ახალი ამბები

საერთაშორისო ფოტოკონკურსი „ქოლგა“- KOLGA TBILISI PHOTO 2015 დღეს გაიხსნება

1 მაისი, 2015 • • 1966
საერთაშორისო ფოტოკონკურსი „ქოლგა“-  KOLGA TBILISI PHOTO 2015 დღეს გაიხსნება

როგორც კონკურსის ორგანიზატორების გავრცლებულ პრესრელიზში წერია, წლევანდელ ფოტოკონკურსში მონაწილეთა რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და მასში მონაწილეობა მსოფლიოს 40-მდე ქვეყნის ფოტოგრაფმა მიიღო.

 

“მონაწილეთა მრავალფეროვნებამ და ფოტოკონკურსის საერთაშორისო დონემ განაპირობა კონკურსში მიღებული ფოტოების მაღალი ხარისხი”, – წერია განცხადებაში.

 

წელს ფოტოკონკურსი შემდეგ ნომინაციებში გამოცხადდა: დოკუმენტური სერია, რეპორტაჟი, კონცეპტუალური ფოტოპროექტი, ერთი კადრი და უკვე მეორეჯერ ნომინაცია: ჯეოსელის მობილური ფოტო, ქვენომინაციებით ერთი კადრი და მობილური ფოტოსერია.

 

წლევანდელი კონკურსის გამარჯვებულები საერთაშორისო ჟიურიმ გამოავლინა და  1 მაისს,“წლის საუკეთესო ფოტოების” ჩვენებაზე დასახელდებიიან.

 

ფოტოკონკურსი “ქოლგას” საპრიზო ფონდი შეადგენს 6 000 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში და ეს თანხა ოთხ ნომინაციაში გამარჯვებულებს თანაბრად გაუნაწილდებათ.

 

“ჯეოსელის” მობილური ფოტო ნომინაციის კატეგორიაში გამარჯვებულებს (ქვენომინაციებში: ერთი კადრი და მობილური ფოტოსერია) გადაეცემათ სპეციალური პრიზი “ჯეოსელისგან” მობილური ტელეფონი Iphone 6.

 

KOLGA TBILISI PHOTO, ფოტოკონკურსი “ქოლგას” ფოტოჩვენების გარდა, 1 მაისიდან 5 მაისის ჩათვლით უმასპინძლებს 12 საერთაშორისო და ადგილობრივ ჯგუფურ და ინდივიდუალურ ფოტოგამოფენის გახსნას. ფოტოკონკურს “ქოლგის” წლის საუკეთესო ნამუშევრების ჩვენების გარდა გაიმართება შემდეგი გამოფენები: რიჩარდ ბრემის (აშშ), ქრის სასპექტის (აშშ), ოივინდ ჰიელმენის (ნორვეგია) და სოლ რობინსის (აშშ) ჯგუფურ გამოფენა “ისტორიები ამერიკიდან”; ფოტოპროექტი “ურბანული ლაბირინთი – გალერეა კოპელმანი”, საერთაშორისო კონკურსის “UNICEF-ის წლის ფოტოს ”საუკეთესო ფოტოების და რეპორტაჟების გამოფენა – “ბავშვები. მომავალი დღეს”; გამოფენა „აფრიკის ხედები“ – სააგენტო ლაიფისა და გალერეა ლიჰტბლიკის თანამშრომლობით; დორტმუნდის გამოყენებითი მეცნიერებისა და ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტების ჯგუფურ გამოფენა – „ჩვეულებრივს მიღმა“; National Geographic საქართველოს წლის საუკეთესო ფოტოების, ბრაიან გრიფინის (დიდი ბრიტანეთი) და კიმ ბადავის (აშშ) ფოტოგამოფენები.

 

ასევე, წარმოდგენილი იქნება ქართველი ფოტოგრაფების: შახ აივაზოვის, ნათელა გრიგალაშვილის და გურამ თიკანაძის პერსონალური გამოფენები. ასევე, KOLGA TBILISI PHOTO მასპინძლობს ფილიპინელი ხელოვანის მაიკლ ვინსენტ მანალოს ინსტალაციას „ქოლგის ქრონიკები V“.

 

ფოტოკვირეულის განათლების სექცია მასპინძლობს საერთაშორისო ფოტოექსპერტების 6 ვორქშოფს და საერთაშორისო ფოტოგრაფის, კურატორის, არტ კრიტიკის პორტფოლიო განხილვებს.

 

ქოლგა თბილისი ფოტო 2015-ის წარმდგენია აჭარა ნეტი, გენერალური სპონსორი: თიბისი ბანკი. სპონსორი: ჯეოსელი. მუდმივი პარტნიორი – ქალაქ თბილისის მერია და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო. მხარდამჭერები: მეიდან ჯგუფი, სადაზღვევო კომპანია „არდი“, სააგენტო ლაიფი, ბრიტანეთის საბჭო, ამერიკის საელჩო საქართველოში, თელიანი ველი, Rooms Hotel თბილისი, სასტუმრო როიალ ბატონი, პროპაგანდა კონსალტინგი და კომპანია ფოტოსამყარო. პარტნიორი მუზეუმები და გალერეები: საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, ლიტერატურის მუზეუმი, გალერეა ლიჰტბლიკი და გალერეა კოპელმანი – Kunst Werk Nippes . მედია პარტნიორები: რუსთავი2, ტაბულა, არტარეა, რადიო კომერსანტი, ჟურნალი „თიბისი“ და ნეშენალ ჯეოგრაფიკი საქართველო. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი