ახალი ამბები

მთავრობა: დასანანია, რომ პრეზიდენტმა გადადო მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურა

1 მაისი, 2015 • • 924
მთავრობა: დასანანია, რომ პრეზიდენტმა გადადო მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურა

“ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, როდესაც სულ რამდენიმე დღეში, 13 მაისს, მთავრობამ თბილისში EBRD-ის ყოველწლიურ შეხვედრას უნდა უმასპინძლოს. 21-22 მაისს ტარდება რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი, რისი მოსაზადებელი ვიზიტები სწორედ მომავალ კვირას არის დაგეგმილი: ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი ბრიუსელში მიემგზავრება; ვიცე-პრემიერი კახა კალაძე -გერმანიაში; იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი – საფრანგეთში, ბელგიასა და ესტონეთში; დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი – თურქეთში; საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი – გერმანიაში, ბელგიაში, თურქეთსა და სლოვაკეთში; ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური – აზერბაიჯანში; შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური – გერმანიაში; სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, დავით ბაქრაძე – ესპანეთსა და დანიაში; საქართველოს პრემიერ-მინისტრს მომავალი კვირიდან დაგეგმილი აქვს უმნიშვნელოვანესი შეხვედრები აშშ-ის სენატის დელეგაციასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, EBRD-ის პრეზიდენტთან, გერმანიის ბუნდესტაგის წევრებთან, ატლანტიკური საბჭოს დელეგაციასთან, ასევე პრემიერი გახსნის EBRD-ის ყოველწლიურ შეხვედრას, რომელსაც 60-ზე მეტი მაღალი რანგის სტუმარი და 2 ათასზე მეტი ბიზნესმენი დაესწრება”, – წერია მთავრობის განცხდებაში.

 

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მთავრობა ემზადება რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის და სწორედ ამ ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარეობდა პრემიერ-მინისტრის მიმართვა ნდობის ხელახლა გამოცხადების პროცედურების დაჩქარებასთან დაკავშირებით.

 

“აღნიშნული გარემოებების შესახებ საქართველოს პრემიერ- მინისტრმა ჯერ კიდევ 29 აპრილს ისაუბრა, როდესაც საქართველოს პრეზიდენტს და პარლამენტს მთავრობისთვის ნდობის ხელახლა გამოცხადების პროცედურების დაჩქარების თხოვნით მიმართა. საგულისხმოა, რომ აღნიშნული გარემოებები მისაღები იყო საპარლამენტო უმრავლესობის, უმცირესობის – ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ და ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლებისთვის და, წინასწარი კონსულტაციების შედეგად, ისინი მზად იყვნენ, მთავრობისთვის ნდობის ხელახლა გამოცხადება შაბათს, 2 მაისს დაგეგმილ რიგგარეშე სესიაზე მომხდარიყო”.

 

აქვე ნათქვამია, რომ წინასწარი კომუნიკაცია იყო მთავრობის ადმინისტრაციასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის და კომუნიკაცია შედგა პრემიერსა და პრეზიდენტს შორისაც.

 

“დასანანია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა არ გაითვალისწინა ჩამოთვლილი ობიექტური გარემოებები, რითაც პროცესი ტექნიკურად შეფერხდა და ნდობის ხელახლა გამოცხადების პროცედურა ერთი კვირით გადაიდო. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოზიცია მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობასთან დაკავშირებით სრულიად ჩამოყალიბებულია და მთავრობა მზად არის, ნდობის ხელახლა გამოცხადების პროცედურა მაქსიმალურად მოკლე ვადებში დასრულდეს”. 

მასალების გადაბეჭდვის წესი