ახალი ამბები

მარგველაშვილი: დღეს გვყავს არმია, რომელი არმიაც აღიარებულია მთელი მსოფლიოს მიერ

30 აპრილი, 2015 • • 1087
მარგველაშვილი: დღეს გვყავს არმია, რომელი არმიაც აღიარებულია მთელი მსოფლიოს მიერ

“შეიარაღებულმა ძალებმა გაიარა ისეთი სკოლა, ისეთი წვრთნა და აქვს ისეთი მორალური მდგრადობა, რომ ნებისმიერ მომხდურს, რაც არ უნდა ძლიერი სახელმწიფო იყოს ის, დააფიქრებს, რამდენად ღირს საქართველოს ინტერესების შელახვა. ეს მიღწეულია იმ ხალხის მიერ, ვინც დღესაც იცავს საქართველოს მოსახლეობის მშვიდ ძილს. ბევრი ხელის შემშლელი ფაქტორი იყო როგორც საგარეო, ისე საშინაო მიმართულებით, მაგრამ თითოეული ჯარისკაცი ემსახურებოდა და ემსახურება მთავარს – ქართულ სახელმწიფოებრიობას და ქართველ ხალხს. ქედს ვიხრი იმ ადამიანების წინაშე, ვინც დაეცა ბრძოლის ველზე, ვინც დაკარგა ჯანმრთელობა, მაგრამ ქედს ვიხრი ასევე იმ ადამიანების წინაშე, რომლებმაც საქართველოს ძლიერებასა და დამოუკიდებლობას წლები შესწირეს. გპირდებით, მუდმივად ვიქნები თქვენს გვერდით და თქვენთან ერთად მუდმივად გავაძლიერებ საქართველოს თავდაცვისნურიანობას და იმ მტკიცე იმედს, რომელიც იცავს საქართველოს მომავალს. დღევანდელ დღეს გილოცავთ ყველას”, – მიმართა მარგველაშვილმა  სამხედროებს.

 

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, შეიარაღებული ძალები 24 წლის წინ შეიქმნა, მაშინ, როდესაც იქმნებოდა და სახეს იღებდა ახალი ქართული სახელმწიფო.

 

“ამ დროს შეიქმნა ფარი, რომელიც დაიცავდა საქართველოს საზოგადოებას და მისცემდა საზოგადოებას შესაძლებლობას, რომ განვითარებულიყო და დამოუკიდებელი გამხდარიყო. მაშინ პატრიოტული სულისკვეთებით ანთებული ადამიანები მიდიოდნენ  შეიარაღებულ ძალებში, რომ დაეცვათ ისტორიული სამართლიანობა – საქართველოს დამოუკიდებლობა და ერთიანობა.  ბევრმა ადამიანმა თავი შესწირა სახელმწიფოს, რომელსაც დღეს ვაშენებთ, ეს 24 წელი არ იყო იოლი, მაგრამ დღეს გვყავს არმია, რომელი არმიაც აღიარებულია მთელი მსოფლიოს მიერ”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

საზეიმო ღონისძიებას პრეზიდენტის ადმინისტრაციის, მთავრობის, შეიარაღებული ძალების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი