომ საყოველთაო აღწერის წინასწარი მონაცემები გაასაჯაროვა, რომლის თანახმადაც,  2014 წლის 5 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობა 3 729 635 ადამიანით განისაზღვრა. წინა აღწერასთან (2002) შედარებით მოსახლეობის რაოდენობა 641 900 შემცირდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი